ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", რასმუსენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"მოგესალმებით! დღეს მე ვარ თბილისში, საქართველოს უმშვენიერეს დედაქალაქში. მე აქ ჩამოვედი სომხეთიდან, შემდეგ კი აზერბაიჯანში მივემგზავრები. მე ვმოგზაურობ ამ რეგიონში იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატო აფასებს ჩვენს ურთიერთობას ამ რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას", - აცხადებს რასმუსენი.
მისი თქმით, ნატო ეხმარება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმებით და მოუწოდებს მათ, რომ განაგრძონ რეფორმების გზა.
"ერთად ჩვენ გვსურს დავიცვათ სტაბილურობა ამ რეგიონში და განვავითაროთ დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. სამხრეთ კავკასიაში არის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა ის დაბლოკილია გადაუჭრელი კონფლიქტების გამო. რეგიონში დაძაბულობა უნდა შემცირდეს და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ განხორციელდეს რეგიონალური თანამშრომლობა და შერიგება. ვინაიდან დღეს ვარ თბილისში, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგულების მაგალითია. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. შემოდგომაზე საქართველო გახდება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ეს უდიდესი მიღწევაა. ამგვარად ნატო-ს და ჩვენს პარტნიორებს აქ და სამხრეთ კავკასიაში აქვთ მყარად ჩამოყალიბებული ფარგლები დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უსაფრთხოების გამოწვევებს 21-ე საუკუნეში, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშავოთ სტაბილურობის, უსაფრთხოების შესაქმნელად, რასაც ეს რეგიონი იმსახურებს", - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.