სამართალდამცველები დაინტერესდნენ, თუ რა იცის გოგა ხაინდრავამ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელსაც საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდები ამზადებდნენ არჩევნებში ოპოზიციის ვერ გამარჯვების შემთხვევაში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ხაინდრავას დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ხაინდრავამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. "პროკურატურის და გამოძიების მხრიდან დასმული იყო შეკითხვა, იცოდა თუ არა რამე ხაინდრავამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით. ისინი ეყრდნობოდნენ ჟანდარმერიის ინფორმაციას, რომ იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი. ხაინდრავამ უთხრა, რომ ის არანაირ შეხვედრას არ დასწრებია, ის თავის მეგობართან იყო და ვინ რაზე შეხვდა და ვინ რაზე ილაპარაკა, მან არც იცის და არც აინტერესებს. გოგა ხაინდრავას არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან და პროკურატურის მხრიდან ამაზე ლაპარაკი ცარიელი სიტყვებია", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 223-ე პრიმა მუხლით და ფულის გათეთრების კუთხით საქმე აღძრულია იმ ე.წ. კანონიერ ქურდებზე, რომლებზეც დღის განმავლობაში იყო საუბარი. "ჩვენ როცა ვკითხეთ, რა მუხლებით არის აღძრული საქმე, ახსენეს ქურდული სამყაროს წევრობა და ფულის გათეთრების საკითხი. ჩამოთვალეს მხოლოდ 7 თუ 8 ქურდის გვარი, რომლებიც კადრებში ფიგურირებენ", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
გოგა ხაინდრავა სამართალდმცველებმა დაკითხეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.
ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.
"რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას", - განაცხადა ზოდელავამ.