ბაჩო ახალაიას დააკავებენ?!

ბაჩო ახალაიას დააკავებენ?!

თუ ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე ხათუნა კალმახელიძის სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშით ჩანაცვლება უკმაყოფილების ტალღას ჩააცხრობდა, ეს იმედი არ გამართლდა. პროტესტი გრძელდება და ძალას იკრებს.

საინტერესო ისაა, რომ დღეს საზოგადოებას და საპროტესტო აქციების მონაწილეებს კალმახელიძე ნაკლებად ახსოვთ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნებია შს მინისტრის ბაჩო ახალაიას, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავასა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის გადადგომა.

ამ სამეულიდან საზოგადოების აღშფოთება და აგრესია, რომელიც საპატიმროებში საზარელი დანაშაულის გახმაურებამ გამოიწვია, ყველაზე მეტად ბაჩო ახალაიასადმი არის მიმართული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოსახლეობისთვის ბაჩო ახალაია არსებულ სასჯელაღსრულების სისტემასთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის აგვისტოდან ფორმალურად ამ უწყებასთან შეხება არ აქვს.

თავად ბაჩო ახალაიას მომხდართან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ან სად უნდა დაეფიქსირებინა, როდესაც არსად არ ჩანს. მაგალითად, პრეზიდენტთან გამართულ საგანგებო თათბირს ბაჩო ახალაიას გარდა, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი ესწრებოდა, არადა წესით, პირველ რიგში, სწორედ შს მინისტრი უნდა ყოფილიყო თათბირზე, რადგან პრეზიდენტმა მთავარი დავალება მის უწყებას მისცა - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეშვება.

ახალაია რომელიმე ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებაზე არც მომდევნო დღეებში გამოჩენილა. ამის მიზეზი, ალბათ, შს მინისტრის საზღვარგარეთული ვიზიტი არ არის, რადგან როგორც მედიასაშუალებებს აღნიშნული სამართალდამცავი უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, მინისტრი თბილისშია.

მმართველ გუნდს აქვს ერთი პოლიტიკური "ტრადიცია", რომელმაც, შესაძლოა, ახსნას, თუ რატომ გაუჩინარდა ბაჩო ახალაია. ეს "ტრადიცია" არაპოპულარული და ისეთი სახეების, რომლებიც აგრესიას "იზიდავენ", "გადამალვას" გულისხმობს.

მაგალითად, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელმა გია ბარამიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა აჭარის ავტონომიასთან დაკავშირებით. ბათუმში ასლან აბაშიძე აბობოქრდა და მაშინდელმა ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა ამ აგრესიის მთავარი სამიზნე ბარამიძე ამერიკაში "სასწავლებლად" გაუშვა და ის აქტიურ პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც პოლიტიკური სკანდალი უკვე დიდი ხნის ჩამცხრალი იყო.

ასევე, ხელისუფლებამ საზოგადოებას და პრესას "გადაუმალა" სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აგორებული სკანდალის ფიგურანტები, შსს-ს მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ვასილ სანოძე. ისინი ჩუმად და წყნარად რომ დაუბრუნდნენ შსს-ში თავიანთ თანამდებობებს, მედიამ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც სანოძე ლამის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, , დათა ახალაია კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ან შეგვიძლია გავიხსენოთ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ სახელისუფლებო გუნდში განვითარებული მოვლენები. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სატელევიზიო სივრცეს სასწრაფოდ მოაშორეს მაია ნადირაძე, გივი თარგამაძე, ზაზა ბეგაშვილი და "ნაცმოძრაობის" სხვა მაშინდელი სახეები. ჩრდილში გადაინაცვლა მანამდე აქტიურმა გიგა ბოკერიამ. გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია კი, რომელიც ანტიოპოზიციურ-შპიონაჟური ფილმების პრეზენტაციას უძღვებოდა, ასევე "სასწავლებლად" გაუშვეს ამერიკაში და ალბათ, იქ დღემდე სწავლობს.

იგივე მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა, ალესანდრე ლომაია, თემურ იაკობაშვილი და სხვა ჩინოსნები, რომლებიც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდნენ, დიპლომატიურ სამსახურში გადაანაწილეს.

მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება ამჯერადაც კვლავ ამ ტაქტიკას იყენებს და ელოდება, როდის ჩაცხრება მღელვარება.

თუმცა დღეს სულ სხვაგვარი მდგომარეობაა და დროის გაყვანის ტაქტიკამ შესაძლოა, არ გაამართლოს. ჯერ ერთი, ტელეეთერით გავრცელებული საზარელი ვიდეომასალა ალბათ, მოსახლეობას არასოდეს არ დაავიწყდება. თან არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გავრცელდება სხვა, არანაკლებ საზარელი კადრებიც, რაც პროტესტს უფრო გაამძაფრებს. მეორეც, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ციხეებში მომხდარი დანაშაულს ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ ასეთი რამ არ გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის თუ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უახლოეს მომავალში გაეროს გენერალურ ასამბლეას უნდა დაესწროს, რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მან უნდა გადაწყვიტოს ბაჩო ახალაიას ბედი. პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა მას მინისტრის პოსტზე.

სირთულე იმაშია, რომ ბაჩო ახალაია არ არის ერთი რიგითი მინისტრი. მისი ერთი ძმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მამა კი სამეგრელოში მიხეილ სააკაშვილის მთავარი დასაყრდენია. სამივეს ზურგს უმაგრეს მძლავრი კლანი. საბოლოო ჯამში კი, ახალაიებზე შეტევა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ შესაძლოა, ხელისუფლებას შიდაარეულობის პერსპექტივას უქადდეს.

თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის ფონზე და იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციებმა უფრო მძლავრი ხასიათი მიიღო, ახალაიების კი არა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისა და მთელი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მომავალი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტისგან რადიკალური ნაბიჯებია მოსალოდნელი და ვერსია, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაია დააპატიმრონ კიდეც, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული.

მოკლედ, სავარაუდოდ, შს მინისტრისა და საერთოდ, ახალაიების დაჯგუფების ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მასშტაბებს მიიღებს უახლოეს დღეებში პროტესტი.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა