ქართულ ციხეში პატიმრების წამების ფაქტებს საერთაშორისო მედია ეხმაურება. გაზეთ “Huffington Post””-ის ექსპერტი, ლინკოლნ მიტჩელი ირონიული სათაურის მქონე სტატიაში A Game of Georgian Chicken, ქართულ დემოკრატიას გაბრტყელებულ ტაბაკა ქათამს ადარებს.
„დემოკრატია საქართველოში ტაბაკა ვარიასავით გააბრტყელეს, ასე რომ ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი დარჩა პოლიტიკური რეპრესიებისთვისაც, პრესის და მედიის თავისუფლების შეზღუდვისათვისაც და საერთო შიშის კლიმატისათვისაც, - წერს მიტჩელი, - ახლახან გამომზეურებული შემზარავი ვიდეო ციხეში პატიმრების წამების შესახებ ადასტურებს ამ ფაქტს. ამ სკანდალმა კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება და დარტყმა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის ისედაც დაკნინებულ რეპუტაციას, ხოლო მთავრობა კი, იმის მაგივრად რომ მდგომარეობა გამოასწოროს ან თავი მაინც გაიმართლოს, კვლავ ჯიუტად იცავს თავის მთავარ არგუმენტს, რომლის მიხედვით ოპოზიციურ ძალებს წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი, არ სცნონ არჩევნების შედეგები, ქუჩებში გამოვიდნენ და დასავლეთის ჩარევა მოითხოვონ.“
ასეთი რიტორიკით, მიტჩელის აზრით, საქართველოს მთავრობამ შეიმზადა მორალური ნიადაგი იმისათვის, რომ თუ საჭირო გახდება, არჩევნები გააყალბოს და შემდგომ ყველაფერი ოპოზიციის წინასწარგანზრახულ პროტესტს გადააბრალოს. მიტჩელი საუბრობს ასევე დასავლეთის როლზეც ამ პროცესებში. მისი აზრით, დასავლეთს შეუძლია ან თვალი დახუჭოს საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, ან კრიჭაში ჩაუდგეს მას და არჩევნების ლეგიტიმურობის შედეგი დასვას. ეს დილემა კი დასავლეთს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ერთი მხრივ, სასწორზე დგას მისი, როგორც არბიტრის პრესტიჟი, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში გრძელვადიანი დესტაბილიზაციის საფრთხე.
საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე საუბრობენ ასევე independent-ის ექსპერტი შონ უოლკერი და BBC-ის ჟურნალისტი დემიენ მაკგინესი. „არჩევნების წინ ასეთი ტიპის ვიდეოს გავრცელება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დააზარალებს პრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც მოდერნიზატორის იმიჯს“ - აღნიშნავს უოლკერი.
ბი-ბი-სი-სთვის მომზადებულ რეპორტაჟში „ქართული არჩევნები: გააფთრებული პიარ ბრძოლა“ ჟურნალისტი დემიენ მაკგინესი ხაზს უსვამს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, რომელიც ორი დაპირისპირებული ბანაკიდან დასავლეთს მიეწოდება: „მაშინ, როცა სააკაშვილი ირწმუნება, რომ მომავალი არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის ისტორიაში, დასავლურ მედიას მეორე, სავსებით განსხვავებული ისტორიაც მიეწოდება, რომლის მიხედვით სააკაშვილი ავტოკრატია, ქვეყანას რკინის ხელით მართავს და პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრია აგვისტოს ომის გაჩაღებაში“.