"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!

"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!

სტრატეგიის ანა-ბანაა - როდესაც შეტევაზე გადადიხარ, ყველაფერი კარგად უნდა გათვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ კონტრშეტევას მიიღებ, რომ შესაძლოა, განადგურდე. მთავარი კი ის არის, რომ შეტევის დრო უნდა შეარჩიო.

ფაქტია, მმართველმა გუნდმა შეტევა საზოგადოების ყველა ფენაში არსებული აღშფოთების ფონზე, უდროო დროს დაიწყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, - არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ შეტევამ კი ის მოიტანა, რომ ქვეყნის შიგნით, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლება არასერიოზულ როლში წარმოჩინდა, პარალელურად კი საგარეო სკანდალიც მივიღეთ.

"ოპერაციის" შინაარსი მარტივია - როდესაც 18 სექტემბრის ანუ საზარელი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ უკვე ალბათ, აზრი დაკარგა 1000-ლარიან ვაუჩერებზე, ლაზიკებზე და სოფლის მეურნეობის გრანდიოზულ გეგმებზე საუბარმა, უნდა გახსნა კიდობანი და იქიდან "ამოიყვანო" "მხედრიონი" და ე.წ. კანონიერი ქურდები. ამ ძველი მეთოდით (შევარდნაძის სკოლა) უნდა "დაზაფრო" მოსახლეობა, რათა შენს შეცდომებზე და ზოგჯერ დანაშაულზეც თვალი დახუჭოს.

ამ შეტევის ფარგლებში პროკურატურამ ჯერ გამოაქვეყნა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიიდან მიღებული მასალები, რომლებიც საფრანგეთში გოგა ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერ ქურდ რეზო ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს. მასალას თან ერთვის (პროკურატურის ვერსიას თუ ვენდობით, რადგან ტექსტის ორიგინალის ჟურნალისტებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ) პასაჟი იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ ე.წ. კანონიერ ქურდებს: "მხედრიონის" მსგავსი დაჯგუფების შექმნა, ხელისუფლების დამხობაში ოპოზიციის დახმარების აღმოჩენა და ოპოზიციისთვის იარაღი მიწოდება. მასალაში მითითებულია - სანაცვლოდ, ე.წ. კანონიერ ქურდებს "ახალი რეჟიმისგან" ძველი ზეგავლენის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათო.

მასალა თავისთავად სკანდალურია და იმედია, მივიღებთ პასუხს, თუ რა წერია ორიგინალ ტექსტში და ეპიზოდი ე.წ. კანონიერ ქურდებზე რა არის - საფრანგეთის ჟანდარმერიის დასკვნა, მოსაზრება თუ ანოტაცია. ძნელი სათქმელია, რა მოუტანა "ნაციონალების" რეიტინგს მისმა გამოქვეყნებამ, თუმცა ქვეყნის პრესტიჟმა სერიოზული დარტყმა მიიღო. ჯერ საფრანგეთის საგარეო უწყებამ, შემდეგ კი ამ ქვეყნის ელჩმა განაცხადეს, რომ საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს და ოფიციალურ თბილისს ყური აუწიეს.

ჟანდარმერიის მასალის გამოქვეყნებას შსს-სგან მოჰყვა აუდიოჩანაწერების გავრცელება, რომლებშიც ე.წ. კანონიერი ქურდები და კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ეს მასალები რამდენიმე საათში უკვე დღის კურიოზად იქცა.

მაგალითად, მასალაში კრიმინალურ ავტორიტეტად მონათლული ლევან რევიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი აღმოჩნდა. ქუთაისელების ცნობით, მარგიანი, რომლის რუსეთის ციხიდან გამოშვებასაც, შსს-ს მასალის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე მოსკოვში მყოფ ვალერი ხაბურძანიას სთხოვს, საპყრობილეში 20 წლის წინ იჯდა, ე.წ. ქურდი არ არის და ქუთაისში მშვიდად ცხოვრობს. ასევე, სოციალურ მედიას თუ დავუჯერებთ, ე.წ. კანონიერი ქურდი ნემსიწვერიძე, რომელთან კავშირშიც კალაძე არის დასახელებული, 2 წლის წინ გარდაიცვალა. ეს ყველაფერი კი დააგვირგვინა შსს-ს განცხადებამ, რომ მასალების გავრცელებისას "ტექნიკური" შეცდომა დაუშვეს და აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტ ხიზანიშვილს გიორგი უგულავა კი არა, ვინემ გივი ბლიაძე ესაუბრება.

მოკლედ, ამ შეტევამ ისეთი შედეგი მოიტანა, რომ მმართველი გუნდითვის უმჯობესი იყო, ამ ორი დღის განმავლობაში ისევ ტოტო კუტუნიო ჩამოეყვანათ. საინტერესოა, რა მოხდა - ამ "ოპერაციების" ტრადიციული დამგეგმავი ვანო მერაბიშვილი "საქმეს" ჩამოაშორეს თუ ძალიან არის დაკავებული კარტოფილისა და ყურძნის მოსავალზე ფიქრით და ბოლომდე ყველაფერი ვერ გათვალა?! ისე, საფრანგეთის ელჩი ჟანდარმერიის მასალების გასაჯაროვების შედეგ ახსნა-განმარტებების მისაღებად სწორედ მერაბიშვილს შეხვდა და არა მთავარ პროკურორს ან შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.

მართლაც, საინტერესოა რაშია საქმე. ამ ორი დღის ქრონოლოგიის შემხედვარე, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცამ სპეციალურად დაგეგმა ასე "ოპერაცია", რათა კრახით დამთავრებულიყო და მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძირი გამოეთხარა. ვინ არის ეს "ვიღაცა"? ალბათ, ის ვინც, საკმაოდ რეალური ვერსიის მიხედვით, ხელისუფლებიდან პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გაჟონვას შეუწყო ხელი.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა