გიგი უგულავა - თუ წარსულის აჩრდილები შეგვაცდენენ, ეს მომავალი თაობის წინაშე ღალატის ტოლფასი იქნება

გიგი უგულავა - თუ წარსულის აჩრდილები შეგვაცდენენ, ეს მომავალი თაობის წინაშე ღალატის ტოლფასი იქნება

მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება უახლეს ისტორიაში და გახდება გამოცდა, თუ რამდენად შეგვწევს ძალა შევინარჩუნოთ განვითარების ტემპი და მიღწევები , - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ერი გადარჩა, ვინც მომავლისთვის იბრძვის და შვილების ბედნიერებას ანიჭებს უპირატესობას. როგორც უგულავამ აღნიშნა, პატრიოტიზმი შვილების მომავლისთვის ბრძოლაა.

"თუ წარსულის აჩრდილები შეგვაცდენენ, ეს მომავალი თაობის წინაშე ღალატის ტოლფასი იქნება. ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი აუცილებლად გაუძლებს ამ ცდუნებას, რადგან ჰკითხავს თავს, ვითარდება თუ არა ქვეყანა. ამაზე დადებითი პასუხი კი იმაზე მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ჩვენი მხარდამჭერია. ადამიანებს არ სურთ წარსულში დაბრუნება. ჩვენი ხალხი არ გაჰყვება მას, ვისაც გრძელი სია აქვს იმისა, რა უნდა დაანგრიოს ჩვენი აშენებულიდან", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა მოკლედ ასეთია – "არასოდეს დავბრუნდეთ წარსულში, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს, არ დავბრუნდეთ წარსულში და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს".

როგორც უგულავამ განაცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ყველაფერი მოსწონთ და არ აკრიტიკებენ.

"ისინი უფრო უნარიან მმართველობას ითხოვენ და არა წარსულის ჭაობში დაბრუნებას, სადაც კანონიერი ქურდები ბატონობდნენ და იჩაგრებოდნენ, როცა სახელმწიფო მრავალი თვე ვერ გასცემდა ხელფასებს და პენსიებს, სადაც ძარცვა და ყაჩაღობა ყოველდღიურობა იყო. არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან რომ წარსული არ დაბრუნდება. თუ მომავლისთვის არ ვიბრძოლებთ, წარსული აუცილებლად დაბრუნდება", - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაატარონ ექსპერიმენტი პირველ ოქტომბერს.

"არ ჩავატაროთ ექსპერიმენტი მათ სასარგებლოდ, ვისაც უიმედობის მეტი არაფერი მოუტანია, ვისაც კუთხური აზროვნება აქვს, ვინც ქართლელს ვაშლის გამყიდველად მოიხსენიებს და მეგრელს და სვანს ერთმანეთისგან ასხვავებს. ვინ მოჰყავთ და ვის აბრუნებენ პოლიტიკაში - უმაქნის და სიძულვილით სავსე ადამიანებს. შეუძლებელია, ქვეყანამ ასე გარისკოს. მათ არ აკლიათ ფული და ფიქრობენ იყიდონ იმედი და ოცნება, რაც არ იყიდება. ბოლო 10 წელია, ვუყურებთ მათ უბადრუკ მცდელობას, ამოეფარონ ლეღვის ფოთოლივით – იმედსა და ოცნებას. ჩემი ოცნებაა, "ვარდების რევოლუცია" გაცილებით ადრე მომხდარიყო, რომ მეტი დრო გვქონოდა აღმშენებლობისთვის. ამიტომ გვეჩქარება სულ, რომ დრო დავკარგეთ, მაგრამ,მთავარია, არასოდეს დავბრუნდეთ უკან. ვიკამათოთ ქვეყნის მომავალზე, მაგრამ ნუ გავურიგდებით მტერს და ნუ დავბრუნდებით წარსულში", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის რა სურს და როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა