ნანა კაკაბაძე: "თქვენ გგონიათ, ასეთი რამ მარტო ციხეებში ხდებოდა?!"

ნანა კაკაბაძე: "თქვენ გგონიათ, ასეთი რამ მარტო ციხეებში ხდებოდა?!"

"ალბათ ძნელი წარმოსადგენია, ამაზე უარესი რა შეიძლება ხდებოდეს ციხეში, მაგრამ მერწმუნეთ, იმაზე ბევრად უარესიც ხდება, რაც იმ კადრებში იყო ნაჩვენები",- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებათა დაცვისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე. ფაქტები, რომელზეც ის გვიამბობს, მართლაც შემაძრწუნებელია. მისი თქმით, ეს არ ხდება მხოლოდ გლდანის #8 საპყრობილესა და არასრულწლოვანთა კოლონიაში, იმ ადგილებში, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სამწუხაროდ, ცემისა და ძალადობის ფაქტები ხშირი ყოფილა "რეფორმირებულ" ქართულ არმიაშიც.

ნანა კაკაბაძემ ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ციხის თანამშრომლებისა და სამხედროებისგან მოსული მესიჯები გაგვაცნო, სადაც ისინი ცემისა და შეურაცხყოფის შესახებ ჰყვებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ რამდენიმე მესიჯის ავტორი დაიკარგა და მასთან დაკავშირება საერთოდ ვეღარ შეძლო...

- ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო სასჯელაღსრულებითი სისტემის მართვის მეთოდს და სამსახური დატოვა. მე არ მაქვს უფლება, მათი ვინაობა დავასახელო, მაგრამ მათგანვე ვიცი, რა დავალებებს აძლევდა მათ ციხის დირექცია.

- კონკრეტულად?

- თუ პატიმარი ექიმს მოითხოვდა, ის საკნიდან გამოჰყავდათ და დაუნდობლად სცემდნენ. ეუბნებოდნენ, ეს არის შენი წამალიო და წიხლებით უსწორდებოდნენ. მე წაგაკითხებთ მესიჯს, რომელიც ტუბსაავადმყოფოს თანამშრომელმა მომწერა: "მოჰყავთ უკვე მკვდარი პატიმრები და აცხადებენ, ვითომ ტუბსაავადმყოფოში გადაიყვანეს. მოხედეთ ამ ხალხს და მიხედეთ ამ საქმეს. მაინცდამაინც ყველა უნდა დახოცონ?!."

განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ, ვინც თავის საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში ასაჩივრებდა. ციხის თანამშრომლებს მათი აღრიცხვა უნდა ეწარმოებინათ და ისე "მიეხედათ", რომ ამისი სურვილი სხვას არ გასჩენოდა. ასე ხდება ყველა ციხეში, თუმცა გლდანში მეტი ინტენსივობით ხდებოდა, რადგან იქ საგამომძიებლო პროცესები მიმდინარეობს.

ბაჩო ახალაიას მოსვლის შემდეგ მან გაჩხრეკის ახალი მეთოდი დანერგა, ვითომ იმისთვის, რომ პატიმარმა ციხეში ნარკოტიკი არ შეიტანოს, მას წელსქვემოთ აშიშვლებენ და აიძულებენ იატაკზე ცალი ფეხით დადგეს, მეორე ფეხი კი კედელზე უნდა ჰქონდეს მიბჯენილი. შემდეგ მასთან მიდის ციხის თანამშრომელი, რომელიც ანუსში ჯოხს უყრის და სწორ ნაწლავს "უთვალიერებს". ეს "შემოწმების" პროცედურა საკმაოდ დიდხანს, ზოგჯერ ნახევარი საათი გრძელდება და განსაკუთრებით მამაკაცების მიმართ ხორციელდება... ამას იმისთვის აკეთებენ, რომ პატიმრებს ძალაუფლება აჩვენონ. ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად თრგუნავენ, რათა აგრძნობინონ, რომ მათ ხელში არიან და ყველაფერს გაუკეთებენ, რაც მოესურვებათ.

- ქალბატონო ნანა, საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, რატომ აქამდე არ გამოქვეყნდა ეს ვიდეოები...

- ვიდეოები არ მქონდა, მაგრამ მსგავსი ფაქტების შესახებ უკვე წლებია ვამბობ. წლებია ყველა საინფორმაციო საშუალებით ვაცხადებდი ამის შესახებ. თითქმის ყველას მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც ხელთ მქონდა. საქმე ის არის, რომ ასეთი არადამიანური ფაქტები მხოლოდ პენიტენციალურში კი არა, თავდაცვის სისტემაშიც მუდმივად ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია მინისტრად დაინიშნა, თითქმის ყოველდღე ვიღებდი სამხედროებისგან მესიჯებს, რომელსაც დღემდე ვინახავ მობილურში და შემიძლია წაგაკითხოთ...

ჩემი რესპონდენტი მობილურში შენახულ მესიჯებს ხსნის. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნომრიდან მოსული მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, რომლის სტილიც დაცულია, ასეთია:

- "ადამიანის უფლებათა დამცველის ნომერი მომეცით, სასწრაფოდ მჭირდება!"

"IV ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის ჯარისკაცს, კაპრალ ჩოჩელს (გორელია ის ბიჭი) შვებულებიდან დაბრუნებულს იარაღი დაკარგული დახვდა. ისეთი ნაცემია, ფეხზე ვერ დგება. შეიარაღების სერჟანტიც სცემეს და ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ ვენები გადაიჭრა. კიკნაძეა გვარად. მასთან ერთად სცემეს ნადირაძე. სულ 15 ჯარისკაცია სასტიკად ნაცემი. მოხედეთ ხალხს, თორემ დახოცავენ. გასაგებია? ჩემი ნომერი არავის უთხრათ, თორემ არც მე დამადგება კარგი დღე".

"ბატალიონის მეთაური და ბრიგადის მეთაური აწამებენ ასეულის ჯარისკაცებს. ცხინვალში ტყვეები არ უწამებიათ ისე, როგორც ესენი ჯარისკაცებს აწამებენ. ბრიგადის სერჟანტს ფეხი სტკივა ხალხის ცემისგან. ნაომარ ბიჭებს კიდევ ეს უნდათ? რამე გააკეთეთ, თორემ ესენი ვიღაცას შეიწირავენ".

"ნაცემი ბიჭები ყაზარმაში ჰყავთ. საავადმყოფოში არ მიჰყავთ, რომ ყველამ არ გაიგოს. ამიტომ უკვე მეხუთე დღეა ყაზარმული გვაქვს. ბრიგადის მეთაური მოხსნეს და გადამალეს, რაც ეგ შველიძე მოვიდა, საშინელი რაღაცები ხდება. სატანკოს ბიჭები სალიარკის მოპარვისთვის რომ სცემეს, მინისტრმაც კი მიიღო პირადად მონაწილეობა".

"აქ სამხედრო შტაბს პადვალი აქვს. იქ ჩაჰყავთ ჯარისკაცები და სცემენ. პოლიციის დუბინკები აქვთ მოტანილი".

"საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე ეზოში ჰყავდათ ხალხი. მერე აჟიმანიებს აკეთებინებდნენ და ამ დროს მუცელში წიხლებს ურტყამდნენ. თან დედაზე, ცოლზე, შვილზე და ოჯახზე აგინებდნენ. კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ესეც საკმარისია ჯერ".

"მოხედეთ ვინმემ ამ სისტემას. ახლა მინისტრი და სარდალი მოვიდნენ და ნაცემი ბიჭები შტაბში წაიყვანეს, ახლაც სცემენ და აწამებენ. გვარებიც მოგწერეთ წეღან. მეტი რა გავაკეთო, მოხედეთ ამ ხალხს ვინმემ".

"მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკვდეს, რომ ხალხი მიხვდეს, რა ხდება? გაიგეთ, ცუდად არის საქმე. მოგვხედეთ ვინმემ".

მსგავსი შინაარსის მესიჯები კიდევ ბევრი იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში არსებული "წესრიგის" თვალსაჩინოებისთვის ალბათ ესეც საკმარისია.

