უკვე მერამდენე დღეა, ქართველი საზოგადოება შფოთავს, მსჯელობს, კამათობს და საპატიმროებში ჩადენილი დანაშაულების მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რადგან დარწმუნებულია, რომ მათი წრე გაცილებით დიდია და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მათ შორის სამედიცინო მუშაკებიც - ე.ი. ჰიპოკრატეს წმინდა ფიცის გამტეხებიც იყვნენ... ჩვენი რესპონდენტები ექიმების მხრიდან იმ გულგრილობასა და დარღვევებზე ჰყვებიან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგიც მოჰყვებოდა.
"როდესაც პატიმარს ექიმი სჭირდებოდა, მასთან "აბსლუგაში" მყოფ, პატიმარ ექიმებს უშვებდნენ. სამედიცინო ნაწილის თანამშრომლები არც შემდეგ ინტერესდებოდნენ იმით, რა სჭირდა პაციენტს. ერთხელ ისეთი ნაცემი პატიმარი მოიყვანეს, სისხლს არწყევდა. ექიმებმა თქვეს, - ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, "რეზბალნიცაში" გადაიყვანეთო. ამასობაში გარდაიცვალა და იქ მკვდარი წაასვენეს. სამედიცინო დასკვნაში, გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა ჩაწერეს..." - იხსენებს ჩვენთან საუბრისას ციხის ყოფილი თანამშრომელი.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ციხის საავადმყოფოს ექიმები დანაშაულს საგულდაგულოდ მალავდნენ, რაც სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც არის ასახული.
ნათია იმნაძე:
- ათეულობით ფაქტი ვიცით, როცა ექიმმა თავისი მოვალეობა არ შეასრულა... იყო პერიოდი, როცა პატიმრის კარცერში ჩასმის დადგენილებაზე ხელსაც კი აწერდნენ იმის დასტურად, რომ მისი დასჯა შეიძლებოდა... ციხის საავადმყოფოს მთავარ ექიმს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ის მთლიანად ციხის ადმინისტრაციას ემორჩილებოდა. ავადმყოფი პატიმრის გადაყვანა, სასჯელის გადავადების საკითხი ექიმის გარეშე წყდებოდა. 2010 წელს ამის შესახებ დეტალური ანგარიში გამოვაქვეყნეთ, მომდევნო წლებში კი ასე აღარ მოვქცეულვართ, ვინაიდან იმ ანგარიშის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი ვითარება იყო ქალთა კოლონიაში. ქალები ქალაქის საავადმყოფოში ზოგჯერ მაინც გადაჰყავდათ. შარშან #18 სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფი მივავლინეთ. მას ერთ-ერთმა პატიმარმა უამბო, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში ყოფნისას სისტემატურად სცემდნენ. მეორე დღესვე მასთან სპეციალური პრევენციული ჯგუფის სამედიცინო ექსპერტი გავგზავნეთ, რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა, მაგრამ მასთან შეხვედრისას პატიმარმა განაცხადა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვდა, თუ რა ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს წინადღეს, სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას, და გვთხოვა, მის ახსნა-განმარტებას რეაგირება არ მოჰყოლოდა; თან კატეგორიულად გვითხრა, რომ სახალხო დამცველის დახმარება არ სჭირდებოდა. არაერთი მსგავსი შემთხვევა ყოფილა ქსნის #15 დაწესებულებაშიც.
- გასინჯვისას პატიმარს ექიმთან განმარტოებით თუ ტოვებენ ხოლმე?
- არა, ექიმთან კონსულტაციას აუცილებლად ესწრება ციხის თანამშრომელი, ოფიცერი ან ინსპექტორი. ანუ ნაცემი პატიმარი ექიმთან ამბობს, რომ დაზიანებები თვითონ მიიყენა და ისიც თავს უქნევს. რაც შეეხება პატიმრის სხეულზე არსებულ დაზიანებების აღრიცხვას, ექიმი ამას ყოველთვის არაპროფესიონალურად, მოკლედ და გაუგებრად აკეთებს და არც ერთ სამედიცინო აღრიცხვაში არ არის მოცემული, რომ პატიმარს დაზიანებები წამების შედეგად აღენიშნება... როცა შეამჩნიეს, რომ ჩვენი აპარატი ამით დაინტერესებული იყო, მონაცემები საერთოდ "გაანულეს" და აცხადებდნენ, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდა.
- თუ გაქვთ მონაცემები განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების შესახებ? კანონით, ისინი ხომ პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდნენ?!
- ბოლო წლებში, ამ კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა. როცა მიხვდნენ, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მხრივ, მათი იზოლირება დაიწყეს. რაც შეეხება მკურნალობას: ნაწილი დღემდე, დახურულ დაწესებულებებში მკურნალობს. მაგალითად, ტუბერკულოზით დაავადებულთა პროგრამები ფუნქციონირებს გლდანის #8 და რუსთავის #6 დაწესებულებებში, ოღონდ მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტების მიღებით შემოიფარგლება. როცა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში მათი გადაყვანა მოვითხოვეთ, გვითხრეს, რეჟიმს ვერ დავარღვევთო. ახლა მათთვის ახალი დაწესებულების გახსნას აპირებენ... უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან ონკოლოგიური და ღვიძლის დაავადებების მქონე პატიმრებიც. ისინი გათავისუფლებას ექვემდებარებიან, მაგრამ სანამ სიკვდილის პირამდე არ მივლენ, საპატიმროებში რჩებიან. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი გაუთავისუფლებიათ და სახლში მიყვანიდან მეორე დღესვე გარდაცვლილა.
- დაახლოებით რამდენი განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმარი იხდის სასჯელს ქართულ ციხეებში?
- სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ციხის ადმინისტრაციები ასეთი პატიმრების აღრიცხვას არ აწარმოებენ. ჩვენ ათეულობით პატიმარი მოგვმართავს ამ პრობლემით, მაგრამ ეს სრულ სურათს ვერ შექმნის. ამის შესახებ არაერთხელ გავეცით რეკომენდაცია და მხოლოდ ახლა შეგვპირდნენ, რომ მათი აღრიცხვა დაიწყება.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)