ტომას მელია - "ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს"

 ტომას მელია - "ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს"

ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობის ხაზგასასმელად იმყოფებოდა.

როგორც ტომას მელიამ აღნიშნა, დელეგაციის ვიზიტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების, ასევე USAID-ის წარმომადგენლებისგან, ხაზს უსვამს იმ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

მისივე თქმით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეებს კანონმდებლობის გამჭვირვალედ აღსრულების თხოვნით მიმართეს, ასევე გასცეს რეკომენდაცია, რომ ყველა პარტიამ საარჩევნო პროცესში კანონის სრული დაცვით მონაწილეობა მიიღოს.

"ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე ლიდერს. ამერიკის მთავრობა განაგრძობს თანამშრომლობას ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერთან. მომავალი არჩევნები საქართველოსთვის შანსია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წინსვლისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნების სამართლიანად აღქმა", - განაცხადა ტომას მელიამ.

მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი მხოლოდ არჩევნების დღეს არ სრულდება.

ტომას მელიამ რამდენიმე პრინციპი დაასახელა, რაც, მისი თქმით, საარჩევნო პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

"პირველი და მნიშვნელოვანი პრინციპი არის თანაბარი საარჩევნო ველის არსებობა. პოლიტიკური გარემო ხელს უნდა უწყობდეს პროცესში ყველა პარტიის თანაბარ მონაწილეობას. ხარვეზების მიუხედავად საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მეორე პრინციპია კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება. ჩვენ ყველა შეხვედრისას ხაზს ვუსვამდით კანონების თანაბარი გამოყენების აუცილებლობას და იმას, რომ პროცესის ყველა მონაწილე თანაბარი სტანდარტებით იყოს განსჯილი. პოლიტიკურმა პარტიებმა კი პროცესში კონსტრუქციულობა გამოიჩინონ და პოლიტიკური მიზნები საარჩევნო ყუთებთან განახორციელონ. მესამე პრინციპია ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. მშვიდობიანი დემონსტრაციების პატივისცემა დემოკრატიული პროცესის ნაწილია. მივიღეთ ინფორმაცია პარტიების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი თავისუფლად ატარებენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ასევე მათ ვთხოვეთ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და თავიდან აიცილონ პროვოკაციები. მეოთხე მნიშვნელოვანი პრინციპია მასმედიის ხელმისაწვდომობა. მივესალმებით იმ კანონმდებლობის დანერგვას, რაც ხელს უწყობს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მედიაზე ხელმისაწვდომობას საარჩევნო კამპანიის 60 დღის განმავლობაში. იმედის მომცემია Must carry-ის პრინციპი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის გაგრძელებას არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ დავების განხილვისას და შემდეგ პერიოდში. მეხუთე პრინციპია კონსტრუქციული ჩართულობა. გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ძალადობისგან, ასევე სამართალდამცავები იმოქმედებენ პროფესიონალურად, რათა არჩევნები და მისი შემდგომი პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს", - აღნიშნა ტომას მელიამ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს პარლამენტში იმისთვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესი.

"მოვუწოდებთ ყველას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის მიერ ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასება. მივესალმებით ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობას, რაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ემსახურება. ასევე იმას, რომ არჩევნები ქართველი ხალხის ნებას ასახავდეს", - აღნიშნა ტომას მელიამ.

აშშ-ის უწყებათაშორისმა დელეგაციამ, რომელსაც დემოკრატიის ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობდა, საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა.

დელეგაციის ნაწილი საქართველოში მუშაობას განაგრძობს, ნაწილი კი თბილისს რამდენიმე საათში დატოვებს. დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით 10 სექტემბერს ჩამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა