გორის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით" გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჟურნალისტებმა ადგილებზე გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ რეალურად სამუშაოები არ მიმდინარეობს. გამონაკლისი სოფელი ზერტი აღმოჩნდა, თუმცა მინი-სტადიონის მშენებლობაზე მუშების ნაცვლად, არასრულწლოვნები ასხამდნენ ბეტონს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ ხიდისთავში - სამი და მტკვარწყალმშენის დასახლებაში ერთი ტრანსპორტის მოსაცდელის მშენებლობა, ზერტში და უფლისციხეში კი მინი-სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე კი აღმოჩნდა, რომ სოფელ გუგუთიანთკარში სანიაღვრე არხის გაწმენდა არც კი დაწყებულა.