"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"

"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"

9 სექტემბერს თელავში, კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილე ქისტ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ ჩასულები, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის შემდეგ მომხდარზე "ქართული ოცნების" ახმეტის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გვესაუბრება:

- თელავში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციის დასრულებისთანავე ქისტი ახალგაზრდების ათკაციანმა ჯგუფმა ავტოსადგურს მიაშურა, ახმეტის ავტობუსს რომ გაჰყოლოდნენ. მათი გადმოცემით, იქ დახვდათ დიდი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც შელაპარაკების გარეშე გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ატყდა ჩხუბი.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამ კონფლიქტს­ რამე მიზეზი, წინაპირობა არ ჰქონია?

- არანაირი. ერთი სიტყვაც არ თქმულა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკას. ჩვენი აქციის წინა დღეს სააკაშვილი იყო თელავში და ადამიანები აიძულეს, მასთან შესახვედრად მისულიყვნენ, იგივე სცადეს პანკისის ხეობაშიც, თუმცა პანკისიდან სამი სამარშრუტო ტაქსით ძლივს წაიყვანეს ხალხი. როდესაც დაინახეს, რომ "ქართული ოცნების" აქციას 700-მდე პანკისელი ქისტი დაესწრო, გადაირივნენ. მით უფრო, რომ წინა დღეს კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე პირადად დადიოდა პანკისში კარდაკარ და ხალხს­ აფრთხილებდა "ქართული ოცნების" აქციაზე არ წახვიდეთო. ემუქრებოდა და მოითხოვდა სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი ჩამოვიდა თელავში ჩვენს აქციაზე, ამიტომაც მოაწყვეს ეს პროვოკაცია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პოლიციაში გამოგვიცხადეს, ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო, მაგრამ მეეჭვება, მაგათ რამე გაარკვიონ. ასეთი ფაქტები აქამდეც იყო, მაგრამ არც გამოუძიებიათ და არც არავინ დაუსჯიათ.

- როგორია დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ათი ადამიანია ნაცემი, თუმცა ქუშანაშვილისა და ბორჩაშვილის გარდა, ყველას მსუბუქი დაზიანებები აქვთ და ამიტომ საავადმყოფოს არ მიმართეს, ისე, ყველას ემჩნევა ძალადობის კვალი, ზოგს თვალი აქვს ჩალურჯებული, ზოგი თავგატეხილია, ზოგსაც ტუჩი აქვს გახეთქილი. 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილს, რომელიც გამოსაკვლევად თბილისში გა­­­დ­მოვიყვანეთ, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა დაუდგინდა.

- რა ხდება პანკისის ხეობაში?

- ვითარება რთულია, სამწუხაროდ, დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა ლოპოტის ხეობაში, როგორ დაიხოცნენ საქართველოს მოქალაქე ქისტი ბიჭები და ჩვენი სამართალდამცველები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს. ქისტები ძალიან შეურაცხყოფილი არიან, განსაკუთრებით იმით, რომ ხელისუფლება არ ისვენებს და მათზე ზემოქმედებას განაგრძობს. ხელისუფლება და­რწმუნებული უნ­და იყოს, რომ დღეს პანკისში მცხოვრებთა 99 პროცენტი "ქართული ოცნების" მომხრეა.

"25 წლის ხიზირ ქუშანაშვილს, რომელიც გამოსაკვლევად თბილისში გა­­დ­მოვიყვანეთ, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა დაუდგინდა"

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა