თინა ხიდაშელი - შტეფან ფიულე საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომაში შეიყვანა

თინა ხიდაშელი - შტეფან ფიულე საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომაში შეიყვანა

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის აზრით, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფიულე საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომაში შეიყვანა.

"ჩვენ 6 აგვისტოს გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ შევუერთდით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარტიათა ქცევის წესებთან დაკავშირებით შემუშავებულ 17-პუნქტიან ქარტიას. ვწუხვარ, რომ ხელისუფლების პროპაგანდას და ტყუილებს შეცდომაში ჰყავს შეყვანილი ეს ჩინოვნიკი", - განუცხადა ხიდაშელმა ''ინტერპრესნიუსს''.

ამასთან, თინა ხიდაშელი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარტიათა ქცევის კოდექსის ერთიანი ტექსტი არ არსებობს და აღნიშნა, რომ "თუ არასამთავრობო სექტორისთვის 17-პუნქტიანი ტექსტი დოკუმენტს არ წარმოადგენს, ეს მათი პრობლემაა.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ, ბიძინა ივანიშვილს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, შტეფან ფიულესთან შეხვედრა სურს, რის წინაპირობადაც ევროკომისარი კოალიციის ლიდერს პარტიათა ქცევის კოდექსზე ხელმოწერის პირობას უყენებს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი, "ქართულმა ოცნებამ" კი საკუთარი პუნქტები დაამატა, რის გამოც საბოლოო ჯამში, კოდექსის რამდენიმე ვარიანტი დაიდო.

"ჩვენს მიერ შემუშავებულ კოდექსს მმართველმა გუნდმა თავისი 4 ძირითადი პუნქტი, "ქართულმა ოცნებამ" კი 6 პუნქტი დაამატა, რის გამოც ეს პროცესი გაუგებარი გახდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ დოკუმენტის სხვადასხვა ვერსია და სრული გაუგებრობა, რადგან პარტიებმა მხოლოდ ქცევის კოდექსის თავთავიანთ ვერსიებს მოაწერეს ხელი", - განაცხადა ჩუგოშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა