ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც პატიმრების წამებისთვის დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ბოლო დღეებში დაკავებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

საპროტესტო აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ესწრებიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, პირველ ოქტომბერს საზოგადოებამ არჩევნებზე უარი უნდა უთხრას ფაშიზმს.

"პირველ ოქტომბერს უნდა ვუთხრათ არა ფაშიზმს. მათ სადიზმს საზღვარი აღარ აქვს. ქვეყანაში განვითარებულ ნეგატიურ მოვლენათა შორის ერთი პაწია ბედნიერებაც გამოჩნდა საზოგადოების ერთსულოვნების სახით და პირველ ოქტომბერს ერთად უნდა დავასრულოთ ამ ნაცისტური რეჟიმის არსებობა", - აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.

საპროტესტო აქციაზე ვაკის სამების წინამძღვარი მამა გიორგი დორეული იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ რამე გადაურჩა განადგურებას, რომლის ორგანიზატორები "ვარდების რევოლუციის" მესვეურები არიან, ქართველმა საზოგადოებამ ეს უნდა გადაარჩინოს. "თუკი საჭირო გახდება, სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ და გადავარჩინოთ ამ ხელისუფლებისგან გადარჩენილი. მე, როგორც სასულიერო პირი ვაცხადებ, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ არსებულ ხელისუფლებას", - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა.

საპროტესტო აქციას კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც ესწრება. მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხალხის აზრის უგულვებელყოფამ. "საბჭოთა კავშირი დაინგრა ხალხის აზრის უგულვებელყოფის და ტოტალური წყობის და დიქტატურის გამო. აღნიშნული თვისებები, რომელიც ამ ხელისუფლებამ საზოგადოებას, შეიძლება ითქვას, გროტესკულადაც წარმოუდგინა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მალე დაასრულებს არსებობას ეს ხელისუფლება", - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

ამ დროისთვის საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდები გამოდიან სიტყვით. მათ უკავიათ ტრანსფარანტები, წარწერით - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "დასასჯელი უნდა დაისაჯოს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა