"თავისუფალი საქართველოს" ლიდერები ხათუნა კალმახელიძის დაკავებას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში განვითარებული მოვლენები და სკანდალი მალე ქვეყნის მასშტაბებს გასცდება და მსოფლიო თემა გახდება. კუკავას თქმით, თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადადგომა ისეთივე ცინიზმია, როგორც პატიმრების წამება და ის კადრები, რომლებიც გუშინ ტელეკომპანია "მე-9 არხმა" და"მაესტრომ" გაავრცელა.
კახა კუკავას განცხადებით, მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა პატიმრების წამებას და ამით სიამოვნებას იღებდა. როგორც კუკავამ აღნიშნა, თანამდებობიდან კალმახელიძისა და ჭაკუას გათავისუფლება სასჯელი არ იქნება აღნიშნული პირებისთვის. მისი თქმით, საზოგადოება ისეთივე აქტიური უნდა იყოს და შეეწინააღმდეგოს აღნიშნულ ფაქტს, როგორიც იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.
კახა კუკავას განცხადებით, დღეს 14:00 საათზე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან "თავისუფალი საქართველო" საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც მან განაცხადა, პარტიის მომავალი სტრატეგია შეიცვლება და მთლიანად დაეთმობა დამნაშავე ჩინოვნიკების სახლებთან და სამსახურებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას.