ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია.
ამის შესახებ მისიის პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
"წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია. იმ დროს, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს მზაობას ჩაატაროს არჩევნები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით, "ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ნდობის ნაკლებობა საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი განცხადებით ხდება ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება და მათი მხარდამჭერების დაშინება", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ხანდახან კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანია ერთის მხრივ თანამდებობის და მეორეს მხრივ კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდება.
"ზოგიერთი ადგილობრივი თანამოსაუბრე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მის აქტიურად განხორციელებას "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს, ხოლო ზოგიერთი სხვა თანამოსაუბრე კი აღნიშნავს, რომ ამ ქმედებების მიზანია "დიდი ფულის" მიერ პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის აღკვეთა", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო გარემო ხასიათდება ხშირი საჯარო ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ.
"ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების გამართვით და ბილბორდების გამოყენებით. ის ასევე აქტიურად იყენებს სატელევიზიო რეკლამას.
ამავე დროს, სხვა პარტიები, კონკრეტულად "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია" ძირითადად იმ რეგიონებში ატარებენ შეხვედრებს, სადაც მათ ძლიერი კანდიდატები ჰყავთ. "ქართული ოცნება" კოალიციაში შემავალ ექვსივე პარტიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბის ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას", - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, ეუთო-ს მისიის აზრით, არსებობს ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდულად გამოყენების საშუალება.
"მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შენობების გამოყენების უფლება. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება თანაბრად ისარგებლონ ამ რესურსით", - ნათქვამია ანგარიშში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისია მუშაობას 22 აგვისტოს შეუდგა, მისია თბილისში მომუშავე 16 ძირითადი ექსპერტისა და საქართველოს მასშტაბით მომუშავე 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.