კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"

კახა კალაძე: "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა"

კახა კალაძის განცხადებით, "სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ხელისუფლებას ბრალს სდებს ქალაქში კოალიციის მხარდამჭერებზე ზეწოლაში.

ყოფილი ფეხბურთელის ინფორმაციით, "ზონდერ-ელიტას სამსართულიანი სახლი აქვს ნაქირავები ნინოშვილის ქუჩაზე, ხოლო წვრილფეხა ზონდერები განთავსებულნი არიან სასტუმრო კომპლექს "ცისკარში".

- ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩვენი მხარდამჭერები, სერგო და თემურ კიღურაძეები ყოვლად უკანონოდ დააკავეს. მათ დაკავებას ხელმძღვანელობდა ძმებ კუბლაშვილების მიერ სამტრედიის პოლიციის უფროსად ხელდასმული მათი ნათესავი, ვინმე ზვიად ობოლაძე. ხოლო პოლიციამ თავისი უფროსის თავკაცობით დაარბია კიღურაძეების ოჯახი. ოჯახის უფროსი სასტიკად სცემეს, ხოლო ქალბატონს, დიასახლისს, თავად პოლიციის უფროსმა ჩაუმტვრია კბილები.

აქვე მინდა დავამატო, რომ ზვიად ობოლაძე და თემურ კიღურაძე თანაკურსელები იყვნენ, ანუ ობოლაძემ კბილები ჩაუმტვრია თავისი თანაკურსელის დედას.

მინდა ყველა ის ხალხი გავაფრთხილო, ვინც ზონდერობს ან ობოლაძესავით ხალხზე ძალადობს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, გონს მოეგონ. თორემ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ხალხისა და კანონის წინაშე.

- რაც აქტიურად ჩაები წინასაარჩევნო კამპანიაში, მას შემდეგ რა მდგომარეობაა სამტრედიაში?

- სამტრედია ზონდერების და არშემდგარი სპორტსმენების სათარეშოდ გადაიქცა. თუმცა სულ მალე სამტრედიელები საკადრის პასუხს გასცემენ. ხელისუფლება "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ახდენს ყველანაირ ზეწოლას.

რამდენიმე სოფელში სცემეს ჩვენი მხარდამჭერები, ღამით ჩვენს აქტივისტებს აკითხავს პოლიცია, ხდება მათი დაშინება, მაგრამ სამტრედიელთა სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ვაჟკაცურად უძლებენ.

სამტრედიაში მობილიზებულია არშემდგარი სპორტსმენებისგან შექმნილი ასზე მეტი ზონდერი, "ნაციონალთა" აქტივისტებს შორის შეიმჩნევიან კრიმინალურ ავტორიტეტთა ოჯახის წევრები.

- შენი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს სამტრედიაში ათკაციანი ზონდერები ჰყავს მობილიზებული. კონკრეტულად საიდან გაქვს ეს ინფორმაცია და ვინ არიან ეს ადამიანები?

- სამტრედია პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ამ ე.წ. ზონდერ-ელიტას სამსართულიანი სახლი აქვს ნაქირავები ნინოშვილის ქუჩაზე, ხოლო წვრილფეხა ზონდერები განთავსებულნი არიან სასტუმრო კომპლექს "ცისკარში".

- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თუ გაქვს ინფორმაცია?

- ვარძელაშვილის გარდა სამტრედიის ხშირი სტუმრები არიან: უდესიანი, ნამგალაური, უზუგბაია. ისინიც ადმინისტრაციულ რესურსს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. მოუხშირა ჩამოსვლას იმერეთის გუბერნატორმა მაქაცარიამაც.

- განაცხადეთ, რომ მზად ხართ დამატებითი თანხა გადარიცხოთ ბიუჯეტში კახეთში დაზარალებულებისთვის. თუ აპირებთ ამის გაკეთებას და როგორც ცნობილია, ასევე პრეტენზია იყო იმასთან დაკავშირებით, თუ სად დაიხარჯა ის თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადარიცხა...

- დიახ, მე და ბატონი ბიძინა თანახმა ვიყავით, რომ ის უკანონო ასტრონომიული ჯარიმები გადაგვეხადა, უბრალოდ ხელისუფლებას უნდა წარედგინა ფარატინა ფურცელი, თუ სად და რაში დაიხარჯა ის 80 მლნ, რომელიც ბატონმა ბიძინამ კახეთის რეაბილიტაციის ფონდში გადარიცხა. მაგრამ მათ ეს ვერ წარადგინეს, რადგან ეს ფული არ მისულა კახელ გლეხამდე - გამგებელმა და გამგეობის თანამშრომლებმა უსირცხვილოდ მაღალი პრემიები გამოუწერეს თავიანთ თავს.

- რით არის განპირობებული თქვენი კოალიციის პირველი ნომრობა?

- ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობაა, როგორც პოლიტიკური ბლოკის წევრების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ყველანაირად ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო იმ საერთო სახალხო გამარჯვებაში, რასაც ქართული ოცნების ასრულება ჰქვია.

მარი მგალობლიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ასევე იხილეთ:

- კარალეთის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა

13-07-2012

- რატომ შეიგინა კახა კალაძემ კარალეთში - "შენი ძმა ფულის გამო დაკარგე"

13-07-2012

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა