სასკოლო წიგნების ფასს მასზე მიბმული რვეულები აორმაგებს

სასკოლო წიგნების ფასს მასზე მიბმული რვეულები აორმაგებს

სასკოლო სახელმძღვანელოების გაყიდვის წესისის ცვლილებამ მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ გაყიდვის ეს ცვლილება მათთვის უფრო მეტი სირთულის მომტანი იქნება. ამის გარდა, ისინი წიგნების ფასებსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი შეძენის საშუალება არ აქვთ.

სასკოლო სახელმძღვანელოები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით 400 სკოლასა და სავაჭრო ობიექტში გაიყიდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების წარმომადგენლებიც შეძლებენ. მათივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება.

2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასწავლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსგან უფასოდ გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი სკოლის ასაკის მოსწავლეა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მშობლებს წიგნების შეძენა საქართველოს ფოსტის მეშვეობითაც შეუძლიათ. ვებ-გვერდის ან ტელეფონის საშუალებით გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სააათის განმავლობაში მიიღებს.

"განათლებისა და მაცნიერების სამინისტროს საიტზე დაწვრილებითაა მითითებული, რომელ სავაჭრო ობიექტებსა და სკოლებში გაიყიდება წიგნები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქედანაც მიიღონ ინფორმაცია.

რაც შეეხება რეგიონებს, იმ სკოლებს, რომლებიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია, მათ სპეციალური მანქანები მოემსახურებათ. სკოლას შეეძლება შეუკვეთოს წიგნები და სახელმძღვანელოებს ადგილზე მიუტანენ. ეს მომსახურება წიგნის ფასს არ გაზრდის. ყველა დისტრიბუტორი ვალდებულია, რომ წიგნის ღირებულება არ აღემატებოდეს წიგნის უკანა გვერდზე მითითებულ ფასს.

იგივე ხდება ფოსტით სარგებლობის შემთხვევაშიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წიგნები ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით გამოიწეროს. ყველა წიგნის ფასი ჩვენს საიტზევეა მითითებული",- ამბობს გიორგი ჩახნაშვილი.

მისივე თქმით, წიგნის ფასში, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, იმ სავარჯიშო და საკონტროლო რვეულების ღირებულებაც შედის, რომლებიც წიგნებს მოყვება.

"წიგნის ღირებულებაში, რვეულების ფასი, უმეტეს შემთხვევაში შედის. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რვეული წიგნზე უფრო დიდია და მისი ფასი წიგნის ფასში ვერანაირად ვერ შევა.

მოსწავლეებს 1-6 კლასებში წინა წელს ნაქონი წიგნები გამოადგებათ. რაც შეეხება 7-12 კლასებს, მათ მომდევნო წლიდან შეეძლებათ ნაქონი წიგნებით სარგებლობა. ყველა სკოლა ვალდებულია, რომ უახლესი 5 წლის განმავლობაში წიგნები არ შეიცვალოს. ანუ, უახლოესი 5 წელი მოსწავლეებს შეეძლებათ და-ძმის წიგნებით ისარგებლონ.

ასევე, სახელმძღვანელოები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს ვაძლევთ, მათი საკუთრება არ არის. ისინი ვალდებულნი არიან სასწავლო წლის დასრულებისთანავე წიგნები სკოლას ჩააბარონ და მომდევნო წელს სკოლის ადმინისტრაცია თავად გადასცემს მათ სხვა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა თუ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. " მინისტრის მოადგილის ნათქვამს ჩვენი რესპოდენტი მშობლები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დამატებითი რვეულები, არცერთი სახელმძღვანელოს ფასში არ შედის.

მზია ნიქაბაძეს მეექვსეკლასელი შვილისთვის წელს 10-ზე მეტი წიგნის ყიდვა მოუწევს. მიუხედავად იმისა, თავად წიგნის ფასებიც არ არის დაბალი და საერთო ჯამში, მას სოლიდური თანხის გადახდა უწევს, კმაყოფილი იქნებოდა, მხოლოდ წიგნებში რომ ხარჯავდეს ფულს. თითოეულ წიგნს საშუალოდ 2-4 რვეული მოყვება, რომლის ღირებულებაც მშობელმა ცალკე უნდა გადაიხადოს.

