ანსამბლი "ბასიანი" ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ანსამბლი "ბასიანი" ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ანსამბლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ნანახი შემზარავი კადრების შემდეგ, ჩვენ თავი მოვალედ ჩავთვალეთ, გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც რუსული ოკუპაციისაგან საქართველოს დასაცავად თბილისში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ჩვენი გუნდი იდგა რუსთაველზე, მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით.

უკანასკნელი წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მძიმე შეცდომა იყო ჩადენილი ყველა სფეროში, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან - ქართული ფოლკლორის მოვლა-პატრონობის საქმეში, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯეროდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ქრისტიანული, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების გზით განევითარებინა ჩვენი სამშობლო.

სამწუხაროდ, საკმაო ხანია, ასეთი ილუზიები გაგვიქრა - ჩვენ, ისევე, როგორც მთლიანად ქართველი ერი, გაწბილებულები ვართ და ვუერთდებით საპროტესტო მოძრაობას.

როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ჩვენც მიგვაჩნია, რომ საპყრობილეებსა და მთლიანად საქართველოში, წლების მანძილზე ჩადენილ სისასტიკესა და დანაშაულებზე, და ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების შემლახველი ავტოკრატული და არადემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ რომელიმე მინისტრს, არამედ მთლიანად მმართველ გუნდს. მიგვაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს მორალური უფლება, იბრძოდეს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.

ეს განცხადება ასახავს უშუალოდ ჩვენი მუსიკალური კოლექტივების პოზიციას და არაა შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან. მიგვაჩნია, რომ ქრისტიანული მორალი გვავალდებულებს, აღვიმაღლოთ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, რადგანაც ვინც ასეთ დროს სდუმს, ის თანამონაწილეა უსამართლობის და ადრე თუ გვიან თავადვე გახდება უსამართლობის მსხვერპლი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"