იმ მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც გამოძიებას გააჩნია, გოგა ხაინდრავას ბრალდებულად ქცევა შეუძლებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ხაინდრავას დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა კობა კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაკითხვაზე ხაინდრავას მხოლოდ ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს, თუმცა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს და მოწმის დაკითხვა დასრულებულია.
"ხაინდრავას მიმართ გამოძიებას პროცედურულად გაგრძელება ვეღარ ექნება. დაკითხვისას კითხვები დასმული იყო ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგა ხაინდრავა კრიმინალურ ავტორიტეტებთან დესტაბილიზაციას გეგმავდა და ფულის გათეთრების მცდელობა ჰქონდა, თუმცა, არც ერთი ამ კუთხით კითხვა დასმული არ ყოფილა. მოწმის ჩვენების შედეგად თუკი გაჩნდებოდა დამატებითი მტკიცებულებები, შესაძლო იყო გოგა ხაინდრავა ბრალდებულად ეცნოთ, თუმცა, ჩვენებიდან გამომდინარე ვერანაირი მტკიცებულება გამოძიებამ ვერ მოიპოვა", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო იმ ამომრჩევლების მიმართ, ვისაც ჯერჯერობით გარკვეული არ აქვს სახელისუფლებო გუნდს მისცემს ხმას, თუ ოპოზიციას.
იხილეთ ვიდეო