როდის ურეკავდნენ სახლში გოგა ხაინდრავას თაყვანისმცემელი გოგონები

როდის ურეკავდნენ სახლში გოგა ხაინდრავას თაყვანისმცემელი გოგონები

საკუთარ სიძლიერეს გენეტიკის წყალობად მიიჩნევს. ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ტრადიციად ექცათ პოლიტპატიმრობა. ოჯახის წინააღმდეგ პირველად მეათე კლასში წავიდა. გოგა ხაინდრავამ რამდენიმე დღე ქუჩაში გაატარა. დაოჯახება 27 წლის ასაკში გადაწყვიტა, მანამდეც იყო ურთიერთობები, სერენადები, აივანზე აძრომა. დღეს მიაჩნია, რომ მემუარების წერა ადრეა, თუმცა ვიზუალური მეხსიერების წყალობით, წარსულის დეტალებს ადვილად აღიდგენს...

- ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, დედას, მამას, სკოლის მასწავლებლებს ბევრ პრობლემას ვუქმნიდი. გაკვეთილებსაც ვაცდენდი და "შატალოზეც" დავდიოდი. კოლორიტული კლასი მყავდა, მერე ყველამ თავისი გზა ნახა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ეს სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა. დაფა ეკიდა, ვის დაუმთავრებია ეს სკოლა, მათ შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია...

- სკოლაში ყველაზე დიდ დისკომფორტს რა გიქმნიდათ?

- მოსწავლეების დასჯა, სახაზავის ჩარტყმა, თმის მოწიწკნა, კუთხეში დაყენება დიდ სიამოვნებას არ მგვრიდა, მაგრამ ამას ხშირად ვიმსახურებდით. გაკვეთილზე ვლაპარაკობდით, ცელქი კლასი მქონდა და მერვე კლასში დაგვშალეს.

- პროფესიის შერჩევაზე დიდხანს ფიქრობდით?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტით ვიყავი გატაცებული, კალათბურთს ვთამაშობდი. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ცოტა ხანს გეოლოგიურ ექსპედიციაშიც ვმუშაობდი, მანამდე - მშენებლობაზეც. ადრე გავხდი დამოუკიდებელი. კალათბურთის თამაშისას ტალონებს მაძლევდნენ და საერთო ჯამში უფრო მეტი გამომდიოდა ხელფასი, ვიდრე მამას. გეოლოგიურ ექსპედიციაში მუშაობისას სვანეთში ვიყავით, კირალი ჰქვია იმ მთას. მამა მაშინ ძალიან ცუდად იყო, ინფარქტი ჰქონდა ორჯერ გადატანილი. სვანეთში ენით აუწერელი სილამაზე ვნახე, ჩვენ ზევით ვიყავით და ქვევით წვიმდა. ღრუბლებს ზევიდან ვუყურებდით და კარავში ვცხოვრობდით. მეორე მხარეს არწივების ბუდე იყო და დურბინდით ხშირად ვუყურებდი მათ ცხოვრებას. მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ამის გადაღება შემძლებოდა. მამაჩემისნაირი რამდენი ადამიანი იყო, რომლებიც ვერასოდეს შეძლებდნენ იმ სიმაღლეზე ასვლას და მინდოდა, ამის ჩვენება მათთვის შემძლებოდა. ერთადერთი გზა რჩებოდა - კინო, 27 წლისამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.

- დამოუკიდებლად სერიოზული გადაწყვეტილება პირველად როდის მიიღეთ?

- ოჯახის წინააღმდეგ არასოდეს წავსულვარ, მაგრამ ერთხელ, მეათე კლასში სწავლისას, რამდენიმე დღით სახლიდან გავიქეცი. ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მერე მომბეზრდა ხეტიალი, ძილის, დაბანის დისკომფორტმა შემაწუხა და დავბრუნდი. თან ეს გაქცეული სკოლაშიც დავდიოდი (იღიმება). პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაოჯახება იყო.

- პოპულარული იქნებოდით ქალ­­­ბა­ტონებში...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ უყურადღებობას არასოდეს ვუჩიოდი.

- როგორ გამოხატავდნენ თქვენ მიმართ სიმპათიას, წერილებს თუ გწე­რდნენ?

- ძირითადად ღიმილით, მაგრამ წერილებიც მიმიღია. მე მგონი, ქალებსა და კაცებს ამის ძალიან ბევრი ხერხი აქვთ.

- სახლში თუ გირეკავდნენ თაყვანისმცემელი გოგონები?

- დიახ, როგორ არა, ღამე დაურეკიათ. მამა ბრაზობდა, საყვედურს მეუბნებოდა, გვიან ნუ რეკავენო. მე მეძინა, მას კი ციხეში გატარებული ბევრი წლის შემდეგ ფხიზელი ძილი ჰქონდა. უცებ ეღვიძებოდა და მერე ვეღარ იძინებდა.

