შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე

შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე

ამ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის საზოგადოების გაოცება. მისი დაოჯახებაც მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. ერეკლე დეისაძემ და კრავაი ტყემალაძემ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. გოგონას ბიჭზე მეგობრისგან ბევრი გაეგო, მაგრამ თავად არც ისე მოხიბლული გახლდათ. პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ერთ დღეს კრავაი მიხვდა, რომ ერეკლე შეუყვარდა. ბიჭი უფრო ადრე მოიხიბლა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ მისი სურათების დათვალიერებისას დაქლიავდა, შემდეგ კი ნახვისას, როდესაც უთხრა, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ შეყვარებულები.

ერეკლე:

- კრავაი "ფეისბუქის" საშუალებით გავიცანი, ოღონდ მეგობრობის თხოვნა თავად გამომიგზავნა (იღიმება).

კრავაი:

- იმიტომ არ გამიგზავნია, რომ მომწონდა. ჩემი ახლო მეგობარი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან, როდესაც ნახა, რომ საქართველოში ერეკლეს სახით ასეთი ადამიანი არსებობდა, ძალიან მოეწონა და ხშირად მელაპარაკებოდა. ერთ დღეს მეგობრის "ფეისბუქზე" ვიღაც სხვას ვეძებდი, ვისი დამატებაც მინდოდა და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მეგობრებში ერეკლე დეისაძეც ჰყავდა და მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე. მერე ეს ამბავი საერთოდ დამავიწყდა. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ერეკლე ქალაქში არ იყო და ერთი კვირის შემდეგ დამთანხმდა მეგობრობაზე. მაშინ გამახსენდა, რომ მეგობრობის თხოვნა მქონდა გაგზავნილი და მისი სურათების დათვალიერება დავიწყე. ამ დროს მომწერა - "ლამაზი ხარ".

ერეკლე:

- პირველივე ნახვაზე ვუთხარი, შეიძლება, შეყვარებულები გავხდეთ-მეთქი და ძალიან გაბრაზდა. შეხვედრის დღეს ნასვამი ვიყავი. მერე მართლა უცებ გავხდით შეყვარებულები. თავიდან კრავაის ფოტოები რომ დავათვალიერე, ერთი ნახვით გამოქლიავება დამემართა და რეალურად რომ ვნახე, უფრო მომეწონა.

- კრავაი, შენ რით მოგხიბლა ერეკლემ?

- თავისი პიროვნებით. ხშირად ვამბობ, რომ როგორიც მეგონა, ისეთი არ აღმოჩნდა, უფრო უკეთესია.

- სახლში როგორ გაამხილე, ვინ იყო შენი შეყვარებული?

- (იღიმება) დედამ იცოდა, რომ ვმეგობრობდით, მაგრამ მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. მერე ხვდებოდა, რომ მარტო მეგობრები არ ვიყავით და რჩევებს მაძლევდა, რომ არ მეჩქარა, ცოტა თავი დამეფასებინა, ხომ იცით, როგორ იციან მშობლებმა. როდესაც ერეკლეს ცოლად გავყევი, დედამ მაშინ გაიგო, რომ რეალურად ერთმანეთი გვიყვარდა.

- ერეკლე, მომავალი მეუღლეს მოსახიბლად საკუთარ ლექსებს თუ უკითხავდი?

- კრავაისთვის ჩემი ლექსები არასოდეს წამიკითხავს, შეიძლება, ასე უფრო არ მოვწონებოდი. თან ახლანდელი პოეტები დებილები არიან. მათ ვიდეოებს რომ ვუყურებ, სადაც ლექსებს კითხულობენ, მიტყდება, სიტყვა - პოეტი როგორ გააფუჭეს.

კრავაი:

- ერეკლეს შემოქმედებაც მომწონს, მაგრამ, პირველ რიგში, მისი გემოვნება, რა მუსიკას უსმენს, ვის ნაწარმოებებს კითხულობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ყველაფერი ემთხვევა.

