მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"

მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"

იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირალა და სადისტი დანაშაულს სჩადიოდა, თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორის ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ში გამოსვლისას ისე არ ნერვიულობს, როგორც გორის ისტორიულ მოედანზე საუბრისას.

პრეზიდენტმა გორში განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრით გაოგნებული და აღტაცებულია.

მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველოს მოსახლეობა გორის დასათვალიერებლად მიიწვია, რადგან, მისი თქმით, ცოტა ხანში განახლებულ ქალაქს ვეღარავინ იცნობს.

"ეს არის მოედანი, სადაც ხალხი დაგვიხოცეს, რომელიც მსოფლიომ განადგურებით სისხლით და საზიზღრობით გაიცნო და სადაც მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წერტილის დასმას ცდილობდა. საქართველო გამოცოცხლდა, წამოდგა ფეხზე და გააგრძელებს წინსვლას უკეთესი მომავლისკენ. 1-ლი ოქტომბერი თავისი მნიშვნელობით არის ისეთივე გადამწყვეტი, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტო, რადგან რაც მტერმა ვერ მოახერხა პროვოკაციებით, ფრონტით, ემბარგოთი და მოსყიდვით, ცდილობს გააკეთოს არჩევნების გარშემო ჩატარებული მანევრებით, სამხედრო კონცენტრაციით, მილიონობით შემოყრილი რუსული ფულით და ჩვენი პასუხი იქნება ისეთივე, როგორიც იყო 2008 წელს. საქართველოს თავისუფლება და მომავალი არაფერზე იცვლება და ქართველი ხალხი მას დაიცავს. ძალიან კონკრეტული არჩევანის წინაშე ვართ. ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს ცდილობენ გვითხრან, რომ ეს არაფერს ნიშნავს და რამდენიმე ადამიანის უღირსმა დანაშაულმა, რომელზეც პასუხისმგებლობას არ ვიხსნით და რომელიც ყველა სისტემაში შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება ყველაფერი გადაფაროს. რამდენიმე ადამიანის მალულად ჩადენილმა საზიზღრობამ და სისასტიკემ, რომელიც გამოგვეპარა, არ შეიძლება უცებ ხაზი გადაუსვას ყველაფერ იმას, რასაც ყოველდღე თავგადადებული და ხელებაკაპიწებული რუდუნებით ვაკეთებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, ამ ფაქტმა ქვეყნის აღმშენებლობა შეაჩეროს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, აწუხებს ყველა ადამიანის გაჭირვება და იცის, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ყველა დაპირება შესრულდება.

პრეზიდენტი შიდა ქართლის მოსახლეობას გადამზადების ცენტრების გახსნას დაჰპირდა, რათა, მისი თქმით, უმუშევრობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.

"მაშინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდოდათ რამდენიმე დღით ადრე დაგვევიწყებინა აღმშენებლობა და ის, რომ გორის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ქცევას ვაპირებთ. ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან და სწორედ ამ დროს გვეუბნებიან, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ იმის გამო, რასაც რამდენიმე ნაძირალა და სადისტი სჩადიოდა. თურმე ამიტომ საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი "ქურდების სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ უნდა გადაწყდეს. მინდა გკითხოთ, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ და თუ არის, მაშინ ნურავის მისცემთ საშუალებას, საქართველო დააბრუნოს უკან", - განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მიმართა, არ დაუშვან, რომ მტერმა 1-ელ ოქტომბერს გააკეთოს ის, რაც 2008 წელს ვერ შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა