"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა" - აცხადებს კომპანია "ვაკე 5"-ისა და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამჟამად ჟენევაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მან იმ 90 საჯარო მოხელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. სიაში მოხვდნენ მინისტრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და თავად საქართველოს პრეზიდენტიც.
- ეს 90-კაციანი სია, რომელიც იურისტებთან ერთად შევადგინე, ფაქტებით არის გამყარებული. ამ სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პირის დანაშაული მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით დასტურდება. ამ სიაშია მოსამართლე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას იღებდა, ის პირები, რომლებიც ფაქტებსა და დოკუმენტებს აყალბებდნენ (მაგალითად, საჯარო რეესტრსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროში).
უპირველესად კი ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტს. როდესაც დამაკავეს და რამდენიმე დღე კუდ-ში ვიყავი, ეს შეიტყვეს ჩემმა პარტნიორებმა (ჩემი კომპანია 30 ბრენდის წარმომადგენელი იყო საქართველოში) და მსოფლიოში აღიარებულმა რამდენიმე ბრენდმა წერილი მისწერა პრეზიდენტსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მოსთხოვეს სიტუაციის გარკვევა. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა უყურადღებოდ დატოვა მათი წერილები, პასუხი არ გასცა არც შვეიცარიისა და გერმანიის ელჩებს და მათი წერილები პროკურატურაში გადაგზავნა. ამიტომაც ვადანაშაულებ პრეზიდენტს უმოქმედობასა და ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებაში.
5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"