თინა ხიდაშელი - თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებთან მიმართებაში უხეშობას ვერ გაბედავს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ

თინა ხიდაშელი - თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებთან მიმართებაში უხეშობას ვერ გაბედავს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ

თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებთან მიმართებაში განსაკუთრებული უხეშობის ჩადენას ვერ გაბედავს, ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი სენატორ ჯონ მაკკეინის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაში ის ლეგიტიმურად დამარცხებულმა პოლიტიკურმა ძალამაც გამოაცხადოს.

"მაკკეინის მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი უმარტივესია - ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დავემორჩილოთ. თუ ხელისუფლება ვერ გაბედავს ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული უხეშობის ჩადენას, ხმებს დავითვლით და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოში ბევრი რამ გვინახავს ისეთიც, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ხედავენ.

"საერთაშორისო დამკვირვებლები ბევრს ხედავენ, ბევრს ვერა. ჩვენი ამოცანაა, რომ ისინი წინასწარ, მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ, რათა შემდგომში აღარ ჰქონდეთ განცდა, რომ "რაღაცის" შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პირობებში შევძლებთ, რომ იდენტურ, ერთნაირ დასკვნებამდე მივიდეთ", - განმარტა ხიდაშელმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ეჭვი არ ეპარება იმაშიც, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მის შედეგებს "ქართული ოცნება" ამომრჩევლი და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად დაიცავს.

"გაყალბების შემთხვევაში ყველა ერთად უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად და ამისთვის ყველა სამართლებრივი პროცედურით ვიბრძოლოთ", - დასძინა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ამერიკის სენატის დელეგაცია, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

"NDI-ს, IRI-ს და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ საქართველო ოდესმე უკან დაბრუნდება, თუმცა სენატორმა მაკკეინმა გამოთქვა წუხილი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა მის შედეგებზე დავა დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა