ვისთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს ლევან ფაცაცია

ვისთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს ლევან ფაცაცია

კალათბურთელი ლევან ფაცაცია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და მატჩებზე აქტიურობითაც გამოირჩევა. სპორტის ამ სახეობაში ბავშვობიდანვე თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. თუმცა, სერიოზული პროფესიონალური თუ ცხოვრებისეული გამოცდილება ესპანეთსა და აშშ-ში ყოფნისას მიიღო. მოგეხსენებათ, იგი მომღერლისა და ტელეწამყვანის - თიკა ფაცაციას ძმაა და სიმღერა თავადაც ძალიან უყვარს. ლევანი საკუთარი კარიერის, პირადი ცხოვრებისა და წარმატებული დის შესახებაც გვესაუბრება.

- რა გრძნობაა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ?

- ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, როცა საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ. ყოველი თამაში პოზიტიური განწყობილებით იწყება და ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ვასახელოთ. ძლიერ გუნდებთან მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგეთ და ტრავმებისა თუ გადაღლილობის გამო წაგებული რამდენიმე თამაშის მიუხედავად, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ; ზოგჯერ ცოტა უიღბლობასაც აქვს ადგილი... თუმცა, შანსი გვაქვს, დასახულ მიზანს მივაღწიოთ. როცა თამაშებისთვის ვემზადებით, ვცდილობთ, მეტოქის ტაქტიკაც შევისწავლოთ.

- როგორც ვიცი, თამაშის დაწყების წინ გარკვეული ტრადიციებიც გაქვთ. მაგალითად, "მამაო ჩვენოს" ამბობთ და ყოველ გასვლამდე, წრეში დგებით, შეძახილით - "სა-ქარ-თვე-ლო"...

- დიახ, გასვლის წინ ერთმანეთს მხარზე ვეხვევით და პირველ რიგში, გუნდის კაპიტანი - ზაზა ფაჩულია გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მატჩმა წარმატებულად ჩაიაროს; შემდეგ გუნდის რომელიმე ლიდერი დაამატებს რაიმეს, მერე კი ვლოცულობთ. ბოლოს ვამბობთ: "1-2-3, სა-ქარ-თვე-ლო". ეს ყველაფერი ერთგვარი რიტუალივითაა.

- თქვენს კარიერაზე ვილაპარაკოთ. ვიდრე ნაკრებში მოხვდებოდით, რა ეტაპები გაიარეთ? ვიცი, რომ ბოლო ერთი წელი სოხუმის გუნდში ირიცხებოდით, უფრო ადრე კი - საზღვარგარეთ თამაშობდით.

- დიახ. ბავშვობაში ჩემი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია გახლდათ. სწორედ მასთან დავიწყე კალათბურთის თამაში. შემდეგ, სამი წელი ესპანეთში გავატარე: 2 წელი კანარის კუნძულებზე, მერე კი ბარსელონაში, სადაც 20-წლამდელთა ლიგაში ვთამაშობდი. აშშ-ში უნივერსიტეტთა ლიგაში 4 წელი ვითამაშე.

ლევან ფაცაცია- რა გამოცდილება მიიღეთ ამერიკაში ყოფნისას?

- ძალზე დიდი გამოცდილება მივიღე საზღვარგარეთ ცხოვრებისას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ადრეული ასაკიდანვე შევეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას და გადაწყვეტილებების მიღებას. რაც შეეხება კალათბურთს - ამერიკული კალათბურთი უფრო მეტ ათლეტიზმთან, ფიზიკურ დატვირთვასთან, სისწრაფესთანაა დაკავშირებული და შედარებით ძნელია. ამერიკაში სოციოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და შესანიშნავი ცოდნა, გამოცდილება მივიღე. დიპლომის აღებისას მცირე პრაქტიკაც გავიარე. საინტერესო იყო სოციალური კვლევების, ტესტების ჩატარება. საქართველოში ამ პროფესიას ალბათ, საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გამოვიყენებ.

- რამდენად რთული იყო საზღვარგარეთ სწავლა?

- საკმაოდ რთული გახლდათ კალათბურთისა და მეცადინეობის ერთმანეთთან შეთავსება. ვარჯიშზე წიგნებითა და რვეულებით მივდიოდი, მერე შინ დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი და მეცადინეობას ვიწყებდი. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მართმევდა და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. თუმცა, განვლილი გზით კმაყოფილი ვარ.

- როგორც პროფესიონალი კალათბურთელი, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ კალათბურთში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიოს, ვიდრე დღევანდელმა ნაკრებმა?

- პირველ რიგში, საკალათბურთო სკოლები უნდა შეიქმნას და ბავშვების სწორად აღზრდა უნდა მოხდეს. მე და ჩემი თაობის ახალგაზრდებმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ - იყო უშუქობა, ვვარჯიშობდით გაყინულ დარბაზში, ხელთათმანები გვეცვა ხოლმე. დარბაზებში ყველა მინა ჩამსხვრეული იყო. ჩემი გუნდელები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე, დღეს საკმაოდ ცნობილები არიან. მაგალითად, ლაშა ფარღალავა, გიორგი ცინცაძე და ა.შ.

- რთული პირობების მიუხედავად, მაინც ბოლომდე მიჰყევით კალათბურთს. ალბათ, სპორტის ეს სახეობა ძალიან გიყვარდათ...

- მართლაც რთული გზა გამოვიარეთ, მაგრამ იმდენად მონდომებულები ვიყავით, მაგალითად, მე და ლაშა, რომ ვარჯიშს დილის 9-10 საათიდან ვიწყებდით და დაღამებამდე დარბაზიდან არ გამოვდიოდით. ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით, იქ ვჭამდით და ა.შ. ასე რამდენიმე წელი გრძელდებოდა...

- ნაკრების სხვა წევრებზე რას გვეტყვით?

- ნაკრების წევრებს საოცრად კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ერთმანეთის ნახვას მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ზაფხულში ვახერხებთ და მთელ დროს თითქმის ერთად ვატარებთ. ყველანი კარგი მეგობრები ვართ და ერთმანეთი "გაგვაქვს". რაც შეეხება გუნდის კაპიტანს - ზაზა ფაჩულიას, იგი ნამდვილი ლიდერი და ღირსეული კაპიტანია. ნაკრებში მეორე წელია ვარ და მიხარია, რომ მისნაირ პროფესიონალთან მაქვს ურთიერთობა. იგი ჩვენთვის კარგი მაგალითია. გუნდში ზოგს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ზოგს - ნაკლები, ამიტომ ჩვენს ცოდნას ერთმანეთს ვუზიარებთ, ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ.

- ერთმანეთს სავალდებულო შეხვედრებისა და ვარჯიშების გარეშეც ნახულობთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა! ნაკრების ბიჭები დასვენების დღეებსაც ერთად ვატარებთ. თუ საშუალებაა, ქალაქგარეთ გავდივართ - ხან მცხეთაში, ხან სადმე სხვაგან, ლამაზ ადგილებში ან სულაც, ბარებში დავდივართ.

ლევან ფაცაცია- როგორც ვიცი, კლუბური ცხოვრებაც მოგწონთ. ღამის გართობები დღის რეჟიმს ხომ არ გირღვევთ?

- არა. კლუბებში სიარული მართლაც კარგია, მაგრამ ასეთ დაწესებულებებში ისე ხშირად არ დავდივარ, რამეში რომ შემიშალოს ხელი.

- ლევან, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ალბათ, ბევრი გულშემატკივარი გოგონა გყავთ.

- უცოლო გახლავართ და არც შეყვარებული მყავს. ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს. გარეგნობას, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ასევე მთავარია, ჩემი რჩეული ურთიერთობაში გახსნილი, ლაღი და მხიარული იყოს, მისგან დადებითი ენერგია მოდიოდეს და ერთმანეთს კარგად ვუგებდეთ. მე თვითონ საკმაოდ თავისუფალი პიროვნება ვარ და საყვარელ ადამიანს რაღაც შეზღუდვებსა და ჩარჩოებს არ დავუწესებ.

ჩვენს საუბარში ირაკლი პერტაია, ეროვნული ნაკრების პრესატაშე ჩაერთო:

- სხვათა შორის, აშშ-ში ყოფნისას, იქაურ გოგონებს ლევანის ფანკლუბი ჰქონდათ გახსნილი და ტანზე საღებავებით მის სახელს, გვარსა და ნომერს იწერდნენ, თამაშებზე ასე გულშემატკივრობდნენ.

ლევანი:

- ამერიკაში ცოტა განსხვავებული ქომაგობა იციან. იქ სპორტი სხვა რანგშია აყვანილი; ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ყველანაირი გაგებით.

თიკა ფაცაცია ძმასთან ერთად- თიკას - თქვენს დას როგორ დაახასიათებთ?

- მინდა ვიყო თიკა (იცინის)! ის უმაგრესი, უნიჭიერესი ადამიანია. საუკეთესო დედმამიშვილია. ყოველთვის ვეუბნები: ისეთი ნიჭიერი ხარ, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, საზღვარგარეთაც უნდა გაგიცნონ-მეთქი. ჩვენთან შოუბიზნესი სათანადო დონეზე ვერ არის განვითარებული და თიკას ფართო გასაქანი არა აქვს. მჯერა, მას კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. ის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ნამდვილად ვერ ავლენს.

- თიკა თქვენს თამაშებზე ხშირად დადის?

- კი და შინ ხმაჩახლეჩილი ბრუნდება ხოლმე. არადა, საკუთარ ხმას წესით, უნდა გაუფრთხილდეს (იცინის).

- უცხოეთში ცხოვრებისას თიკა თქვენთან თუ ჩამოდიოდა ხოლმე?

- კი, ჩამოდიოდა ხოლმე. საზღვარგარეთ მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია და ფაქტობრივად, 7 წელი ისე გავატარე, რომ სამშობლოში მხოლოდ ორჯერ ჩამოვედი. ოჯახი და თიკა მაქსიმალურად მეხმარებოდნენ ნოსტალგიის დაძლევაში - რამდენჯერმე მესტუმრნენ კიდეც, სირთულეები მათი წყალობით გადავლახე. საოჯახო საქმეებში იქაური მეგობრებიც გვერდში მედგნენ.

- სამომავლოდ, რა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ საკალათბურთო გუნდებისგან?

- რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ნამდვილად მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ნაკრების თამაშების დასრულებას დაველოდები და საკლუბო კარიერაზე მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტან ყურადღებას.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"