"არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვირჩევს ხალხი, ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და სხვა არაფერს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავამ დღეს, სანზონაში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა ყურადღება მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და იმ კალენდარზე გაამახვილა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ განსახორციელებელი პროექტების კონკრეტულ ვადებს მოიცავს.
"ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი საქართველოს მასშტაბით 4-წლიანი კალენდრის დარიგება დავიწყეთ. მასში განსაზღვრულია, ამ ოთხი წლის განმავლობაში რომელი დაპირება როდის, რომელ წელს, რომელ კვარტალში შესრულდება. ეს იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტიას, არამედ აკონტროლოს და იცოდეს, რა სიახლეა ჩვენს ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ თითოეულ მერს, მაჟორიტარს, დეპუტატს, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხალხი გვირჩევს და ვემსახურებით ხალხს, მხოლოდ ხალხს და სხვა არაფერს. სამშობლოს სამსახური სწორედ ხალხის სამსახურია", - მიმართა შეკრებილ მოსახლეობას უგულავამ.
მისივე თქმით, თბილისი დღეს უკეთესი ქალაქია, ვიდრე რვა წლის წინ იყო, თუმცა ეს ხელისუფლებას მოდუნების უფლებას არ აძლევს, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება.
"მთავარია ჩვენ წინსვლა და განვითარება არ გავაჩეროთ. ჩვენი ამოცანაა თბილისელებს გადამზადების შესაძლებლობა შევთავაზოთ, იმისათვის, რომ იპოვოს სამსახური და დასაქმდეს. ჩვენი გეგმაა, რომ უკვე მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. განვითარება, რომელსაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ, კონკრეტულად თითოეულ ადამიანთან უნდა მივიდეს. სანამ თითოეული ადამიანი ოდნავ მაინც არ იგრძნობს სარგებელს, მანამდე ჩვენ მოსვენების უფლება არ გვაქვს", - აღნიშნა თბილისის მერმა და ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე აზრით, სამადაშვილის მხარდაჭერა რაიონში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მეტ სარგებელს ნიშნავს.