რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველი გახდა. ახალგაზრდა წერეთელი, რომელიც ამავე დროს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორია, სამთავრობო სტრუქტურაში საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს.
"ამ მოვალეობას საზოგადოებრივ საწყისებზე შევასრულებ და იმედი მაქვს, მინისტრს სამუზეუმო სფეროს განვითარებაში გამოვადგები", - აცხადებს წერეთელი.
მის კომპეტენციაში იქნება მუზეუმების საქმიანობა, თანამედროვე ხელოვნება და ექსპოზიციური პროექტები.
ვასილ წერეთელი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს 2002 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამავე დროს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ის და მისი მეუღლე, ესპანელი მოდელიორი, კირა საკარელო რუსული ბომონდის აქტიურ და პოპულარულ წყვილად მიიჩნევიან. ჰყავთ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ვასილი დედის, ელენე წერეთლის გვარს ატარებს.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.