ერეკლე:

- წიგნებს ორივე შუაღამემდე ვკითხულობთ, მერე დილას ვაგრძელებთ. არ მომწონს ძილის წინ კითხვა, ვფიქრობდი, ისეთი მეუღლე შემხვდებოდა, რომ ამას გადამაჩვევდა, მაგრამ ესეც ჩემნაირი აღმოჩნდა.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ისტორია?

კრავაი:

- ოთხი-ხუთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს უკვე ტყუილს მივეჩვიე, მერიდებოდა, დედა რომ მენდობოდა და მე პაემანზე მივდიოდი. თან აბიტურიენტი ვიყავი, მაგრამ არ ვმეცადინეობდი. არც ვემზადებოდი, მაგრამ მაინც მეყო ჩემი ჭკუა, რომ 70%-იანი გრანტი ავიღე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მანამდე ერეკლე მპირდებოდა, თუ გრანტს ავიღებდი, ნაყინს მიყიდდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ერთ ცალს თუ საოჯახოს. ჩაბარების შემდეგ ვუთხარი, რომ ჩემთვის საოჯახო ნაყინი ეყიდა, გაბრაზდა, მე ერთ ცალს შეგპირდიო და ბოლოს ის საოჯახო ნაყინიც მისმა მეგობარმა მიყიდა (იღიმება).

- კრავაი, შენს თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდა?

- ერეკლე მიყვარდა და ამის საბაბი არ ჰქონია. თან არ არის ეჭვიანი, რომ ეთქვა, აბა, ვის უყვარხარო. არც მე ვარ ის ტიპი, რომ ამით თავი მომეწონებინა.

ერეკლე:

- კრავაის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, არ გეტყვით ვინ, ძალიან ცნობილი რეჟისორია, თან უამრავ რამეს დაჰპირდა.

- რომელსაც შენ აჯობე?

- დიახ, ბევრმა ფაქტმა შეუწყო ამას ხელი. როდესაც წარმოვიდგინე, მომავალში უნივერსიტეტში რამდენს მოეწონებოდა, ვიფიქრე, რომ ჯობდა, მანამდე მომეყვანა ცოლად, თან ისეთი განცდა მქონდა, ბავშვია და გავზრდი-მეთქი და ახლა აქეთ მზრდის.

კრავაი:

- ერეკლე ძალიან ჯიუტია, შეიძლება იცოდეს, რომ კარგია, რასაც ეუბნებიან, მაგრამ არ გააკეთოს, რადგან ეს მის იმიჯს დაანგრევს. მე მაქვს ის პლუსი, რომ ჩემთან არ დასჭირდეს ეს ყველაფერი. მას არაფერს ვთხოვ, რამე რომ არ მომწონებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. შეიძლება იყოს პატარა ნიუანსები, რაც არ მომწონს და ვურჩიო, ასე აღარ მოიქცეს.

ერეკლე დეისაძე და კრავაი ტყემალაძე პალიტრაში- ცოლობა როგორ შემოგთავაზა?

- ძალიან უნდოდა ჩემს ოჯახში მოსვლა და დედას გაცნობა, მაგრამ ვაკავებდი, არ ვიცოდი, დედა როგორ მიიღებდა. ივნისის დასაწყისში მითხრა, გამოცდებს რომ მოვრჩებოდი, ოჯახის შექმნაზე გვეფიქრა. თავიდან სერიოზულად არ მიმიღია. პირველი გამოცდა რომ ჩავაბარე, მეგობარმა საჯარო ბიბლიოთეკაში გალაკტიონის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. იქ მოულოდნელად ერეკლეც გამოჩნდა, მაგრამ მალე წამოვედით, არ მოგვეწონა იქაური სიტუაცია, თან ერეკლე გამაღიზიანებლად იქცეოდა. უკან იდგა და ტაშს უკრავდა, ყველა მას უყურებდა. იქიდან საქველმოქმედო აქციაზე წავედით და შემდეგ მის მეგობართან. იმ დღეს შევუღლდით.