"შარშან 10 წიგნის ყიდვა მოგვიწია და წელს კიდევ უფრო მეტი საგანი უნდა ისწავლონ. ანუ, უფრო მეტი ფულია საჭირო. პრობლემა ისაა, რომ ყველა წიგნს, მინიმუმ 2 რვეული მაინც მოყვება. ზოგს 3-4-იც კი. ცალკეა სამუშაო რვეული, ცალკე საკონტროლო, ტესტები და ა.შ. მათემატიკის წიგნს, მაგალითად, 3 რვეული მოყვება. მათი ფასი წიგნის ღირებულებაში არ შედის. სათითაოდ მათში გარკვეული თანხის გადახდა მიწევს.

ზოგი რვეული 3 ლარი ღირს, ზოგი - 2 ლარი და ა.შ. ლარნახევარზე ნაკლები არც ერთი მათგანი არ ღირს. შარშან ინგლისურის რვეულები თითო 5 ლარიც კი ღირდა. ზოგიერთი რვეულის ყიდვის აუცილებლობა სულაც არ არის, იმდენად უბრალოდ გაკეთებულია.

მაგალითად, შარშანდელ ინგლისურის წიგნს ლექსიკონისთვის განკუთვნილი რვეული მოყვებოდა. არაფერი განსაკუთრებული არ იყო, უბრალოდ ფურცლის შუაში ხაზი იყო ჩამოსმული.

მაგას მე ვერ გავაკეთებდი ჩვეულებრივ რვეულში? მაგრამ მასწავლებლები ითხოვენ, რომ ვიყიდოთ. ის რვეული ჩვეულებრივთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირი ღირდა",- აცხადებს ქალბატონი მზია "რეზონანსთან საუბრისას.

მისივე თქმით, მთლიანი კომპლექტის ყიდვა გასულ წელს 170 ლარი დაუჯდა, ახლა კი ვარაუდობს, რომ უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

"თუ წიგნი 10 ლარი ღირს, მაგას ასე 6-7 ლარი რვეულების ფასი ემატება - ზოგს მეტიც კი. საერთო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. შარშან მარტო წიგნები დაახლოებით 100 ლარი დამიჯდა და რვეულებმა ეს თანხა 150-170 ლარამდე გაზარდა. მე ერთიანად ვერ ვიყიდე და რვეულები მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილ შევიძინე, მაგრამ რა, ნაწილ-ნაწილ ყიდვა არ აზარალებს ოჯახის ბიუჯეტს? ვინც ერთიანად იყიდა 170 ლარი დაუჯდა მთლიანი კომპლექტი. წელს ალბათ მეტის გადახდა მოგვიწევს.

გარდა მაგისა, ბავშვს ათასი სხვა ნივთი სჭირდება - ფანქრები, კალმები, სახაზავები, ფარგალი და ა.შ. ჩანთაზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღარ მაქვს საუბარი",- ამბობს მზია ნიქაბაძე.

ქალბატონი ნანა კი 2 შვილის დედაა. მისი უფროსი ბიჭი მე-7 კლასელია, უმცროსი გოგონა კი მე-5. ორივე მოსწავლეს ერთად, მინიმუმ 20 წიგნის ყიდვა უწევს თავის რვეულებიანად. ქალბატონი ნანა შიშობს, რომ შვილებისთვის სახელმძღვენელოების ყიდვას ვერ შეძლებს.

"მითხარით, როგორ ვიყიდო ბავშვებისთვის დაახლოებით 300 ლარის წიგნები და რვეულები, როცა ოჯახის შემოსავალი თვეში მხოლოდ 400-500 ლარია?! მარტო წიგნებში რომ ამხელა თანხა გადავიხადო, ბავშვებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთებიც ხომ უნდათ? მერე მთელი თვე მშივრები მყავდეს?

ან ეს რვეულები რაღა უბედურებაა? კიდევ ერთი გზა გამონახეს ხალხისთვის ფულის წასართმევად?! ჩვეულებრივ რვეულებში რომ ეწერათ ბავშვებს რა მოხდებოდა? ჩვეულებრივი რვეული 40 თეთრი ღირს და წიგნებს რომ მოყვება, ისინი 3-4 ლარი.

ათჯერ ძვირი რატომ უნდა გადავიხადო? თან წიგნების უმეტესობას 3-4 რვეული მოყვება. რომ გაიძახიან წიგნები იაფია, 10 ლარზე ძვირი არ ეღირებაო, იმას რატომ აღარ ამბობენ, რომ ერთი მაგდენი რვეულებში უნდა გადავიხადოთ? ანუ, თითო წიგნი 10 ლარი კი არა, 20 ლარი ღირს!"- აცხადებს ქალბატონი ნანა.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"