რატომ არის სოსო ჯაჭვლიანის სუსტი წერტილი სააკაშვილი და რა უქმნის პრობლემას დავით გამყრელიძეს

რატომ არის სოსო ჯაჭვლიანის სუსტი წერტილი სააკაშვილი და რა უქმნის პრობლემას დავით გამყრელიძეს

"მემარჯვენე" დავით გამყრელიძე და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანი ირწმუნებიან, რომ პოლიტიკაში მოსვლა საკუთარი პოზიციებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად გადაწყვიტეს. "საკმაოდ წარმატებული ბიზნესი მქონდა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ თუ პოლიტიკაში არ მოვიდოდი, სხვაგვარად ვერც თავს დავიცავდი და ვერც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას დავუპირისპირდებოდი", - ამბობს დავით გამყრელიძე. სოსო ჯაჭვლიანის პოზიცია კი ასეთია: "პოლიტიკაში მოსვლა თახსირმა ხელისუფლებამ გადამაწყვეტინა. მათ ჩემ მიერ გირგვლიანის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიცია არ მოეწონათ. სიმართლე არ მათქმევინეს და ძალით გამრიეს პოლიტიკაში. მე თუ მკითხავთ, საკუთარი აზრისა და პოზიციის დასაცავად ყველა ვაჟკაცი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში". ვნახოთ, როგორია მათი თვალით დანახული სიმართლე და რას მიიჩნევენ სწორ პოზიციად.

- ერთხელ არჩეული პოლიტიკური კურსის შეცვლაზე თუ გიფიქრიათ?

დავით გამყრელიძე:

- არა. დღემდე ისეთივე "მემარჯვენე" ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. მე და ჩემი მეგობრები ძველი იდეოლოგიის ერთგულნი დავრჩით. დღემდე ვფიქრობ, რომ ქვეყნის აღმავლობისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ფუნდამენტია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა, ძლიერი ფერმერი და გლეხი... ასევე ძველებურად ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის მიცემული სიტყვის შესრულება უზენაესი რამ არის. პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა და თავის მართლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ვერავინ მეტყვის, რომ ოდესმე დაპირება არ შემისრულებია.

სოსო ჯაჭვლიანი:

- მე სულ ერთი კურსი მაქვს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ქართულად, დემოკრატიულად მოწყობილი ქვეყანა უნდა იყოს. ჩვენთან იცით, რა ხდება? აფერისტი სააკაშვილი გვეუბნება, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და დასავლური კურსი აქვს აღებული, მაგრამ ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს. ხალხს დასავლურ ღირებულებებს აზიზღებს. ადამიანი ფიქრობს: თუ დასავლური ღირებულება იმას ნიშნავს, რომ მე ქონებას წამართმევენ, როცა მოუნდებათ, დამაპატიმრებენ, სამართალს ვერ ვნახავ, მაშინ სულ არ მინდა არც ევროპა და არც ამერიკაო. არადა, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორია ევროპული, ამერიკული დემოკრატია და ის მართლა რომ იყოს საქართველოში, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

- ღირსეულ მეტოქედ თუ მიიჩნევთ ვინმეს?

- დავით გამყრელიძე:

- ყველას ღირსეულ მეტოქედ ვაღიარებ, ვისაც განათლება აქვს და არგუმენტირებული მსჯელობა შეუძლია, ხოლო ვინც დემაგოგიით არის დაკავებული და ხალხს თვალებში ნაცარს აყრის (ასე ძირითადად "ნაციონალები" იქცევიან), იმათ უბრალოდ, უღირს ოპონენტებად მივიჩნევ.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- გადავხედოთ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას... ივანიშვილი 20 წლის განმავლობაში ჩუმად აკეთებდა საქმეს. ჯარს, პოლიციას ჩააცვა და საუკეთესო მანქანებში ჩასვა, ეკლესიები აღადგინა, ზოგიც - ააშენა... სახელმწიფოს გაძლიერება უნდოდა, მაგრამ როდესაც ნახა, რომ სააკაშვილის გუნდი ქვეყანას აქცევდა, თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. პრეზიდენტს ნუ დამამგვანებ და დედაკაცივით წყევლას ნუ დამაწყებინებ - მე ფაქტები ვთქვი, დანარჩენს თქვენ მიხვდით.

- პოლიტიკური ოპონირება მამაკაცთან გირჩევნიათ თუ ქალბატონთან?

- დავით გამყრელიძე:

- დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ქალთან დავა მაინც მეუხერხულება.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- კაცთან, იმიტომ, რომ კაცს რასაც მინდა, იმას ვეტყვი და არ მოვერიდები.

- მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით თუ ჰყოფთ?

- დავით გამყრელიძე:

- არა, მეგობრობა პოლიტიკური ნიშნით არ განისაზღვრება. თუმცა არ ვუარყოფ, რომ ბევრი ადამიანი პოლიტიკური იდეების ერთიანობისა და საერთო მსოფლმხედველობის წყალობით დავიმეგობრე.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- მე - არა, თავად მყოფენ. ერთხელ ერთმა მეგობარმა, რომელიც "ნაციონალებშია", მისაყვედურა, - რატომ არ მირეკავო? იმიტომ არ ვურეკავდი, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო. თუ რამის თავი ჰქონდა, თავად დაერეკა.

- გადაწყვეტილებებს პრაგმატულად იღებთ, თუ ემოციები გძალავთ?

- დავით გამყრელიძე:

- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციაც მეძალება, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ცივი გონებით ვიმოქმედო. სხვათა შორის, გადაწყვეტილებებს საკმაოდ სწრაფად ვიღებ, დიდხანს ყოყმანი არ მჩვევია.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანი პრაგმატული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წააგებ. ამ სფეროს ემოციები არ უყვარს.

- ქვეყნის ინტერესებისთვის პირად მტერთან თუ ითანამშრომლებთ?

- დავით გამყრელიძე:

- თუ ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, საძულველ ადამიანთანაც ვითანამშრომლებ. პოლიტიკოსობა ეს არის პროფესია, რომელიც პირდაპირ გავალდებულებს, რომ პირადი გრძნობები, შეხედულებები, ინტერესები დაივიწყო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო. 12 წელია, პოლიტიკაში ვარ. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ მომიწია ჩემთვის არასასიამოვნო ადამიანებთან თანამშრომლობამ.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- აუცილებლად. ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის ყველასთან ვითანამშრომლებ. მით უმეტეს, თუ ის ჩემი თანამემამულეა. ეს შერიგების საბაბსაც მომცემს. ქართველი, მტერიც კი არ მეზიზღება. ეს "ნაციონალები" რამ გააბოროტა, არ ვიცი. ამ უსამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხი რომ აჯანყდეს და სააკაშვილს ჩაქოლვა მოუნდომოს, პირველ რიგში, მე გადავეფარები.

- თქვენს სუსტ მხარედ რას მიიჩნევთ?

- დავით გამყრელიძე:

- ზედმეტად მიმნდობი ვარ. თუ ადამიანს მეგობრად მივიჩნევ, მასთან ბოლომდე ვიხსნები. მეორე სისუსტეც მაქვს - ტყუილის თქმა მიჭირს. ეს არცთუ კარგი თვისებაა პოლიტიკოსისთვის. ჩემი გულახდილობა ძალიან ხშირად მიქმნის პრობლემებს.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- რატომ უნდა გითხრა?.. კარგი, გეტყვი. ჩემი სისუსტე სააკაშვილია. გაგიკვირდა? ყველაფერს ავხსნი. ვინმე უცხოელი ამ გიჟზე ცუდად რომ იტყვის რამეს, ვცოფდები. საქართველო ჩემი ოჯახია, სააკაშვილი კი - ჩემი ოჯახის წევრი. ჩემი ოჯახის წევრს სხვას არ შევაგინებინებ. თუ "გასახურებელია", ჩემს ოჯახში თავად "გავახურებ". სააკაშვილი ვერც წარმოიდგენს, რამდენჯერ მყავს უცხოეთში დაცული.

- შურისძიებაზე თუ გიფიქრიათ?

- დავით გამყრელიძე:

- ვერ გეტყვით, რომ არასდროს გავბრაზებულვარ და სამაგიეროს გადახდაზე არ მიფიქრია (ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით ახლობლები, გულს გტკენენ, ზურგს გაქცევენ), მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მავიწყდება. ბოღმიანი არ ვარ.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- შურისმაძიებელი არ ვარ. ვფიქრობ, რომ დამნაშავე კანონმა უნდა დასაჯოს. ადრე ხალხი შურისძიებასა და სისხლის აღებაზე იმიტომ ფიქრობდა, რომ კანონი არ კანონობდა. თუ ამ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ხალხი გაგიჟდეს და შურისძიებაზე ფიქრი დაიწყოს, პოლიტიკა და ხალხთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.

