კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის მიმართვას განიხილავს

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის მიმართვას განიხილავს

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა და ამ საკითხზე სტამბულში შეხვედრა მიმდინარეობს , რომელსაც ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

"საკითხი დაახლოებით ასე დგას - აფხაზური მხარე ითხოვს გარკვეულ თავისებურებებს, რაც ამ ეპარქიისთვის იქნება აუცილებელი და მათ ამ თხოვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართეს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, როგორც დედა ეკლესიამ, თავი ვალდებულად ჩათვალა, აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდეს. აფხაზები ამბობენ, რომ 20 წელია, მათთან საქართველოს და, შესაბამისად, ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვერ ხორციელდება და აქვთ გარკვეული მოსაზრებები, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომდე მიიტანეს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ამასთან, პატრიარქის მდივნის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დღეიდან ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს აფხაზურ მხარესთან მიმართებაში.

"შეხვედრა სტამბულში მიმდინარეობს, სადაც ამ მისიით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ეკლესიის დელეგაცია იმყოფება. ის მოისმენს არსებულ საკითხს, ჩამოიტანს ინფორმაციას და მასზე უკვე პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად იმსჯელებს", - განმარტა მიქაელ ბოტკოველმა.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფხაზური მხარე აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფას ითხოვს, დეკანოზის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები დღეიდან იწყება, მათი კონკრეტული მოთხოვნა ჯერ უცნობია.

"ერთი რამ ფაქტია, აფხაზეთი არის საქართველოს ეკლესიის იურიდიული საზღვარი და იქ სხვა წარმონაქმნი ჩვენი ეკლესიის ნებართვის გარეშე ვერ შეიქმნება", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?