ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, - ამის შესახებ ჟვანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" დილის ეთერში პატრიარქთან დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის გუშინდელი სტუმრობის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 14:45 სათზე გააკეთა, სტუმრები კი საპატრიარქოში 15:00 საათზე მივიდნენ.

"თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ზეწოლისთვის გაკეთდა, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს იყო უშედეგო მცდელობა. უშედეგო იმიტომ, რომ მათი სტუმრობიდან ნახევარ საათში გავრცელდა მეორე განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მომხდარს კვლავ გმობს და საზოგადოებას უცხადებს, რომ საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები გადაიდო. მათ სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის, რომ სისტემის რეფორმირებას აპირებენ. როგორ აპირებენ რეფორმირებას - უფრო დახვეწილი ცოცხები და ხელკეტები შემოაქვთ თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მივიდნენ. ჩემთვის, პატრიარქთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას მოსვლა ნიშნავს იმას, რომ პენიტენციურ სისტემას მთლიანად ის და მისი ოჯახი განაგებს - ერთი ძმა შსს-შია, მეორე თავდაცვაში, მამა - მაჟორიტარობის კანდიდატია და არ ვიცი როგორ შინაგანი რწმენით იყრის კენჭს სამეგრელოში. ფაქტია, ეს ოჯახი ერევა პენიტენციურ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდოდა მასთან ერთად გენერალური ინსპექციის უფროს სოსო თოფურიძეს. პენიტენციურ რეფორმებზე სასაუბროდ თავად ამ სისტემის წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ის, რომ პატრიარქმა მომხდარის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ საზოგადოებას მიუთითა, ხელისუფლებისადმი ნდობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

"ნდობა იმდენად დაბალია, რომ თუ კომისიას ხელისუფლება შექმნის, ამას არ გამოიძიებს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოუწოდა პატრიარქმა საზოგადოებას, შექმნას უფრო კომპეტენტური კომისია ამ ფაქტების გამოსაძიებლად.", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, როდესაც გუშინდელი განცხადების ტექსტზე მუშაობდნენ, პატრიარქმა გამოიყენა ასეთი ფრაზა - ზოგადსაკაცობრიო ნორმებს ეწინააღმდეგება.

"მე უთხარი, ხომ არ ჯობია ქრისტიანული ვახსენოთ და მითხრა - არა. აქ არ არის მხოლოდ ქრისტიანულ მორალზე საუბარი, არამედ ეს არის ზოგადსაკაცობრიო მორალის პრობლემა და ამას ხედავს ჩვენი ეკლესიის მეთაური", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, მედიასაშუალებებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში.

"საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები", - ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"