დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაჩი ცაგურია რამდენიმე მეგობართან ერთად სახლიდან ფილარმონიის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც ისინი სამართალდამცავებმა აიყვანეს. ლევან ჩიტაძისთვის უცნობია, სულ რამდენი პირი დააკავეს, თუმცა დანამდვილებით აცხადებს, რომ დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
ლევან ჩიტაძე ცაგურიასა და ალადაშვილის დაკავებას უკანონოს უწოდებს და ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მოქალაქეებს ფილარმონიასთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, ლევან ჩიტაძემ აქციის ყველა მონაწილეს, სიმშვიდისა და აგრესიისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. "ვინც აგრესიაზე გადავა, ის აგენტად გამოცხადდება. მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავეთ ძალადობისგან და მშვიდობიანად გავაპროტესტოთ ის ძალადობა, რომელსაც ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან", - აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.
ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, თუმცა, საავტომობილო მოძრაობა მიმდებარე ქუჩებზე შეზღუდული არაა.