საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის გამონათქვამებთან დაკავშირებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.
"ასეთი კრიტიკული გამონათქვამი არის მცდელობა იმისა, რომ ხელი აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, აქტიურად იყვნენ მონაწილეები და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს ადრე იყო, ჩვენი ქვეყნის ბედის წარმართვაში", - განაცხადა ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან განსხვავებული მოლოდინები არ უნდა ჰქონოდა.
"მე არ მგონია, რომ მათ რაიმე განსხვავებული მოლოდინი ჰქონოდათ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან, იმდენად, რამდენადაც, ყველა ცივილიზებული წარმომადგენელი აღიარებს, რომ დაუშვებელია მესამე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურად ჩარევა ისე, როგორც ამის სურვილი აქვს რუსეთს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რუსული მედიის ინფორმაციით, კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას ქართული ოპოზიცია ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე გააფრთხილა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უცნაურად" მიიჩნევს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის აზრით, ბილდტის განცხადება დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.
როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, ლევან ვეფხვაძე და თინა ხიდაშელი ვერ იხსენებენ, სად გააკეთა ბილდტმა ის განცხადება, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნული განცხადება თბილისში 5 სექტემბერს გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბილდტმა უცნაური უწოდა საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, თითქოს არჩევნების შედეგები არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ არჩევნების შემდეგ ქუჩაში უნდა გადაწყდეს; ბილდტმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიაროს არჩევნების შედეგები.