ერეკლე:

- გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ იმ დღეს მომეყვანა ცოლად, მაგრამ მინდოდა, იქ ერთი საათი კიდევ დარჩენილიყო. დედამ მოსწერა, ერთ საათში სახლში იყავიო. კრავაი რუსთავიდან არის და ვთხოვე, დედასთვის მიეწერა, რომ ორ საათში მივიდოდა, მაგრამ უარი მიიღო.

კრავაი:

- ერეკლემ რომ მითხრა, მოდი, დარჩიო, ვუთხარი, ბარემ სამ გამოცდასაც ჩავაბარებ და მერე გამოგყვები-მეთქი. უკეთესად ჩააბარებ, ჩემი ცოლი რომ იქნები, დრო დაგეზოგება და ღამე აღარ ვიმესიჯებთო. შემდეგ უკვე მეგობრებმაც იაქტიურეს, კარი გადაკეტეს, გასაღები გადაყლაპეს (იცინიან). ყველაზე სასაცილო დედასთან დარეკვის სცენა იყო. მე ტელეფონი გამოვრთე და ერეკლეს ვთხოვე დაერეკა. ამ დროს კარის უკან დავიმალე და თავი მქონდა გამოყოფილი. უთხრა, ეთერი დეიდა, კრავაი გათხოვდა, ცოლად მოვიყვანეო. დედამ ტელეფონი ცივად გაუთიშა. შემდეგ ნათესავებმა დამირეკეს, აინტერესებდათ, როგორ მივიღე გადაწყვეტილება, ბოლოს ყველა გვილოცავდა.

ერეკლე:

- დედაჩემს მანამდე ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავდა და ცოლად მოყვანას ვაპირებდი. დღეს ძალიან უყვართ კრავაი. ჩემი დაოჯახებიდან ერთ თვეში ჩემმა ძმამ მომღერალ ანი ჯალაღონიაზე იქორწინა.

- კრავაი, ერეკლეს წიგნები თუ წაიკითხე?

- მისი დაწერილი ლექსები და ჰაიკუები ყოველთვის მომწონდა. "საიდუმლო სირობის" რამდენიმე მოთხრობა გათხოვების შემდეგ წავიკითხე და ერეკლეს ახალ წიგნს "დამლაგებელს" ვერც შევადარებ. აქ აღარ არის იმდენი ბილწსიტყვაობა და ეროტიკა. როცა პაოლო კოელიოსავით, რომელიც ჩემთვის იაფფასიანი პორნოგრაფიაა, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ბილწად წერო, ჩემთვის ეს მხოლოდ სისუსტეა, მაგრამ როცა ამას იმისთვის აკეთებ, რომ რაღაცას მალე მიაღწიო და წლები არ დაგჭირდეს, მისაღებია.

ერეკლე:

- ახალი რომანის წერა დავიწყე, ისეთია, რომ თავად მეშინია. წიგნში მთლიანად ჩავდე ჩემი ზიზღი და პროტესტი პოლიტიკის მიმართ. ყველა პოლიტიკოსი იცნობა, რეალურ ფაქტებზე ავაგე. ისეთი ისტორიები მოვიძიე, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. აბსურდის თეატრია თავიდან ბოლომდე.

- პოლიტიკურადაც ერთ აზრზე ხართ?

- კრავაის პოლიტიკა არ აინტერესებს. მაგაზე ვკამათობთ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ, წარმოუდგენელია, შენც არ გეხებოდეს. მე ადრეც მაინტერესებდა პოლიტიკა.

კრავაი:

- მერე ნაციონალების მხარდამჭერი იყავი.

ერეკლე:

- როგორ არ ვიყავი, მაშინ ყველა ვიყავით (იღიმება).

კრავაი:

- წლები ისე გადიოდა, რომ დედა და ბებია პოლიტიკით არ ინტერესდებოდნენ. პროტესტი ჰქონდათ შევარდნაძის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, მათთვის ისეთივე სასაცილო იყო, როგორც ჩემთვის, მაშინ ბავშვი ვიყავი. მთელი საქართველო მიშას ყვიროდა და დროშებს აფრიალებდა. დედა იჯდა და მოწყენით ამბობდა, კიდევ ერთი შევარდნაძის ეპოქა დაიწყოო. ახლაც შეიძლება, ასე მოხდეს, ახალი ადამიანი მოვიდეს და არც ის იყოს უკეთესი.

ერეკლე:

- მე ხალხზე ვბრაზდები, თორემ მათ ადგილებზე რომ დამსვა, შეიძლება, მეც ცუდი ტიპი ვიყო. ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა წავიკითხე, რაღაცები მომეწონა, რაღაც - არა. ვაპირებ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიების პროგრამებიც წავიკითხო. დარწმუნებული ვარ, ხალხის დიდი ნაწილი არ წაიკითხავს, არადა, რას აძლევ ხმას, ხომ უნდა იცოდე. იქნებ, რას წერენ?.. "კურიერსა" და "ქრონიკას" რომ უყურებენ, ეგ უფრო საზიზღრობა არ არის? მაგას არ ჯობია, რომ ყველას პროგრამა წაიკითხონ და მერე პოზიციაც ექნებათ.

- პოლიტიკიდან ისევ პირადზე გადავიდეთ, თანაცხოვრების შემდეგ ახალი რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

კრავაი:

- მანამდეც ვიცოდი, რომ ერეკლე მშობლებს, ნათესავებს პატივს სცემდა, მაგრამ ახლა ვნახე, რომ დედაზე გიჟდება. საერთოდ სხვანაირია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

- ამბობენ, რომ დაოჯახების შემდეგ ძალიან შეიცვალა.

- დაოჯახების ბრალი არ არის, გაიზარდა.

ერეკლე:

- მეც ასე ვფიქრობ, შეიძლება, ვიღაცებს ამით იმედი გავუცრუე, თუმცა როგორიც ვიყავი, ის ტიპი დავრჩები, მაგრამ უფრო განვვითარდები ჩემს საქმეში. არსებობს ცუდი, საშუალო და კარგი ეპატაჟი. აქამდე საშუალო ეპატაჟს ვაკეთებდი, ახლა უფრო ხარისხიანს გავაკეთებ, თორემ არც მანამდე მიყვარდა ტყუილი და უსამართლობა და არც ახლა მიყვარს.

- ერეკლე, ახლა სად ცხოვრობთ, მახსოვს, ადრე ინტერვიუში მითხარი, რომ არ მუშაობდი და მეგობრები გინახავდნენ.

- ახლა მივხვდი, რომ უნდა ვიმუშაო, მაგრამ ამ ეტაპზე ბლოგებს ვწერ და მცირე შემოსავალი მაქვს. სამსახურზე ოქტომბრის შემდეგ ვიფიქრებ, როცა არჩევნები ჩაივლის. ვნახოთ, რა მოხდება ქვეყანაში. წინათგრძნობა მაქვს, რომ ძალიან აირევა ყველაფერი და შეიძლება, ცუდი რაღაცებიც მოხდეს. ამ ეტაპზე ჩემს დეიდაშვილთან ვცხოვრობთ, ისე შეუყვარდა ჩემი მეუღლე, რომ მითხრა, აქ იყავითო. რამდენიმე თვეში ბინას ვიგირავებთ და ცალკე გადავალთ.

- კრავაი, შენ არ წერ?

- დიახ. მოთხრობებს უფრო ვერიდებოდი, ჩანახატებსა და ლექსებს ვწერ.

ერეკლე:

- თან იცით, როგორ წერს, რაღაც მომენტში შურის გრძნობა გამიჩნდა, კინაღამ წავშალე ყველაფერი. ძალიან კარგი ფრაზები აქვს. ლექსები არ წამიკითხავს, ქალების პოეზიაზე ვიცინი. ჩარლზ ბუკოვსკის აქვს ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი: როდესაც საყვარელი ქალი ფეხებს არ გიშლის, ან პოეტია, ან შეყვარებული (იღიმება). რამდენიმე ფრაზა კრავაის ჩანახატებიდან მოვიპარე და ჩემს ახალ ტექსტში გამოვიყენე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"