ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"

ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან.

- ბატონო ზურაბ, დღეს საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, აქტუალურია კითხვა: ჩატარდება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და იქნება თუ არა მისი შედეგი ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გამომხატველი?

- ვფიქრობ, რომ, როგორც საქართველოს საარჩევნო კოდექსით, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის რეგულაციებით, საჭირო წინაპირობები შექმნილია. ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს ადმინისტრაციის სამუშაო პროცესში მონაწილეობის და სხვადასხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობა.

- ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზეც, შესაძლოა, მიმართონ გაყალბების ისეთ მეთოდს, როგორიც ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება და შესაბამისად, "კარუსელებია".

- ჯერ განვმარტოთ, რას ვუწოდებთ გაყალბებას. რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი - ბიულეტენების ჩაყრა; მეორე - შემაჯამებელი ოქმების არასწორი შედგენა; მესამე - შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება. განვიხილოთ სათითაოდ:

ბიულეტენების ჩაყრა - ამ შემთხვევის პრევენციად შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რეგისტრირებული დამკვირვებლები, მედია. ჩვენი ვარაუდით, თითო საარჩევნო უბანზე საშუალოდ 20 წყვილი დამატებითი თვალი იქნება, რაც დამეთანხმებით, ნამდვილად არის კონტროლის საშუალება. რაც შეეხება ყალბ პირადობის მოწმობებს, გავითვალისწინოთ, რომ პირადობის მოწმობა არ არის მხოლოდ არჩევნების დღისთვის განკუთვნილი დოკუმენტი. იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება და ყალბი მოწმობების დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში აუცილებლად იჩენდა სადმე თავს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია ასეულობით ათასი ყალბი პირადობის მოწმობის დაბეჭდვა, მათი დარიგება ათეულობით ათასი ადამიანისთვის და შემდეგ ამ ადამიანების ისე მართვა, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერი შეეშალოთ და სადმე შემთხვევით ყალბი პირადობის მოწმობა არ გამოიყენონ.

შემაჯამებელი ოქმების არასწორი შედგენა - ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესს ზემოთ ნახსენები 20-მდე წყვილი დამატებითი თვალი ესწრება და არასწორი ოქმის შედგენა მხოლოდ მათი საყოველთაო თანხმობით არის შესაძლებელი. რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ შემაჯამებელი ოქმის დედანზე ხელი უნდა მოაწეროს კომისიის 13-ვე წევრმა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ოქმის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერილ და ბეჭდით დამოწმებულ ასლს მიიღებენ.

შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება - საარჩევნო უბნიდან ცესკო-ში მოსული ოქმის ასლი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე. ოქმების მიღება და ატვირთვა ცესკოში მოხდება. ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელს საშუალება ექნება, დაესწროს ამ პროცესს და საკუთარი თვალით დარწმუნდეს. ასევე ყველა საარჩევნო სუბიექტს შეუძლია შეადაროს შემაჯამებელი ოქმის მის ხელთ არსებული ასლი გამოქვეყნებულს. ვფიქრობ ეს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმია.

- კვლავ აქტუალურია სპეცუბნების პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია 70 ასეთი უბანი. საინტერესოა, ექნებათ თუ არა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ სამხედრო პირებს, რომლებიც ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ? ოპოზიციური პარტიები ხელოვნურად შექმნილ სპეცუბნებზეც საუბრობენ... წინა არჩევნებისას, იყო შემთხვევები, როცა სპეცუბნებზე ბიულეტენის შეფერილობა უფრო ღია ფერისა იყო. ამჯერად თუ იქნება იქ განსხვავებული საარჩევნო ბიულეტენები?

- თქვენ, ალბათ, საარჩევნო ოლქი გაქვთ მხედველობაში. კანონმდებლობით, ისინი ხმას აძლევენ, ოღონდ ახალწვეულებზე თავდაცვის სამინისტროს უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია, რომ არ წარადგინოს სპეცსიებში. ერთიდაიმავე სახის ბიულეტენის ფერი ყველა ერთნაირია და ამგვარი რამ პირველად მესმის.

- რა შემთხვევაში ჩაითვლება საარჩევნო ყუთში ჩაგდებული ბიულეტენი ბათილად? ხმის მიცემისას, ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტიის საარჩევნო ნომერი უნდა შემოხაზოს თუ ყველა გადახაზოს და ერთი დატოვოს?

- საარჩევნო კოდექის 69.3. მუხლის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

დადგენილი წესის თანახმად, ნომერი უნდა იქნას შემოხაზული, თუმცა თუ ადგილი აქვს სხვა შემთხვევას ისე, რომ მკაფიოდ ჩანს ამომრჩევლის ნება, ასეთი ბიულეტენი ბათილად არ ჩაითვლება, ოღონდ ეს საკითხი საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს.

რაც შეეხება დღეს ასე აქტუალურ ვიდეოგადაღების საკითხს, ფოტოვიდეოგადაღებები საარჩევნო უბნის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით დროის შეუზღუდავად ნებადართულია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა