შეცდომა თუ მიზანმიმართული პროვოკაცია - საქართველოში რუსული შვეულმფრენი დაეშვა

შეცდომა თუ მიზანმიმართული პროვოკაცია - საქართველოში რუსული შვეულმფრენი დაეშვა

21 სექტემბერს საქართველოში რუსული შვეულმფრენი დაეშვა. თავდაპირველად ეს ცნობა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. Ми-8-ს ტიპის შვეულმფრენს, რომელიც МЧС-ის ჩრდილო კავკასიის რეგიონალურ ცენტრს ეკუთვნოდა, სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარება - მედიკამენტები ჩაჰქონდა.

ვისთვისაც აბრივიატურა МЧС უცნობია, განვმარტავთ, რომ ეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროა. შვეულმფრენი მინერალური წყლებიდან ვლადიკავკაზის გავლით, ცხინვალში მიფრინავდა. რუსული მხარის ოფიციალური ცნობით, შვეულმფრენმა იძულებითი დაჯდომა ნავიგაციური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო განახორციელა. მაგრამ როგორც გაირკვა, ის საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ ნიქოზთან დაეშვა. ეკიპაჟი შეცდომას მალევე მიხვდა და უმალ სოფელ ტბეთთან გადაფრინდა.

МЧС-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეს ცნობა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში, ცხინვალი არანაირი სტიქიური უბედურების ზონას არ წარმოადგენს, რომ იქ მედიკამენტების სახით ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდეთ. მეორეც - რა საჭროა სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის შვეულმფრენით გადატანა, მაშინ როდესაც იგივეს განხორციელება როკის გვირაბის გავლით, ავტომობილებით შეიძლება. ტვირთის გარდა შვეულმფრენის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.

МЧС-ის განკარგულებაში მყოფ Ми-8МТВ-1 da Ми-8МТВ-2-ის მოდიფიკაციის შვეულმფრენებზე რამდენიმე სახის სანავიგაციო საშუალება აყენია. გარდა ამისა, ყველა შვეულმფრენი GPS თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებითაა აღჭურვილი. შესაბამისად საეჭვოა, რომ მწყობრიდან ყველა მათგანი ერთდროულად გამოსულიყო. გაურკვეველია ისიც, თუ როგორ მიხვდა რუსი პილოტი, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე დაეშვა.

სოფელ ნიქოზიდან (რუსულ განცხადებაში არ კონკრეტდება საუბარი ზემო თუ ქვემო ნიქოზზეა) ცხინვალამდე დაახლოებით 1 კილომეტრია. იმისთვის, რომ ერთ-ერთ - ზემო ან ქვემო ნიქოზში მოხვდე, ცხინვალს აუცილებლად უნდა გადაუფრინო. მართალია ცხინვალი ტერიტორიულად პატარა ქალაქია, მაგრამ ღამის პირობებშიც კი ძნელია, ის ვერ შეამჩნიო.

რუსულ პროვოკაციებს ჩვენ მიჩვეულნი ვართ. 21 სექტემბერს მომხდარი ფაქტი ის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც რუსები ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევას ოფიციალურად აღიარებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ ქმედებით რუსებმა ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეაქცია შეამოწმეს. წესით ქართულ რაფერებს (სამოქალაქოებს მაინც) კავკასიონის გადაღმა მხრიდან გადმოფრენილი საფრენი აპარატი უნდა დაეფიქსირებინათ. რადარის ეკრანზე ისიც გამოჩნდებოდა, რომ დე ფაქტო სახელმწიფოს საზღვრებს გაცდენილი საფრენი აპარატი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და დაშვება განახორციელა.

თუ დავუშვებთ, რომ რუსული შვეულმფრენის დაშვების მიზეზი მართლაც მწყობრიდან სანავიგაციო აღჭურვილობის გამოსვლა იყო, ამ ფაქტმა ქართული მხარე მაინც უნდა დააფიქროს. არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ მსგავსი ავარიული დაჯდომა მომავალშიც განხორციელდეს.

ნუკრი მგელაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა