დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს "კანონიერი ქურდი" დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა. მისი მიზანი იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. შსს-ის მიერ გავრცელებული აუდიო-ჩანაწერის თანახმად, შუშანაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 3 ოქტომბერს გეგმავდა.
არჩევნებთან დაკავშირებით "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის სახელი ორი წლის წინაც ამოტივტივდა, თუმცა მაშინ საქმე უკრაინის არჩევნებს ეხებოდა. შუშანაშვილს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ახსენებდა.
2010 წელს უკრაინულმა მედიამ გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარი გაავრცელა. ქართველი დეპუტატი ვინმე კონსტანტინეს ელაპარაკება და "გიასა" და "ლაშას" ახსენებს. როგორც მაშინ ინფორმირებულმა წყარომ "ამბები.გე"-ს აცნობა, "გია" და "ლაშა" შესაძლოა, ე.წ. კანონიერი ქურდები გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი იყვნენ, რომელიც იმ მომენტისათვის უკრაინაში ცხოვრობდნენ.
"კონსტანტინე" გივი თარგამაძესთან სატელეფონო საუბარში კითხულობდა, იყო თუ არა გია დონეცკში ქართველი დამკვირვებლების გარშემო შექმნილ პრობლემაში გარეული. თუმცა, პასუხად თარგამაძე მოსაუბრეს სთხოვს, ლაშას გადასცეს, რომ თუ ქართველ დამკვირვებლებს არ დაარეგისტრირებენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ისინი მტრები გახდებიან". "კონსტანტინე" საუბარში, ასევე, აღნიშნავს, რომ ლაშაზე ძებნაა გამოცხადებული, რაზეც თარგამაძე პასუხობს, რომ "ძებნა თავადაც გამოაცხადა".