- ზეწოლის ან შანტაჟის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?

- დავით გამყრელიძე:

- კი, შევარდნაძეც კი მემუქრებოდა. კომპანია "ალდაგში" ხან მეექვსე სამმართველოს მიგზავნიდა, ხან პროკურატურას და ხან საგადასახადოს. ამის მიუხედავად, ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია. არც ახლა ვაპირებ.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- არავის მუქარის არ მეშინია. ვინც იმუქრება, სინამდვილეში არაფრის გამკეთებელია. ვისაც რამის თავი აქვს, მუქარის გარეშეც აკეთებს. 

- კანონს მაშინაც ემორჩილებით, როდესაც ფიქრობთ, რომ ის უსამართლოა?

- დავით გამყრელიძე:

- ჩემი აზრით, კანონმორჩილება შინაგანი კულტურის მაჩვენებელია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც კანონს არ დავმორჩილებივარ. საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებისთვისაც გამიწევია წინააღმდეგობა. ერთხელ მოსამართლემ (გირგვლიანის საქმის განხილვისას) სასამართლო დარბაზიდანაც კი გამომაძევა.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- კანონს, რომელიც მორალთან ახლოს არის და უსამართლობის განცდას არ მიტოვებს, აუცილებლად დავემორჩილები და ჩემს შვილებსაც იმავეს ვასწავლი. მაგრამ თუ ვიცი, რომ ხელისუფლებამ კანონი ჩემს დასაჩაგრად და საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეცვალა, მაშინ არ დავემორჩილები.

- ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?

- დავით გამყრელიძე:

- ექიმი ვარ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაავადებებთან ბრძოლას შევალიე და ვიცი, რა არის ავადმყოფობა. ამიტომ ყველაზე მეტად მისი მეშინია.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- საყვარელი ადამიანების დაკარგვისა და მათი ავადმყოფობის. ისე, ყველაზე მეტად მაინც უფლის მეშინია. მის წინაშე რომ წარდგები, ვეღარაფერს დამალავ.

- ბევრი ფული რომ მოიგოთ, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

- დავით გამყრელიძე:

- ვიცი, რამდენი გაჭირვებული ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, რამხელა პრობლემებია ჯანდაცვაში, მაგრამ თუ რაიმე სერიოზული თანხა გამომიჩნდა, პირველ რიგში, ახალგაზრდების განათლებას დავაფინანსებ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი საქმეა, რაც კი შენს ქვეყანას შეგიძლია გაუკეთო.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- უჰ, ბოლო დროს ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვნახე. პირველ რიგში, მათ დავურიგებდი. ერთხელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქალმა თავის სახლში მიმიწვია. გამიკვირდა, - ნეტავ რა უნდა-მეთქი? ოთახში რომ შევედი, კომპიუტერთან მიმჯდარი სამი ბავშვი (ერთი 10 წლის იყო, მეორე - 8-ის, მესამე 6-ის) დავინახე; სკაიპით 4 წლის უნახავ დედას ელაპარაკებოდნენ და ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. გული მომიკვდა, რა...

- ფიქრობთ, რომ ევროპელი ხართ?

- დავით გამყრელიძე:

- დიახ. ქართველები ტრადიციების მიმდევარი ხალხი ვართ, მაგრამ ცივილიზაციის მონაპოვარსაც სწრაფად ვითვისებთ. აი, სწორედ ეს არის ევროპელობა. საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია. ისტორიულად, ჩვენი მტერი ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველო ევროპისა და ევროპული ცივილიზაციისთვის მოეწყვიტა, მაგრამ ვერ მოახერხა.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- არა, ქართველები არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ყველასგან განსხვავებული და მაგარი ხალხი ვართ. რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩახვიდეთ, გამვლელ ადამიანს სუფრაზე არავინ მიგიწვევთ. ყველაზე ცუდი ქართველიც კი უცხოელს თავის სუფრაზე გულწრფელად ეპატიჟება. ეს უცხოელებს როგორ უკვირთ, იცით? თავიდან ფიქრობენ, - ნეტავ, რა უნდა ჩემგანო?.. შეიძლება თქვა, რომ ეს წვრილმანია, მაგრამ ზოგჯერ სწორედ წვრილმანებში ვლინდება სინამდვილე.

- პოლიტიკაში თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მეუღლე თუ ახდენს გავლენას?

- დავით გამყრელიძე:

- არავინ გითხრათ, რომ ასეთ საქმეში მეუღლის აზრს არ ითვალისწინებს. ბავშვობიდან დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სხვის შეხედულებებსაც პატივს ვცემ. მეუღლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ მიკონტროლებს, უბრალოდ, თავად ვცდილობ, ისეთი არაფერი გავაკეთო, რაც მისთვის, მორალური თვალსაზრისით, მიუღებელი იქნება. ასე რომ, ჩემი მეუღლე ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- სვანეთში კაცი ქალის საქმეში არ ერევა; არც ქალი ერევა კაცის საქმეში. თუმცა საჭიროების შემთხვევაში სიტუაცია იცვლება. როდესაც სოფელში კაცები გაწყვეტილან, ქალი მახვშიც კი გამხდარა. მართლაც გენიალური ნათქვამია: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", - მაგრამ ამ ნათქვამს სწორი გაგება უნდა.

- თქვენმა მეუღლემ პოლიტიკაში გააქტიურების სურვილი რომ გამოთქვას, თქვენი პოზიცია როგორი იქნება?

- დავით გამყრელიძე:

- ყველა ადამიანის, მათ შორის ჩემი მეუღლის უფლებებს პატივს ვცემ, ამიტომ არაფერს ავუკრძალავდი, მაგრამ გამორიცხულია, რომ მას ამის სურვილი გაუჩნდეს.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- გამორიცხულია, რომ მან პოლიტიკურად გააქტიურების სურვილი გამოთქვას.

- ამიტომ ხართ მშვიდად?

- დავით გამყრელიძე:

- არა, რას ამბობთ, პირიქით. ის რომ პოლიტიკურად აქტიური იყოს (სხვათა შორის, ეს ევროპაში მიღებული პრაქტიკაა), ჩემთვისაც კომფორტული იქნებოდა. ზოგჯერ ძალიან მჭირდება მისი მხარდაჭერა, მაგრამ რა ვქნა, არ აინტერესებს ეს სფერო. ძალიან მორიდებული ადამიანია და არ უყვარს საჯარო აქტიურობა.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- რა თქმა უნდა, მშვიდად ვარ, რომ ჩემი ცოლი სწორად აზროვნებს. ისიც საკმარისია, რომ მე გავაქტიურდი პოლიტიკურად. ჩემს მეუღლეს სწორი არჩევანი აქვს გაკეთებული - ქმარ-შვილს უვლის.

- შვილების მომავალი თავად დაგეგმეთ თუ მათ არჩევანის საშუალება მიეცით?

- დავით გამყრელიძე:

- ჩემი ბიჭი 26 წლის არის და თავისი ოჯახი ჰყავს. ქალიშვილი ჯერ სტუდენტია და სწავლობს. მათ ცხოვრებაში რადიკალურად არასდროს ჩავრეულვარ. ყოველთვის ვცდილობ, მათთვის კარგი მრჩეველი ვიყო.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- არა, ბავშვებმა თავიანთი მომავალი თავად უნდა აირჩიონ. რაიმეს დაძალებით, ჩემი სურვილების თავზე მოხვევით შესაძლოა, საქმე სულ გავაფუჭო.

- დაბოლოს, დაახასიათეთ, თქვენი ოპონენტი.

- დავით გამყრელიძე:

- სოსოს დიდი ხანია, ვიცნობ, როგორც ღირსეულ ქართველ კაცს. მისი ფილმებიც ძალიან მომწონს. პოლიტიკაში წარმატებებს ვუსურვებ.

- სოსო ჯაჭვლიანი:

- დავით გამყრელიძეს საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს. როგორც ადამიანსა და კაცს, პატივს ვცემ. როგორც ჩემს ოპონენტს, ვეტყვი, - მოდი, გვერდზე გადავდოთ ყველა პირადი ინტერესი და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ერთად დავუპირისპირდეთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა