რა ოცნების ასრულებას დაჰპირდა შალვა შავგულიძე უმცროს შვილს

რა ოცნების ასრულებას დაჰპირდა შალვა შავგულიძე უმცროს შვილს

შალვა შავგულიძე ბოლო წლების უამრავი გახმაურებული საქმის უშუალო მონაწილე გახლდათ, ბევრი მათგანის უკან პოლიტიკური ინტერესებიც იკვეთებოდა, დღეს კი პოლიტიკურ პროცესებში თავად ჩაერთო. ფიქრობს, რომ ერთი ადვოკატის საქმიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლიანი ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურია და იმედი აქვს, რომ თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში.

ყოფილ ადვოკატს და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს თავის ოფისში შევხვდით, რომელიც ფალიაშვილზე მდებარეობს. თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი შალვა შავგულიძემ სწორედ ამ ქუჩაზე გაატარა...

- ადვოკატობა და პოლიტიკოსობა - ორივე უამრავ სირთულეს უკავშირდება. გიყვართ სირთულეები?

- ყოველ შემთხვევაში, სირთულეს არასდროს გავქცევივარ, პასიური პოზიცია არასდროს მქონია. ალბათ, ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს. მიყვარდა ჩე­მი პროფესია და არ ვიყავი პოლიტიკაში, თუ­მცა სტუდენტობიდან მოყოლებული, თუკი რა­იმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, აუცილებლად ვერთვებოდი. 1978 წელს, როცა ქართულ ენას დაცვა დასჭირდა, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას პროცესებში, ვიდექი მოედანზე, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდა. 9 აპრილის მოვლენებსაც გავიხსენებ, დაიძაბა სიტუაცია და რეალურად იგრძნობოდა ჰაერში სერიოზული საფრთხე. მეგობრებთან ერთად იქ გახლდით, სამოყვარულო კამერით ვიღებდით, რა ხდებოდა, როდესაც რუსის ჯარი შემოვიდა თბილისის ქუჩებში, რამდენიმეჯერ შეგვამჩნიეს და გამოგვეკიდნენ კიდეც. თავდაპირველი შეფასებები გახსოვთ ალბათ, თითქოს ხალხი ჭყლეტაში დაზიანდა. ამ ვერსიის უგულებელსაყოფად მე და ჩემი ამჟამინდელი მეუღლე ლუბა ელიაშვილი, რომელთანაც მაშინ მხოლოდ ვმეგობრობდი, ერთად ვაგროვებდით ხელმოწერებს იმის დასადასტურებლად, რა მოხდა რეალურად. ოთხი ათასამდე ხელმოწერა შევაგროვეთ რადენიმე დღეში და სობჩაკის კომისიასაც გადავეცით ორიგინალები.

აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც ბევრი ჩემი მეგობარი გაერთიანდა და მეც მათთან ერთად პირველივე მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციაში მივიღე მონაწილეობა. ფოთიდან გავედით, ლესელიძესთან უნდა გადავმსხდარიყავით, მაგრამ იქ არ შეგვიშვეს და დაბა განთიადთან დავბანაკდით. მაშინ პირველივე ბრძოლაში დაიღუპა ჩემი ორი ახლო მეგობარი - კოკა კლდიაშვილი და სანდრო ვაჩეიშვილი.

- ალბათ ეს ძალიან მძიმე მოგონებებია. თუ გათავისუფლდით ამისგან?

- ვერასდროს გავთავისუფლდები. ეს ჩემთან რჩება. წელიწადზე მეტხანს ვიყავი იქ და ამ ომში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია. მართალია, უვნებელი ჩამოვედი, მაგრამ ის მოგონებები დამრჩა. ომის დავიწყება შეუძლებელია, იმ ემოციითა და იმ დაღით აგრძელებ ცხოვრებას... აფხაზეთის ომის დროს მე და ლუბას უკვე ოჯახი გვქონდა, გიორგი 4 წლის იყო. ომის დროს სულ ორჯერ მოვახერხე მათი ნახვა ორ-ორი დღით. არ იყო ადვილი იქ ყოფნა, მაგრამ ლუბაც და ჩემი მშობლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს. ომში ჩემი ძმაც იყო. მშობლები და ჩემი მეუღლე ისხდნენ ტელევიზორთან და ამბებს იგებდნენ. რომ დავბრუნდი, მერე გავიგე, გიორგის დედისთვის უთქვამს, ტელევიზიით გამოაცხადეს, ფიცხელი ბრძოლებიაო და ალბათ მამას მოკლავენ, ფიცხელი ხომ დიდ ომს ნიშნავსო...

- ომის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- ადვოკატობა 1996 წელს დავიწყე. როდესაც იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, გადაწყვეტილი მქონდა, მუშაობა სამართლის მეცნიერებაში გამეგრძელებინა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის კათედრის ასპირანტურაში ჩავირიცხე. ძალიან საინტერესო სამეცნიერო თემა მქონდა, რომელიც დანაშაულის ცნებას ეხებოდა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ისეთი პერიოდი დადგა, ვერ შევძელი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება. დისერტაციაზე ვეღარ ვიმუშავებდი, პროფესორიც რომ ვყოფილიყავი, ამით ოჯახს ვერ ვარჩენდი. მივხვდი, რომ უკვე პრაქტიკული სამუშაო მჭირდებოდა. ჩემი მეუღლე ფსიქოლოგი გახლდათ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს შემომთავაზეს პროკურორის თანამდებობა, რასაც დავთანხმდი. ერთი წელი ვიმუშავე პროკურატურაში, ხელფასიც ძალიან დაბალი იყო, კუპონებს გვიხდიდნენ და არაფერში ჰყოფნიდა ოჯახს. სამსახურში ჩემი საქმე შემოსულ საჩივრებზე დასკვნების წერა იყო. მალე მივხვდი, რომ ყველა ჩემი დასკვნა არა პროკურორის, არამედ ადვოკატის ხელით იყო დაწერილი (იღიმება). 1996 წელს დავწერე განცხადება, წამოვედი პროკურატურიდან და გავხდი მთაწმინდის რაიონის ადვოკატი.

- იმ პერიოდში ამ პროფესიას რაიმე ფასი ჰქონდა? ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, როგორ იგებდნენ ადვოკატები საქმეებს.

- სიმართლე უნდა ითქვას, იმ პერი­ოდში უფრო შეიძლებოდა სამართლის მი­ღწევა. სამწუხაროდ, 2004 წლის შემდეგ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოსპო სასამართლო საქართველოში. სამართალწარმოების ყველა სტანდარტი დაირღვა. გატარდა ისეთი ცვლილებები, რომ რიგ შემთხვევებში ბრალდების მხარე დომინირებს სასამართლოს ნებაზე. ამისი ნათელი მაგალითი გირგვლიანის საქმე იყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინეს განსაკუთრებული სისასტიკით. პროკურორმა საკუთარ კაბინეტში ამ ქმედებას მისცა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია, რაც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. პრივატულ საუბრებში მოსამართლეებს უთქვამთ, რომ ეს არასწორი კვალიფიკაცია იყო, მაგრამ რა ვქნათ, არ შეგვიძლია, საქმე უკან დავაბრუნოთ, შენ კი სხვა კვალიფიკაციის მოთხოვნის უფლება არ გაქვსო. მოსამართლეებმა სხვა რამ დააშავეს, ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება მოვითხოვე, მაგრამ არც ამისი უფლება მოგვცეს. ახლა უარესი მდგომარეობაა, რადგან დაზარალებული საერთოდ მხარედ აღარ მიიჩნევა. შუამდგომლობის დაყენების უფლებაც ჩამოერთვა.

- გირგვლიანის საქმე ყველაზე მძიმე იყო თქვენს საადვოკატო პრაქტიკაში?

- ემოციურად ყველაზე მძიმე. გამოძიებაც და სასამართლოც ყველაფერს არღვევდა, რისი დარღვევაც შეიძლებოდა... ძალიან რთული იყო სიმშვიდის შენარჩუნება. შინაარსით ეს საქმე არ იყო რთული. მანამდე გაცილებით მძიმე საქმეები მქონია. მაგალითად, "ვალერი ასათიანი "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ". ბატონი ვალერი აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა "60 წუთს" უჩიოდა. მაშინ ჟურნალისტთა ჯგუფი და ტელეკომპანია ძალიან უღირსად მოიქცნენ, როდესაც ვალერი ასათიანს მკვლელობა დააბრალეს. მისი შვილი ავად გახლდათ, მოგვიანებით გარდაიცვალა. ბრალდებულ კერესელიძეს ორი ადამიანის მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. გადაცემამ კი საზოგადოებას აჩვენა, თითქოსდა ეს მკვლელობები ვალერი ასათიანმა ჩაიდინა. თითქოს მას ურჩიეს სატანისტური მკვლელობის ჩადენა, რის შედეგადაც მისი შვილი შეიძლებოდა განკურნებულიყო. ამ ბინძურმა ცილისწამებამ ძალიან ცუდად იმოქმედა ბატონი ვალერის შვილზე და დააჩქარა მისი გარდაცვალება.

ახალგაზრდა დემოკრატიული ფრთა, როგორც მათ უწოდებდნენ, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან ცუდად ჩაერივნენ ამ საქმეში. სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის ხელმოწერა ჰქონდა ყალბ საშვს, რომელიც "60 წუთის" ჟურნალისტებს გამოუწერა, თითქოს ისინი კერესელიძის ნათესავები იყვნენ. ამ ყალბი საშვებით შევიდნენ ავჭალის კოლონიაში და ჩაწერეს ტელეინტერვიუ პატიმართან. მას რეალურად ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, რაც მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადამოწმდა და დადასტურდა. მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში დაიგეგმა ის ბინძური ცილისწამება და მათ გაგზავნეს ჟურნალისტები ავჭალის კოლონიაში. ახალგაზრდა რეფორმატორ სააკაშვილს სასამართლო რეფორმა ჩატარებული ჰქონდა და გავლენა ამ სფეროზე უკვე მის ხელთ იყო. როცა გამოჩნდა, რომ "რუსთავი 2" აგებდა ამ საქმეს, ააცილეს კოლეგიას საქმე და განმეორებითი განხილვა დანიშნეს. მოსამართლე მაგდა ჩანტლაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან უსამართლო გადაწყვეტილება არ მიიღო. "60 წუთს" 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა მედიასაშუალებებით. ტელეკოპანიამ გადაცემა "60 წუთი" სწორედ იმიტომ გააუქმა, რომ ბოდიში არ მოეხადა. იმ პერიოდში შესაძლებელი იყო ობიექტური განაჩენის მიღება.

შალვა შავგულიძე- პოლიტიკაში წასვლის გადაწ­ყვ­ეტილება ადვილად მიიღეთ?

- ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. გადიოდა წლები და ვხედავდი, რომ ეფექტურად ვეღარ ვიცავდი ჩემი კლიენტების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციიის პრობლემა არ მქონდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ევროპული სასამართლო იყო, სადაც, მაგალითად, გირგვლიანის საქმე მოვიგეთ, მაგრამ ვხედავდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. თუკი ქვეყანაში არ იქნა სამართალი, ევროპული სასამართლო ამას ვერ უზრუნველყოფს. მივხვდი, რომ საჭირო იყო სხვა გზის მოძებნა. მდგომარეობის გამოსწორებას ეს პოლიტიკური ძალა, რასაკვირველია, არ ინებებდა. მათ თავიანთ თავზე მოირგეს მართლმსაჯულება. დღეს ადეიშვილი ობობასავით აზის ამ სფეროს და მას პროკურორების მეშვეობით მართავს.

როდესაც ეს ყველაფერი დავინახე, გადავწყვიტე, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლაში. ის უსამართლობა, რაც ამ ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრდა, მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა არ არის. როდესაც ქვეყანაში სამართალი არ არის, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კედელი ჩნდება, უსამართლო ქვეყანაში სამშობლოს განცდაც იკარგება. სიკეთეს ამ ქვეყნიდან მაშინ მივიღებთ, როდესაც სამართალი დაბრუნდება. პოლიტიკაში ჩემი ყოფნის აზრს სწორედ ამაში ვხედავ. მხოლოდ სამართლის დაბრუნებაც არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში დამახინჯდა. გარდა ამისა, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო და პოლიტიკური წნეხისგან, აუცილებლად უნდა გადაისინჯოს ის საქმეები, რომელიც თავისუფლებას მოკლებულმა სასამართლომ მიიღო მახინჯი კანონების მიხედვით. ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდება და სამართლის ბეწვის ხიდზე გავლას დაემსგავსება. ეს ყოველივე ობიექტურად უნდა შეფასდეს. უდანაშაულო ადამიანების სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და გაიცეს კომპენსაციები. რასაკვირველია, ეს ვერ გაუტოლდება წამყვანი ქვეყნების მიერ გაცემულ კომპენსაციას, მაგრამ გარკვეული თანხის გადახდა აუცილებელი იქნება. გარდა ამისა, უნდა დადგეს ნებისმიერი რანგის სახელმწიფო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი, მათი, ვინც ამ წლებში დანაშაული ჩაიდინეს, არა მხოლოდ სისხლის სამართლის, და აქ ვგულისხმობ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მკვლელობებს, ასევე გამოუძიებელ საქმეებს - ზურა ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის გარდაცვალებას, არამედ ეკონომიკურ დანაშაულებსაც.

- ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ "ქართული ოცნებიდან". აღნიშნეთ, რომ ვაკეში გაიზარდეთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- მესამე თაობა ვარ, ვინც ვაკეში გაიზარდა. ბაბუა, ვისი სახელიც მქვია, ფალიაშვილზე ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. 1937 წელს ის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ბებია მარტო დარჩა მამაჩემთან და მამიდაჩემთან ერთად. ბებია ექიმი გახლდათ, მაგრამ პროფესიით მუშაობა აუკრძალეს. სახლი ჩამოართვეს და მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრების უფლება მისცეს. ამ ერთ ოთახში გაზარდა შვილები. შემდეგ მოხდა რეაბილიტაცია და სახლი დაგვიბრუნდა. მამას და მე ერთი სკოლა გვაქვს დამთავრებული, 55-ე. ჩემმა ძმამაც და ძმისშვილმაც იგივე სკოლა დაამთავრეს. ჩემი ოჯახის ისტორია, იმ ჭირ-ვარამით, რაც ქვეყანამ გაიარა, ვაკეს უკავშირდება. დაოჯახების შემდეგ მთაწმინდაზე გადავედი. ძალიან მიყვარს ეს უბანიც, მაგრამ ვაკე ჩემი სახლია, აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად, აქ მყავს მეგობრების უმეტესობა. ახლა რომ გაეროს შენობაა, იქ ბაღში დავდიოდი. მის ეზოში ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად (იღიმის).

- თქვენი მეუღლე ახსენეთ. ქალბატონი ლუბა როგორ შეხვდა თქვენს პოლიტიკაში წასვლას და რჩევებს თუ გაძლევთ?

- სწორად შეაფასა ჩემი ეს ნაბიჯი და გაგებით შეხვდა. ის ხედავდა, ყველაფერს ვაკეთებდი, როგორ ადვოკატი, მაგრამ შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე, ჩემთვის კი ეს მიუღებელია. ლუბა მანამდეც მომხრე იყო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. უბრალოდ, კონსერვატორი ვარ ხასიათით და უფრო ადრე ვერ მივიღე ეს გადაწყვეტილება, სანამ არ დავრწმუნდი, რომ უფრო მეტის გაკეთება პოლიტიკურ ასპარეზზე შემიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი თანამოაზრეების მხარდაჭერას გრძნობდე და მარტო არ იყო ამ ასპარეზზე. ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია, ბედნიერებაა იბრძოდე გამარჯვებისთვის იმ ადამიანის მხარდამხარ, რომელმაც თავისი ცხოვრებით, ქველმოქმედებითა და სწორი ნაბიჯებით უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა ჩვენს ქვეყანაში.

პოლიტიკა ჩემთვის მაინც ახალი სფეროა. მეუღლე, როგორც ფსიქოლოგი და ჟურნალისტი, შენიშვნებს მაძლევს, რა როგორ ჯობია. სიმართლე გითხრათ, ხშირად ამირიდებია თავი ინტერვიუსთვის. არ ვიყენებდი მედიას ჩემს საქმიანობაში. მახსოვს, ერთხელ პრიზად გადმომცეს ცოცხალი ოქროს თევზი აკვარიუმში - ნომინაციაში გავიმარჯვე, როგორც ადვოკატმა, რომელიც საკუთარ საქმიანობაში წარმატებას გაუხმაურებლად აღწევს.

ლუბა ახლა კატეგორიულად ითხოვს, რომ მედიასთან მეტი ურთიერთობა მქონდეს.

- შვილები გვერდით გიდგანან?

- გიორგი იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს. ჩვენთან შტაბში გახლავთ დასაქმებული და სამართლებრივ თუ პიარის საკითხებში გვეხმარება. სხარტი გონება აქვს და რჩევებსაც მაძლევს. ელენე 12 წლისაა და სულ აინტერესებს, რატომ ვეღარ იცლის მამა იმისთვის, რომ ძაღლები ერთად გავასეირნოთ. ლაბრადორი და პოინტერი გვყავს. წინასაარჩევნო პერიოდში საერთოდ ვერ ვიცლი მასთან ურთიერთობისთვის. ამას წინათ მკითხა, პოლიტიკოსი რომ იქნები, ისევ ვერასდროს ვერ მოიცლი ჩემთვისო (იცინის)? იმედია, არჩევნების შემდეგ ავუხდენ ამ ოცნებას და ერთად გავისეირნებთ.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"