სტუდენტური გაერთიანებების - "ივერიელების", "სტუდენტური ხმის" და "ქართველის" წარმომადგენლებმა, სულ ექვსმა ახალგაზრდამ იუსტიციის ახლად გახსნილ სახლთან შიმშილობის აქცია დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული დათო ფაცაციას, ლაშა მესხიას, დაჩი ცაგურიას და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებაა.
როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან კოჭლოშვილი აცხადებს, ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ.
სტუდენტური გაერთიანებების წევრებმა დღეს აქცია-მსვლელობა გამართეს და იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს.
დათო ფაცაცია და ლაშა მესხია გუშინ დააკავეს. მათ 40-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი კი, არსებული ინფორმაციით, დღეს დააკავეს და ისინი საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.