- ალბათ ამის გამო, თვითკმაყოფილების მომენტი გქონდათ...

- ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, ნებისმიერი ქალის, მაგრამ განსაკუთრებულად ლამაზის.

- როგორი იყო შეყვარებული გოგა ხაინდრავა?

- ახლაც შეყვარებული ვარ (იღიმება). ბევრი რამ გამიკეთებია, სიყვარული ხომ იცით, როგორი რამეა. მარიკა 27 წლის ასაკში შემიყვარდა, მაშინ უფრო დალაგებული ვიყავი. მანამდე ბევრად მეტი თავგადასავალი მქონია, აივანზე აძრომა, სერენადები. ჩემთან ერთად კარგი მომღერლები სწავლობდნენ, დამყავდა და სერენადებს ვამღერებდი. კარგი სმენა მაქვს, მაგრამ მე სიმღერა არ მეხერხება. სხვა დრო იყო, საინტერესო, რთულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაგრამ არ მგონია, იდეოლოგიურად დღევანდელზე უარესში.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- თემურ ბაბლუანის ფილმ "ბეღურების გადაფრენაზე" ვიყავი "კინოს სახლში". უცებ ერთი საოცრად დიდთვალება, ლამაზი გოგო შემოვიდა, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დარბაზი გადაჭედილი იყო. ადგილი არ ჰქონდა და ჩემი დავუთმე, ასე გავიცანი მარიკა.

- ადვილად მოიგეთ მისი გული?

- მარიკას არაერთხელ აქვს მოყოლილი, მე რომ დამინახა, თურმე რაღაც ხმა გაიგო, ეს შენი ქმარი იქნებაო. პირველივე ნახვაზე ძალიან მომეწონა, შემდეგ უფრო ახლოს გავიცანი და ძალიან მალე დავქორწინდით.

- მაშინ ახალგაზრდები უფრო ადრეულ ასაკში ქმნიდნენ ოჯახებს, მანამდე დაოჯახებაზე არ გიფიქრიათ?

- არ მიფიქრია, თუმცა რაღაც ურთიერთობები მქონდა.

- ძალიან თავისუფალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- მამამ გამზარდა ასე, ბაბუაც თავისუფლებისმოყვარე იყო და ალბათ ასე მოგვდგამს. ჩემი შვილებიც ასე არიან. ჩემი გოგონა ახლა 18 წლის გახდა, სკოლა დაამთავრა და პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩია. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

- საზოგადოების თვალში საკმაოდ ძლიერ მამაკაცად ითვლებით, ცხოვრებამ მოგიტანათ, თუ სიძლიერე მაინც თანდაყოლილია?

- გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბაბუა 18 წლის იყო, რომ გააციმბირეს. 14 წელი სახალინზე კატორღაში იჯდა. ჩეხოვი იმ კატორღაში იყო ექიმად, სადაც ბაბუა იჯდა. ის კატორღა დოსტოევსკისაც აქვს აღწერილი თავის "მკვდარი სახლის ჩანაწერებში". ვადის მოხდის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და ჩინეთში ჩავიდა, სადაც წარმატებული და ცნობილი ადამიანი გახდა. იქ გარდაიცვალა. მამა ჩინეთში დაიბადა და გაიზარდა, შანხაიში ფრანგული უნივერსიტეტი დაამთავრა. წარმატებული პიროვნება იყო, სერიოზული ჟურნალისტი და ბაბუას ანდერძის თანახმად სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ დიდ ქალაქებში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, მერე თბილისამდე რომ ჩამოაღწია, დაიჭირეს და გააციმბირეს. ოთხი თაობა პოლიტპატიმრები ვართ. ბაბუა, მამა, ბიძა და მე... საერთოდ, მამაკაცი განსაცდელს არ უნდა ერიდებოდეს.

- როდის დადგა ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ წარსული გადააფასეთ?

- 1986-1989 წლებში ბევრი რაღაცის გადაფასება მომიხდა. ყველაზე მძიმე პერიოდი მაინც აფხაზეთის ომი იყო. ერთხელ აგუძერაში მივდიოდით და გზად რუსული თვითმფრინავიდან გვესროდნენ. უცებ მანქანას ბიჭი შემოახტა. გავაჩერეთ. აღმოჩნდა, რომ მისი მეგობარი დაჭრილიყო და გვთხოვა, საავადმყოფოში წაგვეყვანა. მთელი გზა მისი თავი ხელებზე მედო. მძიმედ იყო დაჭრილი, ძლივს სუნთქავდა, გონებას კარგავდა და ამიტომ მთელი გზა ველაპარაკებოდი. ჩქარა მივედით საავადმყოფოში, მანამდე რაციით გადავრეკეთ, რომ ექიმები მომზადებულიყვნენ. კართან საკაცე დაგვახვედრეს და დაჭრილი რომ გადავიყვანეთ, დავინახე, გარდაცვლილიყო. სამუდამოდ დამრჩა ეს განცდა. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდა იყო. ხანდახან რომ ვიხსენებ, მისი თავის სითბოს ხელებზე ისევ ვგრძნობ.

