ვანო მერაბიშვილი - ოპოზიცია ამომრჩეველს თამამ დაპირებებს ხელისუფლების მიერ 15-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის საფუძველზე აძლევს

ვანო მერაბიშვილი - ოპოზიცია ამომრჩეველს თამამ დაპირებებს ხელისუფლების მიერ 15-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის საფუძველზე აძლევს

"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის აზრით, ოპოზიციური ძალები ამომრჩევლებს თამამ დაპირებებს რომ აძლევენ, ხელისუფლების მიერ 15-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის საფუძველზე ხდება.

"დიდი კმაყოფილება მინდა გამოვთქვა, რომ ჩვენი ორივე ოპონენტი ძალიან თამამად იძლევა დაპირებებს. მიხარია, რომ მათ აქვთ საშუალება ასეთი დაპირებები მისცენ, რადგან დღევანდელი ბიუჯეტი, იმ განვითარების გამო, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ჩვენი მოქალაქეებისთვის თამამი დაპირებების მიცემის საშუალებას ძლევს. ამ დაპირებებს 2003 წელს ვერც ერთი - ვერც ოპოზიციის და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დადებდნენ. დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს საფუძველი, გაიცეს ძალიან კარგი დაპირებები, რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს. ამის საფუძველია ის, რომ ბიუჯეტი 15-ჯერ გაიზარდა ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას.

მისივე შეფასებით, რაც მმართველმა გუნდმა გააკეთა არასაკმარისია, თუმცა აუცილებელია ამ წინსვლის შენარჩუნება და არა წარსულში დაბრუნება მოხდეს. "ჩვენ გვინდა იმ წინსვლის შენარჩუნება, რასაც მივაღწიეთ და არა უკან დაბრუნება, რასაც ჩვენი ოპონენტი გვპირდება. არ გვინდა 90-იან წლებში დაბრუნება და ის ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში ასოცირებულნი იყვნენ კრიმინალთან, ჩამქრალ შუქებთან, გაყინულ პენსიებთან", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ამასთან, მთავრობის მოქმედი თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ამ დღეებში ყველა ოჯახში სპეციალური კალენდარი დარიგდება, რომელზეც ზუსტად იქნება გაწერილი ის გრაფიკი, რის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი დაპირებების შესრულებას აპირებს.

"ეს კალენდარი იქნება ჩემი და ჩემი მთავრობის სამაგიდო წიგნი, სადაც იქნება გაწერილი ჩემი მუშაობის წარმატებულობა. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ამ კალენდრის მიხედვით გაცემულ ნებისმიერ დაპირებაზე", - დასძინა ვანო მერაბიშვილმა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა