იმ ხალხის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ უკანა კარებიდან შემოიყვანდა და დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, რუსულ პუტინურ წესებს, 8 დღეში ძალიან დიდი იმედგაცრუება ელის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, "ამ ხალხს" დასანგრევი ობიექტების დიდი სია აქვს და მათი პროგრამაც მხოლოდ ნგრევას, ხალხის დაჭერას და ძველი წესწყობილების აღდგენას გულისხმობს.
"ამ ხალხს აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების. მათ არ მოსწონთ ანაკლია, არ მოსწონთ ჩვენი ანაკლიის ხიდი, არ მოსწონთ იუსტიციის სახლები, მათ უნდათ ქუთაისის პარლამენტის გაუქმება, თავისი ჭკუით ფიქრობენ, რომ არ აგვაშენებინებ ლაზიკას - აი, ესაა მათი პროგრამა, ნგრევის, არაშენების, ხალხის დაჭერის, ქურდების დაბრუნების და ძველი წეს-წყობილების აღდგენის პროგრამა. ჩვენი პროგრამა კი აღმშენებლობისაა. მე ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა არ იყოს შავიზღვისპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი", - განმარტა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, პატიმართა წამების შესახებ ინფორმაცია "მათ" კარგა ხანია, ჰქონდათ.
"ეს იყო დიდი ხნის შეთქმულება, დიდი ხნის პროვოკაცია, მომზადებული, მათ შორის - ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამოც. მთელი თვეები იცოდნენ, რომ მათ თვალწინ ამწარებდნენ, აწამებდნენ, აუბედურებდნენ ხალხს, თუმცა არ ამბობდნენ იქამდე, ვიდრე ჩვენ თვითონ არ დავიწყეთ დაჭერები. ადრე რომ გამოეტანათ ეს, იმ წამში დასრულდებოდა. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე - მათ ეგონათ, რომ ორშაბათიდან დაიწყებოდა სისტემის ჩამოშლა, დაბნეულობა, შოკი, რაც ბუნებრივია, ხალხის გაქცევა, თანამდებობის პირების გადადგომა, არეულობა რეგიონებში, ხელებს უკვე იქავებდნენ, რომ მოსულიყვნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
მისივე თქმით, საქართველოში შემოსულია იგივე რუსული ფული, რომელმაც აფხაზეთიდან გამოგვყარა, რუსული კომპრომატებით და სიბინძურით. ამ ფულის პატრონებს სიბინძურის კეთების, კომპრომატების გამოყენების, დისკრედიტაციის, შანტაჟისა და ნგრევის გარდა არაფერი შეუძლია.
"და ჩვენ ამ ყველაფერს ვეუბნებით "არას". ეს ხალხი ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს, რათა მსოფლიოს უთხრას, რომ საქართველო საზიზღარი ქვეყანაა. ქირაობენ ლობისტებს, ქირაობენ სისტემის შიგნით გახრწნილ ელემენტებს და ყველა სისტემაშია გახრწნილი ელემენტები. ხალხი ენდობა პოლიციას, მაგრამ პოლიციაშიც შეიძლება ვიღაცისგან რაღაცას ელოდო. ბევრი რამ გაკეთდა ციხეებში, მაგრამ იმხელა კატასტროფა კეთდებოდა იქ, რომ თუნდაც რამდენიმე წელიწადში მისი გამოსწორება როგორ შეიძლებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "მათ" ციხეებში არსებული ვითარების შესახებ ვიდეოების გასაჯაროება "25 რიცხვში" უნდოდათ, რადგან "ყველანი დაბნეულიყვნენ, შოკის ქვეშ მოქცეულიყვნენ და უარი ეთქვათ მთავარ მონაპოვარზე - ჩვენს მომავალზე, აღმშენებლობაზე, განვითარებაზე, თავისუფლებაზე და ჩავბარებოდიოთ მტერს". სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა დღეს ჩავარდა.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავარმა პირმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა და განაცხადა, რომ მეგრელების ასეთი რაოდენობა იქ ისტორიაში არ შეკრებილა. "რამდენი ხალხიც დღეს აქ არის, ამ მოედანზე, არასდროს შეკრებილა ისტორიაში. ესაა მთავარი გაკვეთილი, რომ სამეგრელომ ზუსტად იცის, როდის უნდა გამოვიდეს და დადგეს ერთად. მთავარი რაოდენობა კი არაა, მთავარია, რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ. დღეს შევიკრიბეთ, რათა დავდოთ ერთი ფიცი - სანამ პირში სული გვიდგას, არ შევაჩერებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის და არ შევაჩერებთ არც ერთი წამით სამშობლოს სიყვარულს", - დასძინა სააკაშვილმა.