BBC - მიხეილ სააკაშვილს მთავარი გამოცდა სახელმწიფო მოღვაწის რანგში ალბათ, ჯერ წინ აქვს

BBC - მიხეილ სააკაშვილს მთავარი გამოცდა სახელმწიფო მოღვაწის რანგში ალბათ, ჯერ წინ აქვს

BBC-ი, რუბრიკაში - "პროფილი", საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერს. ტელეკომპანიის პრესტიჟულ რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატია იწყება სიტყვებით - "მიუხედავად სამხედრო დამცირებისა და ადამიანთა უფლებების დამცველთა მწვავე კრიტიკისა, მიხეილ სააკაშვილს საქართველო ხელში კვლავაც მყარად უჭირავს".

ვრცელი სტატია რამდენიმე ქვეთავისა და შესავალი ნაწილისგან შედგება. "ზოგიერთისთვის ის მარად დარჩება "ვარდების რევოლუციის" გმირად, რომელმაც საბჭოეთის დროინდელი კორუფცია აღმოფხვრა და კურსი დასავლეთისაკენ აიღო, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც სააკაშვილი ის ფიგურაა, ვისაც ბრალი მიუძღვის რუსეთთან ომის გაჩაღებაში", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის პირველი ნაწილი, ქვესათაურით - "ძალაუფლებისათვის აღზრდილი" - სააკაშვილის მოკლე ბიოგრაფიას ეხება - სკოლაში წასვლიდან პოლიტიკურ არენაზე პირველი ნაბიჯების ჩათვლითა და "ვარდების რევოლუციის" შედეგად ქვეყნის პრეზიდენტობამდე.

პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის ლინგვისტურ შესაძლებლობებზე და აღნიშნულია, რომ იგი დაქორწინებულია ადამიანთა უფლებების დაცვის სპეციალისტ ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე.

სტატიის შემდეგი ნაწილი, ქვესათაურით - "დამცირება", რუსეთთან კონფრონტაციას ეხება.

"ურთიერთობა საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის სწრაფად გამწვავდა, რადგან საქართველო დაჟინებით ითხოვდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. სამაგიეროდ დასავლეთში სააკაშვილმა საიმედო მოკავშირის რეპუტაცია შეიქმნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველმა სამხედროებმა ავღანეთსა და ერაყში ნატო-ს ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა. ...რუსეთთან დაძაბულმა ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოს ომი გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სრული დაპყრობა არ განხორციელდა, რუსებმა სააკაშვილი, როგორც ქვეყნის ლიდერი, დაამცირეს. ამასთან, ეჭვქვეშ დადგა როგორც ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანება", - ნათქვამია სტატიაში.

ქვესათაურის - "მძლავრი ხელი - ლიბერალი თუ ავტოკრატი?" ქვეშ გაერთიანებული ნაწილი კი, აქციების დაშლის ისტორიას მოიცავს.

"2007 წლის სახალხო პროტესტის დროს სააკაშვილის მთავრობამ მომიტინგეთა დასაშლელად პოლიცია გამოიყენა. სისხლისღვრით დამთავრდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა 2011 წელს, ხოლო 2012 წელს სახალხო პროტესტმა კიდევ უფრო მასობრივი მასშტაბები მიიღო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავრცელდა სკანდალური ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ სცემენ, აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს ქართულ ციხეებში. კრიტიკოსები სააკაშვილს ქვეყნის ეკონომიკის გაუმართაობასაც საყვედურობენ. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მან ვერ შეძლო აღმოეფხვრა სიღარიბე ქვეყანაში, ხოლო ქვეყნის საგარეო ვალი მისი მმართველობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა",- იმოწმებს კარნეგის ფონდის ანგარიშს სტატიის ავტორი.

"სააკაშვილის გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყანას იმ დროს ჩაუდგა სათავეში, როდესაც მას არშემდგარ სახელმწიფოდ აღიქვამდნენ. თუმცა მას მთავარი გამოცდა სახელმწიფო მოღვაწის რანგში ალბათ ჯერ კიდევ წინ აქვს - საუბარია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა სააკაშვილი, როდესაც ამ ქვეყნის უზენაესი პირის ხელისუფლების სხვისთვის გადაცემა მოუწევს", - აღნიშნულია სტატიაში.

BBC-ის რუბრიკა "პროფილში", როგორც წესი, იმ პიროვნებებზე წერენ, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზთა გამო, მოცემულ მომენტში მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ არიან. წინა რუბრიკა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს - ბარაქ ობამასა და მიტ რომნის დაეთმოთ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა