"როცა რიგითი პოლიციელი კანონს არღვევს, ამას მთელი ქვეყანა იგებს, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ის ისეთივე ნაძირალაა, როგორიც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან - მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!"
მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 2003წ.
სასჯელაღსრულების სისტემაში, კერძოდ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შეზანზარდა.
მხოლოდ გადადგომა, შეშფოთება და ნიანგის ცრემლებია იმ დანაშაულის საპირწონე, რაც ვიხილეთ? მხოლოდ ათი ბადრაგის პასუხისმგებლობის საკითხია ის სისაძაგლე, რაც წლებია, პენიტენციარულ სისტემაში ხდება?
ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულმა პირებმა თავი შორს დაიჭირეს და განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა იმ ქვეყანაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობენ! ბედის ირონიით სწორედ ხელისუფლება შეეცადა ამ უბედურების უპირველეს ჭირისუფლად წარმოედგინა თავი. შეშფოთება ბაჩო და როლანდ ახალაიებმაც კი გამოთქვეს, ქვეყნის პრეზიდენტმა კი მისი მმართველობის პერიოდში ციხეში დამყარებულ ენით აუწერელ სისასტიკეს წარსულის გადმონაშთი უწოდა!
ქვეყნის პირველმა პირმა ახლა აღმოაჩინა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას თურმე სრული კრახი განუცდია. არადა, სულ რამდენიმე თვის წინ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნის კადრები რომ ვნახე და სააკაშვილის ორი დღის წინანდელ განცხადებებსაც მოვუსმინე, ვიფიქრე, რომ ჩვენს პრეზიდენტს ორეული ჰყავს, - ორეული, რომელიც ბაჩო ახალაიას მიერ ციხეებში დამყარებულ "წესრიგზე" უდიდესი სიამაყით ლაპარაკობს!
სხვისი არ ვიცი და მე კითხვა მაქვს პრეზიდენტთან, - პრესას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს რომ დავანებოთ თავი, საინტერესოა, რატომ არც ერთხელ არ დაინტერესდა პრეზიდენტი სახალხო დამცველის ანგარიშებით, რომლებიც ციხეში არსებულ მდგომარეობაზე შემაძრწუნებელ დასკვნებს აქვეყნებდა. საინტერესოა, რატომ არც ერთხელ არ დაინტერესდა პრეზიდენტი, რა ეწერა იმ დასკვნებში, რომლებსაც ჩვენი პარლამენტი "ცნობად იღებდა". თუ სახალხო დამცველის ანგარიშებით დაინტერესება პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმე არ არის, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუტი? თუ სახალხო დამცველის აპარატი მხოლოდ ისეთ ცნობებს გასცემს, რომელსაც არავითარი ძალა არა აქვს, ვისთვის არის ის სარგებლობის მომტანი?
თქვე მამაცხონებულებო, თუ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, თუ ისე დაყრუვდით და დაბრმავდით, რომ აღარც სიგნალი გესმით, აღარც პრესის ხავილი და აღარც ხალხის გმინვა, რა ხელისუფალნი ხართ?