"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები

"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები

"ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს, ბიჭო, ციხეში?!. აბა, როგორ გგონია, იქ ყველა სადისტი და კაციჭამიაა?" - მეკითხებოდა ჩემი ახლობელი თითქმის ყოველდღე და სასჯელაღსრულებით სისტემაში მუშაობას მთავაზობდა. კარგა ხანს უარზე ვიყავი. არადა, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული გახლდით, იქ არალეგალურად ვცხოვრობდი და ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად ამიყვანეს და დეპორტი გამიკეთეს. 21 ევრო მედო ჯიბეში... შენ რა გგონია, იქ ვინც მუშაობს, ყველას ღირსება აქვს დაკარგული? "უბრალოდ, სანდო ადამიანი მჭირდება და იმიტომ გელაპარაკები ამდენს. იქნებ, პატიმრების გეშინია, ნუ გეშინია, დაცვით გატარებ - ჩემს ფსიქოლოგიურ დამუშავებას განაგრძობდა ჩემი ახლობელი და ერთ დღესაც დავთანხმდი", - იხსენებს ციხის ყოფილი თანამშრომელი სასჯელაღსრულებით სისტემაში მისვლის დროს და საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: "წლების განმავლობაში საქართველოში არ მიცხოვრია და არც ისეთი ახლობელი მყავდა, რამე ნორმალური სამსახურის მოწყობაში დამხმარებოდა". მან ორთაჭალის ციხეში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმუშავა და საკმაოდ ბევრ არასასიამოვნო საქმეში თანამონაწილეობამ მოუწია.

მისი დახმარებით ციხის კიდევ ორ თანამშრომელს ვესაუბრეთ, აქედან ერთ-ერთი სწორედ გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომელია.

ილია, 37 წლის:

- მისვლიდან ერთ კვირაში ვინანე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რაღას ვიზამდი. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ციხის სოციუმში გავრკვეულიყავი. ყველა განყოფილების ავ-კარგიანობას მისი უფროსი განსაზღვრავდა. თუ უფროსი დაუნდობელი იყო, თანამშრომლები ცდილობდნენ, მის კვალს გაჰყოლოდნენ. ერთი კვირის შემდეგ, მაშინ ჯერ კიდევ ციხის შიდა დაცვის სამსახურში ვიყავი, ბიჭებმა მკითხეს, "კაპეზედან" ახალი ეტაპია მოსული, არ გინდა, "ნათლობა" მიიღოო?.. უკვე ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, თუ არ ავყვებოდი, ეს ყველაფერი ცუდად მომიტრიალდებოდა. მათ უკვე იცოდნენ ყველაფერი ჩემ შესახებ. გავყევი. სამი პატიმარი შემოიყვანეს. ერთ-ერთი - ძალიან ცნობილი თაღლითი. მის შესახებ ჯერ კიდევ ციხეში მუშაობის დაწყებამდე მქონდა გაგებული. ერთ-ერთმა ვითომ პატივი მცა და მითხრა, - მიდი, ამათ შენი კუნთების ძალა აჩვენეო. წლების განმავლობაში ძალოსნურ სპორტზე დავდიოდი, მაგრამ ამაზე თანამშრომლებთან არასდროს მისაუბრია. ეტყობა, ბევრი რამ იცოდნენ ჩემზე. საიდანაც პატიმრები მოიყვანეს, იქაც კარგად ჰყავდათ დამუშავებული. სახეზე არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ ფეხზე დგომა უჭირდათ. ის, ვისთვისაც უნდა დამერტყა, ისეთი უმწეო თვალებით იყურებოდა, ვერ დავარტყი. არ მინდა, ძმაო, არ შემიძლია და თქვენ რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი. "ჩვენებიდან", ჩემი გამოკლებით, ხუ­თნი იყვნენ. ისეთი სიტყვებით აგინებდნენ, ამხელა კაცი ვარ და შემზარა. გარეთ როცა არიან, სადმე რომ შეგეფეთონ, შეგჭამენ ეს ახვრები, ესენი როგორ უნდა შეგეცოდოს, ბიჭო? - დაიყვირა ერთმა და ყველაზე ახალგაზრდას გაშლილი ხელი სახეში ღონივრად დაარტყა.

ამის დანახვაზე მეორე, ჭაღარა კაცი აყვირდა, 45 წლის კაცი ვარ, გული მაწუხებს და არ დამარტყათ, თორემ მოვკვდებიო. თანამშრომლებიდან განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა. სხვებს მის აგრესიულობაზე ეცინებოდათ, სადისტია ეს ოხერიო... ამასობაში სხვებიც შემოგვემატნენ და რომელი რომელს ურტყამდა, ვერც გავიგე. პატიმრების არაადამიანური ღმუილი და ციხის თანამშრომლების შეძახილები ერთმანეთში ირეოდა. ისეთი "ჟრიამული" იყო, ჩემი პასიურობა არავის შეუმჩნევია. აზარტში შესულმა ჩვენი გუნდის წევრმა ქამრის შეხსნა დაიწყო. - ამ ერთხელ შეეშვი რა, - უთხრეს სხვებმა. მან გაიცინა, - ამ ხნის კაცია, შეიძლება, აქედან ცოცხალმა ვეღარც გააღწიოს და ერთხელ მაინც ხომ უნდა გასინჯოსო, - არ ჩერდებოდა. სამივეს სახე დასისხლიანებული ჰქონდა, თითქმის უგონოდ მიგდებულები წელს ზევით შიშვლები იყვნენ და იატაკზე მუცლით ეყარნენ. ვერ მოვითმინე და მივვარდი, რას აკეთებ, შე მართლა ნაბიჭვარო-მეთქი. - შენ ვინ მიგდიხარ, ვიღაც გუშინდელი მოსული რა "პრავებს მიკაჩავებო" - არ ვიცი, ამ კაცმა ამ უმსგავსობას მოჰკრა თვალი თუ ცემისგან დაემართა, მაგრამ ამასობაში სხვები აყვირდნენ, გაითიშაო... მაშინვე ვედროთი ცივი წყალი მოიტანეს და სახეში შეასხეს, მაგრამ გონზე ვერ მოიყვანეს. შეეშინდათ და ჩქარა ციხის საავადმყოფოში გადავიყვანოთო, აყვირდნენ. მერე გავიგე, რომ პატიმარი გადარჩა, მაგრამ ტვინში გაჟონვა დაემართა.

- ასეთი შემთხვევა შემდგომშიც ბევრი იყო?

- საკმაოდ. საქმე ის არის, რომ ბიჭები ამბობდნენ, გლდანთან შედარებით აქ სამოთხე გვაქვსო. სხვათა შორის, იმავეს ამბობდნენ იქიდან გადმოყვანილი პატიმრები... გლდანის "ცირკებზე" მისი თანამშრომელი გიამბობთ. მე კი იმ პირველი შემთხვევის დროს გამოჩენილი არაპროფესიონალიზმის გამო საყვედური მომაკრეს. სამსახურიდან გაგდებას იმ ახლობელმა გადამარჩინა, თუმცა მანაც "ჩამინამიოკა", - რა გჭირს, რა ლაწირაკი ბიჭივით იქცევი, არ იცი, რომ ციხეში "ბალერინები" არც მუშაობენ და არც ხვდებიანო?.. ჩემ გარშემო რამდენიმე ისეთი ბიჭიც მუშაობდა, ვინც პატიმრების ცემაში არ მონაწილეობდა. მათ ხელფასზე მომუშავე "ბულკებს" ეძახდნენ.

- რას ნიშნავს "ხელფასზე მომუშავე?"