- დეპრესიული მომენტები თუ გქონიათ ცხოვრებაში?

- მძიმე წუთები ყველას გვქონია, მაგრამ ამის გამო რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი - არა.

- პატიება...

- არ ვიცი გულში ჩადება, მწყინს, მაგრამ მალე მავიწყდება. ხშირად ისეთი ადამიანებისთვის მითქვამს სალამი და გადამიკოცნია, რომ მეგობრები გამიოცებია. ცუდს არ ვიმახსოვრებ.

- ასე შეიძლება მიხეილ სააკაშვილს შეგხვდეთ, წყენა დაგავიწყდეთ და გადაკოცნოთ?

- საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა მთელ ქვეყანას დაუშავა. ბუნებრივია, მე მას ქვის სროლას არ დავუწყებ, მაგრამ ის და მისი გარემოცვა სახელმწიფო დამნაშავეები არიან. მათ დევნას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცუდი გამიკეთეს. იმდენი უღირსი, არაკაცური საქციელი აქვთ ჩადენილი, რომ არ შეიძლება, მათ მიმართ უარყოფითად არ განვეწყო. მე მათ პატივს არ ვცემ, კაცებად არ მივიჩნევ. არც ანგარიშსწორების მომხრე ვიქნები, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი, რასაც გავაკეთებ, პროკურატურაში განცხადებას შევიტან, რომ გამოიძება ჩემგან დაიწყონ, გამოძიება სააკაშვილის ხელისუფლების ყველა წევრს უნდა შეეხოს. ნიურნბერგის სასამართლოს მომხრე ვარ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი შედგეს.

- შეცდომები...

- ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, როგორც ყველა ადამიანს... ასაკში შესულს იმის განცდა უფრო ხშირად გეუფლება, რომ ჯობდა, ეს არ გაგეკეთებინა. ბევრს არაფერს შევცვლიდი, მაგრამ რაღაცებს არ გავაკეთებდი. ამას რომ ვფიქრობ, მერე ჩემს მოძღვარს ვუყვები.

- ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობთ?

- ისეთი პროფესია მაქვს, რომ ხან კი, ხან - არა. ვცდილობ, მაგრამ ძალიან რთულია. არის პერიოდები, როცა ვწყდები ეკლესიას და იმ წუთას ტყლაპოში ამოვყოფ თავს. მერე მივდივარ და ვთხოვ, იქნებ, უკან მიმიღონ.

- მემუარების დაწერაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- ერთმა გამომცემლობამ შემომთავაზა, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ იმდენად აქტიური ვარ, რომ მემუარები ადრეა. ბევრ რამეს ვინიშნავ, კამერით ვიღებ. ვიზუალური მეხსიერება მაქვს, კარგად რომ დავაკვირდები რამეს, მერე თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ. ფოტოგრაფიამ იცის ასე, მახსოვრობას ავითარებს. ეს თვისება დამეხმარა, როდესაც ცილისწამებით ციხეში ჩამსვეს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ეროვნულ ხელისუფლებაზე. ამ ეროვნულმა ხელისუფლებამ დამიჭირა 17 სექტემბერს და მერე ორი ტომი საქმე სასამართლოში გადააგზავნეს იმ ფაქტზე, რომელიც 23 სექტემბერს მოხდა. ცნობილი ევროპელი ადვოკატი ჩამოვიდა, რომელიც ევროპელმა უფლებადამცველებმა გია ჭანტურიას დასახმარებლად გამოგზავნეს. მე და გია მეგობრები ვიყავით, ერთად ვიჯექით. ადვოკატს შეხვედრისას ვუთხარი, რომ დასაცავი არაფერი მჭირდა, რადგან საქმეს რომ წაიკითხავდა, თავად მიხვდებოდა. მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, ვერ დაგიცავ, ყველანაირი საქმე მინახავს, მაგრამ ასეთი არა, სადაც პირველ ფურცელზე წერია, რომ კაცი 17 სექტემბერს დაიჭირეს და მთელი დანარჩენი საქმე 23-ში ჩადენილ დანაშაულს ეძღვნებაო. ოთხჯერ გამიგრძელეს პატიმრობის ვადა და სასამართლომ საქმე წარმოებაში ისე მიიღო, წარმოიდგინეთ, არავინ არ წაიკითხა. ასეთი იყო ის ეროვნული ხელისუფლება. პოლიტიკური ნიშნით ვიყავით დაკავებულები და ხელისუფლება, რომელიც ამ ნიშნით იჭერს უდანაშაულო ადამიანებს, არ შეიძლება, ეროვნული იყოს და ქვეყანას სიკეთე მოუტანოს. ეს დღემდე გრძელდება. ბევრს ვლაპარაკობთ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს არსებობის წესი დანაშაულზეა დაფუძნებული. სანამ საზოგადოება ეგუება, რომ დამნაშავეებმა მართონ ქვეყანა... არაფერი რომ არ ვთქვათ სააკაშვილზე, რომელიც მოშლილი ფსიქიკის ადამიანი და მძიმე ავადმყოფია. გარშემო კეთილმოსურნეები რომ ჰყავდეს, დიდი ხანია, სამკურნალოდ ეყოლებოდათ წაყვანილი. ადამიანურად ძალიან მეცოდება, ახალგაზრდა კაცია და მომავალი არ აქვს. მთელი ცხოვრება დაცინვის ობიექტი იქნება, მასხარად გაიხადა საკუთარი თავი. მოგონილ სამყაროში ცხოვრობს.

- ძალიან უყვართ ქალბატონებს, ეს რეგიონში შეხვედრებიდან ჩანს.

- არ მგონია, რომ ისინი ნორმალური ქალბატონები იყვნენ. გადახრები უნდა გქონდეს ადამიანს, რომ სააკაშვილი გიყვარდეს და მასთან ყოფნა გინდოდეს. ერთხელ თუ გაქვთ მაგ ადამიანის ჭამის პროცესი ნანახი, ეს არის სამარცხვინო მოვლენა.

- ალბათ წინასაარჩევნო შეხვედრებს თვალს ადევნებთ...

- აქედან რომ გახვალთ, არჩილ გეგენავას საარჩევნო პლაკატი შეგხვდებათ, რომელზეც წერია - "დასაქმება ყველას, ჯანდაცვა ყველას, ძლიერი სოფელი, ათასლარიანი ვაუჩერი ყველას და ავარიული სახლები". თავხედი და უგუნური უნდა იყო, რომ ასეთი რამე გაგეპაროს. ის, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს, მხოლოდ დიდ საგიჟეთშია შესაძლებელი.

იმ დღეს ტელევიზიით სააკაშვილი მოჰყვა, სტალინი ბებიაჩემის სახლში იმალებოდა და ჟანდარმერიამ რომ ალყა შემოარტყა, ბებიაჩემმა ხელი მოჰკიდა, ალყიდან გამოიყვანა და გადაარჩინაო. მერე მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ისეთი სველი ხელი ჰქონდა, შეშინებული კაცის შთაბეჭდილება დატოვაო. მე მაგის არაფერი აღარ მიკვირს, ბაბუამისს ციხე უნდა აუშენოს გორში მერაბიშვილმა, თვითონ ღრუბელ-ღრუბელ რუსებს ემალება. ახლა საფრენი ბილიკი გახსნა. ყველაფრის გახსნა გამიგია, მაგრამ ბილიკის რა უბედურებაა.

- ბატონო გოგა, "რეიტინგის" გასულ ნომერში უკრაინიდან დაბრუნებულმა გურამ პეტრიაშვილმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა თქვენი მისამართით.

- რა პასუხი უნდა გავცე გურამ პეტრიაშვილს, ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს, ნატანჯი კაცია. მასთან პოლემიკას ნამდვილად არ ვაპირებ, რაც უნდა, ის თქვას. პეტრიაშვილი მამაჩემთან მეგობრობდა და პატივს სცემდნენ თავის დროზე ერთმანეთს. ერთად ვმუშაობდით და კარგად ვიცნობ. არ დამავიწყდება, უკრაინაში ყოფნისას ერთ-ერთ თავის წერილში წერდა, დედა ჰყავთ ებრაელი და რას უნდა ელოდებოდე ძმებ ხაინდრავებისგანო. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ებრაელების, მაგრამ დედაჩემი ებრაელი არ ყოფილა. ამას კაცი რომ იკადრებს, უღირსია და უღირს კაცს პასუხს არ გავცემ. ძალიან მიყვარს ებრაელები და სულ არ მგონია, რომ ეთნიკური წარმომავლობა რამეს განაპირობებდეს ადამიანში. ყველანი ღვთის შვილები ვართ, მაგრამ როდესაც ამას იმისთვის წერ, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო... მაგის მერე გურამ პეტრიაშვილი ჩემთვის მოკვდა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"