სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში დაინიშნა. საქართველოს სახალხო დამცველი მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთელ სისტემაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, თუმცა მას სათავეში ძლიერი მინისტრი უნდა ჩაუდგეს.
"დაპატიმრებულებს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრებათ და სისტემაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ამას სათავეში უნდა ჩაუდგეს მინისტრი. გიორგი ტუღუში ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი ვერ გავითვალისწინეთ. ამიტომ ვნიშნავ ამ სისტემის ხელმძღვანელად რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს, გიორგი ტუღუშს და ამას შეგნებულად ვაკეთებ. ეს უნდა იყოს სხვა სისტემა. ჩვენ გვჭირდება ახალი სამინისტრო, სისტემა, რომელიც გამორიცხავს პროვოკაციებს, შეგნებით თუ შეუგნებლად ასეთი ტიპის დანაშაულებს. გიორგი ტუღუში არის წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტის წევრი, არის ერთ-ერთი უძლიერესი ექსპერტი ადამიანის უფლებების დარგში და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განათლება. მას ასევე ბევრი უბრძოლია ამ სისტემის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიორგი ტუღუშს სრული დამოუკიდებლობა ექნება და მის საქმიანობაში კანონის და საზოგადოების გარდა ვერავინ ჩაერევა.
"ყველანაირი პოლიტიკური მანიპულაცია მიუღებელია ამ თემებზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც იქნება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულისა და ადამიანის უფლებებს დარღვევის მიმართ. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რადიკალურ გამოწვევებზე ჩვენ იმაზე რადიკალური პასუხი გვაქვს, ვიდრე შეიძლებოდა რომელიმე ქვეყანას ეს გაეკეთებინა. მიხარია, რომ ადამიანმა, რომელიც პოლიტიკოსი არ არის, ამ რთული გამოწვევის წინაშე უკან არ დაიხია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტი.
გიორგი ტუღუში დღემდე საქართველოს სახალხო დამცველი იყო.