გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა

გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა

ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას, - ასე ეხმაურება 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია პატიმართა სასტიკი ცემისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას და ფიქრობს, რომ "სახელმწიფო ავადაა".

აღნიშნულთან დაკავშირებით მურღულიამ საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც შემდეგი სათაური გაუკეთა: "მრავალფუნქციური ცოცხი ანუ კორპორაციული ზნეობა".

"ცოცხის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ გახვეტოს. ცხადია, შეიძლება მისი სხვა დანიშნულებებითაც გამოყენება - ეს დამოკიდებულია ფანტაზიაზე, საჭიროებაზე ან (ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია!) - ზნეობაზე. უწყინარ ზღაპრულ ფანტაზიაში ზოგიერთი პერსონაჟი ცოცხით დაფრინავს, მავანი უსაქმურები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გადააგდებს ამ ნივთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას. ის გონება თუ განწყობა, რომელიც კაცის ცოცხით გაუპატიურებას მოიფიქრებს და განახორციელებს, ეშმაკის სიამოვნებას ემსახურება და მის ბუნებას გამოხატავს. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება "შემოედროოს". რაც ვიხილეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავად არის", - აცხადებს მურღულია.

მისივე განმარტებით, აღარავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს, როდესაც ასეთი "სისტემური მარცხი" (დიდი მენტალური მარცხიც) მკაფიოდ თვალსაჩინოა და ამას პირველი პირები საჯაროდ აცხადებენ.

"დაუშვებელია, საქმე სადმე კარგად იყოს, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები (ვინც ეკრანზე ვიხილეთ, სწორედ ასეთი სტატუსის მატარებელნი არიან) მუდმივად არიან დაკავებულნი ადამიანის ნებისა და ღირსების დათრგუნვითა და შეურაცხყოფით. ეს არ არის უბრალოდ "სასჯელი". ეს არის პიროვნების განადგურება. ეს არის ტკბობა ადამიანის ბუნების გახრწნით - და არა მხოლოდ ტკბობა, არამედ - თვითტკბობაც, რადგან ვინც სხვას ექცევა ასეთი სადიზმით, საკუთარ თავსაც იმავეს უკეთებს", - წერს ის.

რაც შეეხება ცოცხს, რომელიც აღნიშნულ კადრებში ფიგურირებდა, მურღულიას შეფასებით, შესაძლოა, სიმბოლურად (ან - ნაკლებ სიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს.

"ცოცხი, რომელიც იმ ამაზრზენ კადრებში ერთ სრულიად უადგილო ადგილას ვიხილეთ, შესაძლოა, სიმბოლურად ( ან - ნაკლებ სიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა ამ ფუნქციისკენ გაცილებით მეტად იხრება. რატომ? იმიტომ, რომ ზნეობა ზედმეტად მთლიანი რამ არის საიმისოდ, რომ მხოლოდ "ცალფად" აისახოს და კორპორაციულ ფუფუნებად იქცეს - მხოლოდ ის გამოხატოს, რაც მთელი საზოგადოებისთვის კი არა, მხოლოდ ზოგიერთებისთვის არის სასარგებლო. სიკეთე განუყოფელია - ის ან არსებობს, ან არა. მისი ნაწილობრივი არსებობა შეუძლებელია", - დასძენს მურღულია.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"