ფილარმონიის წინ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ასეულობით მოქალაქეა შეკრებილი; საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და უბრალო მოქალაქეების გარდა, იქ იმყოფებიან პატიმრების ოჯახის წევრებიც. მათი განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის, რის კონტექსტშიც ისინი კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
ამასთან აქციაზე ისმის მოთხოვნები, რომ დაისაჯოს შს მინისტრი ბაჩო ახალაიაც, რომლის გვარიც გუშინ გავრცელებული ვიდეომასალებში ფიგურირებს.
როგორც აქციაზე რამდენიმე წუთის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რამოდენიმე წუთში მათ არასამთავრობო სექტორის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელებიც შეუერთდებიან, რომლებმაც, ცაგურიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.
"არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები და უფლებათა დამცველები ამ წუთებში საია-ს ოფისში არიან შეკრებილნი, მათ შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, ცოტა ხანში კი ისინი ჩვენ შემოგვიერთდებიან", - განაცხადა ცაგურიამ.
ამასთან, მან აქციაზე ახალაიას გადადგომის მოთხოვნაც გააჟღერა. მისი თქმით, ყველაფერი იმ უკანონობის სათავე, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, სწორედ ბაჩო ახალაიაა.