შემდგომში რამდენიმე მესიჯის ავტორთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. სხვადასხვა გზით ვეცადე მეპოვა, რათა გამეგო, ეს ბიჭი ცოცხალი იყო თუ არა, მაგრამ ვერსად მივაკვლიე... წლებია ვლაპარაკობ, რომ ახალაიას მისვლის შემდგომ, ჯარში იგივე სიტუაცია იყო, რაც ციხეში. ჯარისკაცებს ისე დაუნდობლობად სცემდნენ, როგორც პატიმრებს, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ხალხს და მათ შორის, თქვენი კოლეგების დიდ ნაწილს იმის სჯერა, რასაც ცენტრალურ ტელევიზიებში აჩვენებენ. ერთმა ახლობელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას ამბობთ, ქა­ლბატონო ნანა, შს მინისტრი ციხესთან რა შუაშია, ეს უწყება ხომ იუსტიციის სამინისტროს და­ქ­ვემდარებაშიაო?.. არადა, წლებია ვლაპარაკობ, რომ ციხეში, ბადრაგიდან დაწყებული, მაღალი თანამდებობის პირებით დამთავრებული, პატიმრების ცემის უფლებას ყველას ჰქონდა. მსჯავრდებულთა 70%-ს არ აქვს იმის უფლება, რომ იქონიოს პირველადი მოხმარების ნივთები, შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს უქმნიდათ. პატიმართა უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ჩანგალი, კოვზი და იძულებული იყვნენ, წვნიანი ცხოველებივით ეჭამათ. ციხის თანამშრომლები კი ამაზე ხალისობდნენ. ციხის ადმინისტრაციისთვის რომ გეკითხათ, იმიტომ არ ჰქონდათ, რომ პატიმრები ამ ნივთებს ცივ იარაღად იყენებდნენ და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა საკუთარ თავს ან სხვას ზიანი მიაყენეს. ასეთი არგუმენტი ჰქონდათ კალმახელიძის ნაქებ და ნადიდებ, ევროსტანდარტების მქონე ციხეებში. ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე, მსჯავრდებულს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ სასჯელი ადამიანურ გარემოში მოიხადოს. ხოლო როცა საუბარია ისეთ პატიმარზე, რომელიც შეიძლება რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს ვინმესთვის, ის უნდა მოთავსდეს ცალკე და მასზე განსაკუთრებული მეთვალყურეობა უნდა დაწესდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან დღემდე არათუ ეს ვერ ხერხდება, არამედ პატიმრებს ისეთ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა, რომ ზოგიერთი ამას ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს და ხშირია შემთხვევა, როცა მსჯავრდებულმა თავის მოკვლა სცადა, გარკვეული ზიანი მიაყენა საკუთარ თავს. არაფერს ვამბობ იმ დაავადებებზე, რომლებიც სწორედ ამ გაუსაძლისი და არაადამიანური პირობების გამო მთელ საპყრობილეებს მოედო...

- გავრცელებული კადრების შემდეგ ხათუნა კალმახელიძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა არავის სჯერა, რომ ეს რამეს შეცვლის...

- ხათუნა კალმახელიძე, რომელიც განტევების ვაცად აქციეს, უბრალოდ შემსრულებელი იყო და მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. გადაწყვეტილებებს ბაჩო ახალაია იღებდა, რომელსაც ჩანაფიქრის განხორციელებაში მისი რამდენიმე "მარჯვენა ხელი", მათ შორის ხობის რაიონში "კუდ"-ის ხელმძღვანელი გვარად ჭაკუა ეხმარებოდა. სწორედ ამ ჭაკუამ ახლახან ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ქალბატონი მაკა "კუდ"-ის ეზოშივე აწამა და ცემისგან გონდაკარგული რამდენიმე დღე იქ ჰყავდათ, რადგან ამ ქალმა მათ მიერ განხორციელებული ძალადობა ხმამაღლა გააპროტესტა. ამის ამსახველი ვიდეო არსებობს, რომელიც იქვე დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა. როცა ამ კადრების გადაცემა მოვითხოვე, მითხრეს, რომ მისი გადაწერა ტექნიკურად რთული პროცესია და 3-4 თვე სჭირდება...

ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ, შუაღამეს გლდანის ციხის მსჯავრდებულთა მშობლები დამიკავშირდნენ, იქ პატიმრებს აწამებენო. მაშინვე ჩავიცვი და წავედი. იქ ასობით პატიმრის მშობელი იდგა... მეორე დღეს გიორგი ტუღუში გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ თურმე მე პანიკა ამიტეხია და ამის საფუძველი არ არსებობდა. ანუ, ისევ ჩვენ შემოგვიტია. მაინცდამაინც ასეთი ამბავი იყო საჭირო, რომ საზოგადოება გამოფხიზლებულიყო? ძალიან ბევრი არასრულწლოვანი პატიმრის მშობელი მიკავშირდება და მათი შვილების მიმართ განხორციელებულ საშინელ ძალადობაზე მიყვება, მაგრამ დახმარება არ უნდათ. ეშინიათ, უარესი არ უქნან, მაგრამ იმაზე უარესი რაღა უნდა იყოს?!.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"