"ქართული ოცნება" - "შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი ჩვენი ძალებისა და ენერგიის მიმართვა არჩევნების დღისკენ"

"ქართული ოცნება" - "შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი ჩვენი ძალებისა და ენერგიის მიმართვა არჩევნების დღისკენ"

"ქართული ოცნება" პატიმართა ოჯახებს თანაუგრძნობს და მათ ყველა მოძალადის სათანადოდ დასჯას ჰპირდება.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი არა რომელიმე მეციხოვნე ან მინისტრი, არამედ სააკაშვილის მიერ შექმნილი "მანკიერი რეჟიმია".

"ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვართ ღირსებაშელახული მოძალადე ხელისუფლებისაგან. ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი არის არა რომელიმე მეციხოვნე ან თუნდაც მინისტრი, არამედ სააკაშვილის მიერ შექმნილი მანკიერი რეჟიმი. ამიტომ ჩვენ არ და ვერ შემოვიფარგლებით ცალკეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებით ან დასჯით. ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოუტანოს ვერდიქტი არსებულ რეჟიმს და ეს უმსგავსობა, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დამთავრდეს. გვესმის, რა ხდება დღეს პატიმართა ოჯახებში. თანავუგრძნობთ მათ და ვპირდებით, რომ ამ განუკითხაობას მალე მოეღება ბოლო და ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ძალზე მძიმე გადასატანია იმ ათიათასობით სამართალდამცველის, პოლიციელის თუ ჯარისკაცისთვის, რომლებსაც არასოდეს უკადრიათ მსგავს სიბინძურეში მონაწილეობა, მაგრამ რომლებზეც ახლა საზოგადოების მხრიდან ეჭვის თვალია მიპყრობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია "სუფთა სინდისის" ყველა სამართალდამცველსა და საჯარო მოხელეს მიმართავს, რომ მათი რეპუტაცია დაცული იქნება და სხვის ნაცვლად პასუხისგება არ მოუწევთ.

"ამისათვის საჭიროა, რომ არც დღეს და არც ხვალ არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, თავად აჩვენოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები და თავი დააღწიოთ მორალისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული მმართველი რეჟიმის სამსახურს. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1-ელ ოქტომბერს. მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სიმშვიდე და კეთილგონიერება. მორალურად გაკოტრებული ხელისუფლება შეეცდება პროვოკაციების მოწყობით აგვაცდინოს არჩევნებში გამარჯვების გზას. გვესმის ყველასი, ვინც დღეს საჯაროდ გამოხატავს პროტესტს და მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში. მაგრამ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი ჩვენი ძალებისა და ენერგიის მიმართვა არჩევნების დღისკენ. 1-ელი ოქტომბერს საერთო ეროვნულ აქციაზე - არჩევნებზე - უნდა გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალური და საერთო ეროვნული ნება და შევქმნათ ზნეობისა და კონსტიტუციის პატივისმცემელი ხელისუფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა