ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა

ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა

წლის 8 სექტემბერს რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ მოთხოვნით - ფართო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს საქართველოში პატიმართა მდგომარეობას და სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს ყველა დასნეულებულ პატიმარს, მათ შორის - მას. 2009 წლიდან მოყოლებული ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობების გასაპროტესტებლად უკვე მეხუთედ შიმშილობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟს წაყენებული აქვს 7 მუხლი (4 მათგანზე სასამართლო ჯერაც არ გამართულა) და მისჯილი აქვს 13 წელიწადზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის ვაჟს ჯანმრთელობა შეერყა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დღემდე არ ითვალისწინებს ექსპერტიზის დასკვნას და ავადმყოფი პატიმარი სამოქალაქო ტიპის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაჰყავს.

ცოტნე გამსახურდია:

- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ადმინისტრაცია კი არ მაქცევს ყურადღებას და არანაირ მკურნალობას არ მიტარებს. ჩემი ყოველი დღე, შეიძლება ითქვას, ტკივილით იწყება და მთავრდება. საშინლად მაწუხებს ხერხემალი, სახსრები, დაავადებული ვარ ც ჰეპატიტით. თითქმის ორი წელია, სკამზე არ დავმჯდარვარ, საშინელ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იოტისოდენა ყურადღებას არ მაქცევენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური დამოკიდებულება არახალია. აქ უამრავ ადამიანს ნახავთ, ვინც ჩემზე გაცილებით უარეს დღეშია - პატიმრებს დაჩირქებული, დამპალი აქვთ შიგნეული, აფურთხებენ ღვიძლსა და ფილტვებს, ნახავთ ნაინსულტარ, ინვალიდ და ტუბერკულოზიან ადამიანებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ დეპარტამენტი სახსრებს ზოგავს, მეორე კი ის, რომ ავადმყოფი პატიმრების მანიპულირება და კონტროლი გაცილებით იოლია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. რაღაც დროის განმავლობაში არ მოგცემენ წამალს, შემდეგ კი დაგიწყებენ ვაჭრობას. დაახლოებით ასეთი რამ ხდება ჩემ მიმართ. ეს შურისძიების ერთგვარი ფორმაა. ვერ წარმოიდგენთ, აქ როგორი დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან. ამიტომაც უკვე მეხუთედ გადავწყვიტე უვადოდ ვიშიმშილო, ვიდრე ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჩემმა ადვოკატმა დაწესებულების ხელმძღვანელ ლაშა ბრეგვაძეს გადასცა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ მესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა სამოქალაქო ტიპის სპეციალიზებულ კლინიკაში. ამას ის რეაგირება მოჰყვა, რომ 7 სექტემბერს მოვიდნენ ჩემთან და შეადგინეს აქტი, თითქოს უარს ვაცხადებ მკურნალობასა და ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩემს საქმეებს რაც ეხება, მოგეხსენებათ, 2008 წელს დამაპატიმრეს ჯაშუშობისა და შეთქმულების მოწყობის აბსურდული ბრალდებით. მას შემდეგ 4 წელია გასული და ამ საქმეზე სასამართლო ჯერაც არ ჩატარებულა. ამათ რომ რაიმე მტკიცებულება ჰქონოდათ, ბუნებრივია, ასე არ მოიქცეოდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ არც კანონი არსებობს, არც სასამართლო და არც სამართალი?! ეს ხელისუფლება ყველას რუსეთის ჯაშუშად ნათლავს და ჩემი საქმე არის ნათელი მაგალითი მათი სიცრუისა და იმისა, როგორ იყენებენ ისინი სასამართლოს და რეპრესიულ მანქანას მათთვის არასასურველი ფიგურების წინააღმდეგ.

ალბათ, იმიტომ ვერ მიგუა ამ რეჟიმმა, რომ ვერ შევეგუე იმ უსამართლობას და განუკითხაობას, რაც ქვეყანაში ხდება. მე არ მივეცი სააკაშვილს და მის გუნდს საშუალება, რომ მამაჩემის გადმოსვენების დროს ქულები დაეწერათ და პიარი გაეკეთებინათ. იყო სხვა მიზეზებიც, რის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებულია.

მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა დღევანდელ ვითარებაზე. მიმაჩნია, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელიც უფსკრულში და ბნელეთში მიაქანებს საქართველოს. რა გზით, ამასაც მოგახსენებთ: იგი ცდილობს, მოსახლეობის უმრავლესობა ე.წ. ანდერკლასად აქციოს, ანუ გამათხოვრებულ, დაჩაჩანაკებულ მასად, რომელიც მას ხელებში შეაჩერდება, კოცნას და მოფერებას დაუწყებს, ოღონდ კი რამე პატარა პრობლემა მოუგვაროს. მასად, რომელსაც არ აქვს არც ფინანსურ-ეკონომიკური და არც კულტურულ-ინტელექტუალური დონე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, ან სწორად შეაფასოს პოლიტიკური პროცესები. ციხეშიც და მის გარეთაც დაახლოებით ასეთი პრინციპი მოქმედებს. ესენი ცდილობენ დააშინონ, დააავადმყოფონ და დააჩაჩანაკონ ადამიანები, უკეთესად რომ აკონტროლონ ისინი. ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ბიძინა სიტყვის კაცია და იგი დანაპირებს ასრულებს. ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, ამ ადამიანს აქვს ყველაზე დიდი ამაგი ქართულ კულტურაზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს და ყველაფერი ქვეყნის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ შეიცვლება!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