სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ლევან ჩიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქს სტუდენტებისთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია.
"პატრიარქი ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და უთხრა, რომ თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ საპროტესტო აქციების გაგრძელება აღარ არის საჭირო. სტუდენტების მოთხოვნა კი მარტო ბაჩო ახალაიას გადადგომა არ იყო. ისინი მოითხოვდნენ მის დასჯას. ამასთან, თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუდენტებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდა. სამწუხაროდ, სტუდენტებმა შეწყვიტეს აქცია, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც სამომავლო აქციებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, სავარაუდოდ დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ს ეზოში შეიკრიბება.