- ის "მტრედი" კატეგორია არც პატიმრების ცემაში მონაწილეობდა და არც პრემიებს აძლევდნენ. თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას ათვალწუნებული ვყავდი და ვგრძნობდი, რომ იქ დიდხანს დარჩენა არ მეწერა. ის იყო, ისევ უცხოეთში, ამჯერად, სხვა ქვეყანაში წასვლის გზებს ვეძებდი, რომ ჩემი ახლობელი, ვისი პროტექციითაც ციხეში მოვხვდი, დააწინაურეს და ერთ-ერთი განყოფილება ჩააბარეს. ის უკვე ნანობდა, რომ მისი ინიციატივით ვიყავი ამ სისტემაში მისული, რამდენჯერმე მითხრა, მეგონა, სიტუაციას მოერგებოდიო. ვეუბნებოდი, კაცის გაუპატიურებასა და ცემით მოკვლას აპირებენ და ამაში როგორ მივიღო მონაწილეობა-მეთქი?, - შე კაცო, არ გაგიგია, რომ ციხეში ბოროტმოქმედები ხვდებიან და აქ მათ ფაფას არავინ აჭმევსო. არადა, ასაკოვანი კაცია, შვილებიც ჰყავს, შვილიშვილებიც... ალბათ მასთან სამდურავი არაფერი მაქვს, თავისებურად ცდილობდა, ხელი დაეფარებინა ჩემთვის. დაწინაურების შემდეგ თავის განყოფილებაში გადამიყვანა. ეტყობა იფიქრა, ჩემი მოყვანილია, სპორტსმენია, ძალა ერჩის და რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებო... იქ ჩემი კუთხის "სასტავი" მუშაობდა და მათთან ურთიერთობა უფრო გამიადვილდა. ცემის ფაქტები ნაკლები იყო, მაგრამ პატიმრები ისეთ დღეში იყვნენ, სიტუაციის გაპროტესტების ძალაც კი არ ჰქონდათ. საკანში იმდენი პატიმარი იყო, არ ვიცი, როგორ სუნთქავდნენ, მაგრამ ვიცი, რომ მორიგეობით ეძინათ.

დაწინაურებამ ჩემი ახლობელი უფრო აგრესიული გახადა. ერთ დღეს მითხრა, სტრასბურგში მომჩივანი პატიმარი უნდა ჩაგაბარო. ცემა არ შეგიძლია, გასაგებია, მაგრამ მის ოჯახთან უნდა იმუშაო, ერთი-ორი სიტყვის თქმას რაღა უდგას წინ, აგერ მისი მონაცემებიო და კაცის ოჯახის წევრების სრული მონაცემები და მისამართი დამიდო წინ. ორდღიანი ვადა მომცა.

- რა უნდა გაგეკეთებინათ?

- მისი ოჯახი იძულებული უნდა გამეხადა, რომ სტრასბურგში შეტანილი საჩივარი უკან გამოეტანათ. ორი, "მგლების" სახელით ცნობილი ბიჭი მომამაგრა. მივხვდი, ბოლომდე არ მენდობოდა, მე რაღაც მოვიმიზეზე და საქმე ამ ბიჭებს გადავაბარე. პრემიაც თქვენი იყოს-მეთქი. შემდეგ გავიგე, სტრასბურგში მომჩივანი პატიმარი კარცერში შიშველი ჩაუსვამთ. მასზე მეტი არაფერი ვიცი, რადგან ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გამათავისუფლეს... ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩემი იქ მუშაობის წლებში, 2011 წლის დასაწყისში, იქ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ნარკოტიკზე შეჯდნენ. სამსახურის დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მუდმივად არაადამიანური ცხოვრების რეჟიმმა მათ ფსიქიკა გაუნადგურა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უფროსების დავალებას წარბშეუხრელად ასრულებდნენ.

თეა, 32 წლის, ორთაჭალის ციხის ყოფილი თანამშრომელი:

- სამი წელი პაემნების განყოფილებაში ვმუშაობდი. პატიმრების ოჯახის წევრებთან მიწევდა ურთიერთობა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პატიმარს პაემანი ეკუთვნოდა, მაგრამ რადგან ძალიან მაგარი ნაცემი იყო, მისი ოჯახის წევრს გარკვეული დროის განმავლობაში ვატყუებდით, პატიმრის საქმის ხელახალი ძიება დაიწყო და პაემნის უფლება არ აქვსო. სხვა გზა არ მქონდა, ხელმძღვანელობა პირდაპირ გვეუბნებოდა, რამე მოიფიქრეთ და ოჯახის ახლობლები ცოტა ხნით მოიშორეთ, ამ ეტაპზე პატიმრის გამოყვანა არ შეიძლებაო. როდესაც პატიმრის ატირებული ოჯახის წევრები მეკითხებოდნენ, რა ხდება ჩვენს თავს, ნაცემი ხომ არ არისო, "გაოცებული" ვპასუხობდი, - რას ამბობთ, შევარდნაძის დროინდელი ციხე კი არ არის-მეთქი. ზოგი იჯერებდა, თუმცა, ბევრი მაშინვე რეკვას იწყებდა... ერთხელ "პატრონიანი" პატიმარი უცემიათ და ამას ციხის ადმინისტრაცია კინაღამ გაადაყოლეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ გლდანის საპყრობილიდან გადმოყვანილები, რომელთაც გზაში, ტრანსპორტირების დროსაც სცემდნენ.

- რატომ, რა იყო მიზეზი?

- ხან რა, ხან რა. ძირითადად ის, რომ მუდმივად დაშინებული უნდა ყოფილიყვნენ, რათა გაქცევის სურვილი არ გასჩენოდათ. ერთი პატიმარი მახსოვს, ასაკოვანი - 333-ე მუხლი ჰქონდა მისჯილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. საერთოდ, ყველა პატიმრის მოსატეხად ერთი მეთოდი ჰქონდათ შემუშავებული, გაუპატიურების მუქარა. ამ კაცს არასამთავრობოებში ახლობლები ჰყავდა და პირდაპირ ვერაფერი უქნეს, ამიტომ "საქათმეში" შეაგდეს. თვე-ნახევარში გული გაუსკდა და მოკვდა. მისი სიკვდილის შესახებ კი ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე გარდაცვლილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- თეა, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვეთ?

- არა. იქ მუშაობის პერიოდში, გინდა თუ არა, რამდენიმე ადამიანთან, პატიმრის ახლობლებთან, ადამიანური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მათ შორის ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, რომელიც ძლივს დადიოდა. მის მეორე შვილს ჩემი ნომერი მივეცი და ვუთხარი, წინასწარ დამიმესიჯეთ და ჩაგწერთ, რომ დილის 5 საათიდან არ მოგიწიოთ რიგში დგომამ-მეთქი. ერთ დღესაც ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილემ დაგვიბარა, იქ მისულებს მობილურები ჩამოგვართვა და მესიჯები წაიკითხა. იმავე დღეს ჩემთან ერთად ორი გოგო გაათავისუფლეს.

ნოდარი, 30 წლის, გლდანის #8 საპყრობილის თანამშრომელი:

- ციხეში არის კატეგორია, რომელიც ამის გამკეთებელია და ხელმძღვანელობაც ამის მიხედვით არჩევს ამა თუ იმ საქმეზე გასაშვებ კადრებს. საზოგადოებას რატომღაც ახალგაზრდა ბიჭების მიმართ აქვს აგრესია. არადა, იქ არიან 40 წელს გადაცილებული თანამშრომლები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვთ და ყველა დავალების შესრულება შეუძლიათ. ჩვენთან მუშაობდა კაცი, რომლის ძმისშვილიც რუსთავის "ზონაში" 15-წლიან სასჯელს იხდიდა და თვითონ აქ პატიმრების წამებით განთქმულია. ზოგს ხასიათში აქვს ეს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. უთხრეს და შეასრულა. სხვანაირად არ შეუძლია. ვერ გეტყვით, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, ერთი-ორი ნარკორეალიზატორისთვის მეც შემომილაწუნებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ გაუპატიურების ფაქტს.

- პატიმრისთვის "შემოლაწუნება" ციხის შიდა წესდებაში შედის?

- სისტემის ყველა განყოფილების უფროსი თავად ადგენს, როგორ უნდა მართოს განყოფილება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება, არც პატიმრების წამება. როცა პატიმარი დაკითხვაზე გაჰყავთ, მან უკვე იცის, რომ კარგი დღე არ ელოდება, ამიტომ სასწრაფოდ ადვოკატს ითხოვს...

- 9 საათის შემდეგ საკანში სიჩუმე უნდა იყოსო, ასეა?

- აბა, ერთ საკანში 20-მდე პატიმარია და ყველამ ერთად შუაღამემდე რომ ილაპარაკოს, წარმოგიდგენიათ, რა "ბარდაგი" იქნება?.. დიახ, ბევრ შემთხვევაში თანამშრომლები, ბადრაგი, ზედამხედველობა და ადმინისტრაცია ძალადობს, მაგრამ ეს ყველასთვის არ არის მისაღები.

ნინო აფხაზავა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