საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოეთში მყოფი საარჩევნოდ დარეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-დან აცნობეს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობამ 54,963 შეადგინა.
"11 სექტემბერს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა სია საკონსულოების მიხედვით. სიაში შემავალი ამომრჩევლების საერთო რაოდენობამ 54,963 შეადგინა, რომელსაც აკლდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც: იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებს შეადგენს; შეჩერებული აქვთ საკონსულო აღრიცხვა, იმის საფუძველზე, რომ შსს-ს მონაცემებით, ისინი 2012 წლის პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებიან საქართველოში", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საბოლოოდ, საკონსულოების მიერ მოწოდებულ სიებში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობამ 42,613 შეადგინა, რომელთა შორის საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით 1,409 ამომრჩეველმა გაიარა.