ბესიკ სურმავას ცოლისძმა ეჭვობს, რომ გავრცელებულ მიმართვაში სურმავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

ბესიკ სურმავას ცოლისძმა ეჭვობს, რომ გავრცელებულ მიმართვაში სურმავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლე დარწმუნებულია, რომ ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება, თანაც შვილების ფაქტორის გამოყენებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად მაკა ლობჟანიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ მეუღლეს დღეს საღამოს ტელეფონით დაუკავშირდა.

მისივე თქმით, ბესო სურმავამ ბავშვები მოიკითხა და თქვა, რომ "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ ოჯახს სჭირდება". "დღეს საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ოჯახს სჭირდება. ბავშვები მოიკითხა. ვიდეოშიც ბავშვებს ახსენებს და ამბობს, რომ იქცევა ისე, რომ მისი შვილების წინაშე იყოს მართალი. ვფიქრობ, ბესოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება და თან ბავშვების ფაქტორის გამოყენებით", - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ.

ამასთან, ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლის შეფასებით, სურმავა სატელეფონო საუბარში არაადეკვატური იყო. "ჩემს შეკითხვებს არ პასუხობდა, მხოლოდ იმას მეკითხებოდა, ჩვენ როგორ ვიყავით. ვფიქრობ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო", - განმარტა სურმავას მეუღლემ. მაკა ლობჟანიძის თქმით, საუბრისას მის მეუღლეს კონკრეტული ადგილსამყოფელი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოშია.

სურმავას ცოლის ძმა, ლევან ლობჟანიძე ეჭვობს, რომ Youtube-ზე გავრცელებულ მიმართვაში სურმავა ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ლევან ლობჟანიძე ირწმუნება, რომ მისი სიძე ივანიშვილისთვის თავს გასწირავდა. "გვაქვს ინფორმაცია, რომ ბესო ხონში ჰყავდათ გადაყვანილი. მისი მიმართვაც ხონის პოლიციის განყოფილებიდან არის გავრცელებული. ვვარაუდობთ, რომ მას დილით ადრე დახვდნენ, ან შეიძლება დაურეკეს - ის პოლიციის ოფიციალური თანამშრომელია და დაიბარეს", - განუცხადა "ინტერპრესნსიუსს" ლევან ლობჟანიძემ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა აძლევს ოჯახს იმის თქმის საფუძველს, რომ მას მიმართვა იძულებით ჩააწერინეს?, - ლევან ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ "ბესო ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო და მისი გულისთვის თავს გასწირავდა".

"ფიზიკურად რომ შევხედე, კადრებში ჩანდა, რომ ის ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიებების ზემოქმედების ქვეშ იყო", - აღნიშნა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, ბესიკ სურმავა ბოლოს ორი დღის წინ ნახეს და ორი დღეა ოჯახში არ გამოჩენილა. "მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს", - დასძინა მან.

სოციალური ქსელით დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას მიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული. დღესვე სურმავამ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც, მისივე ინფორმაციით, ასახულია ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა